ავარია, საეჭვო გადაწყვეტილება, დაძაბულობა - ფორმულა 1-ის სეზონის დრამატული დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 12 დეკემბერს, ფორმულა 1-ის სეზონის ბოლო დაპირისპირება აბუ-დაბიში ჩატარდა. გამარჯვება 24 წლის მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა და ლუის ჰამილტონის 7-წლიანი დომინაცია შეაჩერა.

მოგეხსენებათ, ბოლო რბოლის წინ ორივე პილოტს თანაბარი, 369.5 ქულა ჰქონდა, გამარჯვებულის ბედს კი უკანასკნელი დაპირისპირება გადაწყვეტდა. მსგავსი სიტუაცია ფორმულა 1-ის ისტორიაში 1974 წელს ფიტიპალდისა და რეგაძონის შორის დაფიქსირდა, ეს იყო და ეს. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, გულშემატკივარმა კი ყველაფერი იხილა, რაც შეიძლებოდა რომ ენახა - მოულოდნელობები, ავარია, საეჭვო და საკამათო ეპიზოდები.

პოულ პოზიცია მაქს ფერსტაპენს
ჰქონდა, რაც მცირედ უპირატესობას ანიჭებდა, თუმცა ლუისი უკეთ დაიძრა და გალიდერდა. გაიარეს რამდენიმე მოსახვევი, ნიდერლანდელმა მოქმედ ჩემპიონს სწორ ტრასაზე შეუტია და პირველი კონტაქტი ვიხილეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ბრძოლა ისე არ ჩაივლიდა, რომ ლიდერები ერთმანეთს ბორბლებით არ შეხებოდნენ და ჰამილტონი ტრასიდან გადავარდა, თუმცა ბრიტანელი მოსახვევში გარე ტრაექტორიით შევიდა და FIA-მაც ეს ქმედება სამართლიანად მიიჩნია.

როგორც კი წინ გაიჭრა, ლუისი ტემპს მოუმატა და სხვაობა 10 წამზე მეტი გახადა. თითქოსდა მაქსი განწირული იყო, თუმცა ბრიტანელს პიტ-სტოპში შესვლის შემდეგ წინ "რედ ბულის" მეორე მრბოლელი სერხიო პერესი ჩაუდგა და აქ შანსი გაჩნდა, თუ "ჩეკო" ჰამილტონს შეანელებდა, ნიდერლანდელს ძვირფას წამებს მოაგებინებდა და ასეც მოხდა, სამხრეთამერიკელმა მრბოლელმა ბრიტანელს არაფერი დაუთმო, რამდენჯერმე გადაასწრეს ერთმანეთს, ამ დროს კი ფერსტაპენმა ისარგებლა და 10-წამიანი უპირატესობა დაქაჩა. ეს იყო მომენტი, რომელმაც შეხვედრაზე პირველი ზეგავლენა მოახდინა. სერხიო მაქსისთვის თავს "ლომივით იცავდა" და ცდილობდა თითოეულ შანსს მოსჭიდებოდა. რა თქმა უნდა, მისმა თანაგუნდელმა ეს მომენტი უყურადღებოდ არ გაატარა და რადიოში "ლეგენდა" უწოდა.

და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ფერსტაპენი ჰამილტონს ზურგს უკან ამოუდგა. მიდიოდა რბოლა, ბრძოლა ლიდერობისთვის. ტემპერატურა აბუ-დაბიში პიკს აღწევდა. ლიდერები ჩამორჩენილ ბოლიდებს დაეწივნენ, ბრიტანელმა გადაასწრო კიდეც და ისევ წინ გაიჭრა.თითქოსდა მაქსი აშკარად განწირული იყო, თუმცა 53-ე წრეზე ნიკოლას ლატიფი კედელს დაეჯახა და ყვითელი დროშები აფრიალდა, მრბოლელებს წინ უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგა. FIA-ს თქმით, ჩამორჩენილ ბოლიდებს გადასწრების უფლება არ ექნებოდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლა უკვე ჰამილტონი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, თანაც მის ხისტ საბურავს უკვე პრობლემა ექმნებოდა, გამოსაცვლელად კი პიტ-სტოპში ვერ შედიოდა, რადგან ამ ყველაფერს ნიდერლანდელი სათავისოდ გამოიყენებდა და გალიდერდებოდა... საპასუხოდ, მაქსს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ რბილი და ბევრად მოქნილი საბურავი დაეყენებინა და ასეც მოხდა.

უსაფრთხოების სამსახურმა ტრასა ბოლო, 58-ე წრეზე გაასუფთავა, ლიდერები ერთმანეთს გვერდში ამოუდგნენ, აქ კი უპირატესობა, რა თქმა უნდა, ფერსტაპენს ჰქონდა და 24 წლის მრბოლელმა შანსი გამოიყენა, მეტოქეს გადაასწრო და კარიერაში პირველად, ჩემპიონობა მოიპოვა.

ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. მაქს ფერსტაპენი - 394.5 ქულა ("რედ ბული")

  2. ლუის ჰამილტონი - 387.5 ქულა ("მერსედესი")

  3. ვალტერი ბოტასი - 230 ქულა ("მერსედესი")

  4. სერხიო პერესი - 190 ქულა ("რედ ბული")

  5. კარლოს საინცი - 164.5 ქულა (ფერარი")

კონსტრუქტორთა თასი

  1. მერსედესი - 613.5

  2. რედ ბული - 585.5

  3. ფერარი - 323.5

მარცხის შემდეგ გულგატეხილმა ლუისმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ მაქსსა და მის გუნდს გამარჯვებას, შემდეგ კი მინდა მადლობა ჩემს კოლექტივს გადავუხადო, მთელი წლის განმავლობაში ყველაზე რთული სეზონის მიმდინარეობისას ერთად ვიმუშავეთ, რაც ყველაზე მთავარია, არ დავნებდით. ვამაყობ მათით, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდთან ერთად ვმონაწილეობ.

ვიმედოვნებ, პანდემიას ყველანი მშვიდად გადავაგორებთ და ბედნიერ შობას გავატარებთ. შევხვდებით!" - განაცხადა ბრიტანელმა.


ვიდეო აღებულია ფორმულა 1-ის "ფეისბუქგვერდიდან"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მართლა მაგარი დაპირისპირება იყო, ხშირად წერეთ ამ სპორტზე.

კარგი მიმოხილვა იყო, მადლობა
მერაბი
12:34 13-12-2021
0
ძაან გიჟური რბილა გამოდგა აესთი უნდა ფინალი
nika
13:05 13-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული