ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!

AutoSharing Option
ფორმულა 1 ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სპორტია. პილოტები ტრეკზე გამოდიან, მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან, ერთმა პატარა შეცდომამაც კი შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. დღეს მინდა მოგიყვეთ ფრანგ პილოტზე, ჟიულ ბიანკიზე, რომელიც 2014 წელს, იაპონიის გრან-პრიზე, გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა... აქვე გეტყვით, რომ სტატიის მრავალფეროვნებისთვის ფორმულა 1-ის სხვადასხვა მრბოლელის ჟიულთან გამოსამშვიდობებელ სიტყვას შემოგთავაზებთ, თუ როგორ უყვარდათ და აფასებდნენ მას...

2014 წლის იაპონიის გრან-პრიზე ბიანკი გაჩერებულ ევაკუატორს დაეჯახა, კომაში ჩავარდა და 2015 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა... ფორმულა 1-ის სამყარომ ტრაგიკულად კიდევ ერთი პილოტი
დაკარგა...

ავტოსპორტითა და კონკრეტულად ამ სახეობით დაინტერესებული ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ფრანგი დიდი ტალანტი იყო და ფორმულა 1-ში არნახული წარმატების მისაღწევად ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, თანაც მაშინ, არცთუ ისე შორეული პერსპექტივიდან მკაფიოდ მოჩანდა, რომ ბიანკი იტალიურ "ფერარის" შეუერთდებოდა და საჩემპიონო ამბიციების დასაკმაყოფილებლად ყველანაირი შესაძლებლობა ექნებოდა... ვინ იცის, რომ არა საშინელი წვიმა და ავარია, იქნებ?..

Sportall.Ge

"ძალიან მენატრება, ის შესანიშნავი მრბოლელი და კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ორივე ფრანგები ვიყავით... ძალიან მენატრება... ის აქ იყო, ის ჩვენთან ერთად იყო... ის ერთ-ერთი ჩვენგანია..." - რომან გროჟანი (კარიერა 2020 წელს ბაჰრეინში საშინელი ავარიის შემდეგ დაასრულა, იხილეთ ავარია ლინკზე).

ისტორიის დასაწყისი

2009 წელს "ფერარის" გუნდმა ბიანკი ესპანეთში, "ხერესის" ტრასაზე გამოსცადა. იტალიელებს ფრანგი მოეწონათ, თუმცა ჯერ ძალიან ადრე იყო... რამდენიმე წლის შემდეგ ჟიული "ფორს ინდიას" შემადგენლობაში მოხვდა, სადაც საბოლოოდ სატესტო მრბოლელი იყო, 2013 წელს კი უკვე "მარუსიას" გუნდმა გამოაცხადა, რომ ბიანკი მათ ღირსებას ავტოდრომზე დაიცავდა.

რუსულ გუნდს დიდი შესაძლებლობები არ ჰქონია, არც განსაკუთრებული სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ. მიუხედავად ასეთი ბოლიდისა, ბიანკიმ საზოგადოებას თავისი შესაძლებლობები მაინც აჩვენა, რითაც საუკეთესო გუნდების ხელმძღვანელობა დააფიქრა, იქნებ და მიიღოს ახალგაზრდა ფრანგმა თავისი შანსი?..

Sportall.Ge

"ის შესანიშნავი და თავმდაბალი ადამიანი იყო. მან ამ სპორტში ყველაფერი ჩადო. ფორმულა 1-ში, სამწუხაროდ, ასეთი კვალი დატოვა, ძალიან პატარა კარიერა გამოუვიდა, თუმცა მთელი ცხოვრება გვემახსოვრება" - სერხიო პერესი ("რედ ბულის" მოქმედი პილოტი).

ყველამ იცოდა, რომ ბიანკი "ფერარიში" აუცილებლად გადავიდოდა, "წითლებთან" ერთად კი ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, თუმცა იაპონიაში მოხდა ის, რაც მოხდა... საშინელი წვიმა, ადრიან სუტილის ავტომობილი "სუზუკას" ტრეკიდან გადავარდა, მარშალები მანქანის გადატანას ევაკუატორით ცდილობდნენ, რა დროსაც ჟიულის ბოლიდი იმავე ადგილზე მოსრიალდა, პირდაპირ ევაკუატორს დაეჯახა. თავის არეში დაზიანებით ადგილობრივ კლინიკაში, რამდენიმე კვირაში კი ნიცაში გადაიყვანეს.

1994 წელს სენას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ პირველად, ჟიული ავტოდრომს ავარიის შემდეგ სამუდამოდ გამოემშვიდობა. ფორმულა 1-ის უმაღლესმა ორგანომ მისი პატივისცემის ნიშნად 17 ნომერი ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო.

Sportall.Ge

"როგორც თქმულა, დრო ყველაფრის მკურნალია, თუმცა არა ტკივილის... სევდა არასდროს გაქრება. ჟიული კონკურენტუნარიანი მეგობარი იყო, მთელ ფორმულა 1-ის სამყაროს ძალიან გვენატრება" - დანიელ რიკარდო ("მაკლარენის" მოქმედი მრბოლელი).

2018 წლის ავსტრალიის გრან-პრიზე ფორმულა 1-ში 20 წლის შარლ ლეკლერი გამოჩნდა, ბიანკის ნათლული... "მონეგასკს" ოცნება ჰქონდა, გადასულიყო "ფერარიში" და მოეპოვებინა ჩემპიონობა, რომელსაც ჟიულს მიუძღვნიდა... როგორი სევდიანია და რამდენად დიდი ტკივილი იმალება მუდამ მოღიმარი ბიჭუნას გულში... დღეს შარლი ავტოდრომზე "სკუდერია ფერარის" ღირსებას იცავს და ნიდერლანდელ მაქს ფერსტაპენთან ერთად ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია (მაქსს 208 ქულა აქვს, შარლს - 170).

ალბათ, შეგიმჩნევიათ, თითოეული გამარჯვების შემდეგ "მონეგასკი" პილოტი ზეცისკენ იყურება და გამარჯვებას საყვარელ ნათლიას უძღვნის, ადამიანს, რომელიც მისთვის ინსპირაციის წყარო იყო, რომელმაც მისცა ბიძგი, რომ ებრძოლა საკუთარი მიზნებისთვის და დიახ, ლეკლერი ჩემპიონი აუცილებლად გახდება, აუცილებლად შეასრულებს დასახულ მიზანს და ფორმულა 1-ის სამყაროს მორიგ ემოციურ მომენტს აჩუქებს...

Sportall.Ge

"ჟიული ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. მისი მადლობელი ვარ, რომ დღეს მე ფორმულა 1-ში "ფერარის" ღირსებას ვიცავ. დიდებული მრბოლელი და კარგი ადამიანი იყო, ძალიან მენატრება... ვფიქრობ, რომ სპორტის ამ სახეობაში მონაწილეებსა და გულშემატკივრებს ენატრებათ" - განაცხადა ლეკლერმა ("ფერარის" მოქმედი მრბოლელი).

ალბათ, საქართველოში ნაკლები ინტერესისდა გამო ბევრი ვერ ხვდება, რაზეა წამსვლელი მრბოლელი, როდესაც ბოლიდში ჯდება და ავტოდრომისკენ ნელი და აღმაფრთოვანებელი ტემპით მიემართება. ისინი იქ გამარჯვებისთვის გადიან და იციან, ერთმა პატარა შეცდომამ რა შეიძლება გამოიწვიოს... სპორტის ამ სახეობაში ჯენტლმენები გამოდიან. მიუხედავად მეტოქეობისა, ერთმანეთის გადასარჩენად ისე გადააყენებენ მანქანას, როგორც 1992 წელს ლეგენდარულმა აირტონ სენამ ერიკ კომასთვის... ზუსტად ისე მოიქეცევიან, როგორც გუან ჟოუს ავარიის შემდეგ ჯორჯ რასელმა მოიმოქმედა: ახალგაზრდა ბრიტანელი ამოხტა ბოლიდიდან და ჩინელისკენ გაიქცა, რათა გაეგო, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იქნებ სამედიცინო შტაბის მისვლამდე მას გადაუდებელი პირველად დახმარება დასჭირვებოდა...

ესაა ფორმულა 1. ერთი შეხედვით, თითქოსდა ჩანს, რომ მრბოლელები მაღალი სიჩქარით უბრალოდ წრეზე გადაადგილდებიან, თუმცა არა, აქაცაა ტკივილი, გამარჯვების ყიჟინა და მწუხარების ცრემლები.

Sportall.Ge

დასასრულ კი, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონის, ფერნანდო ალონსოს ბიანკის მიმართ მიძღვნილ სიტყვებს შემოგთავაზებთ (მარჯვენა ფოტოზე ესპანელი ჟიულის ძმას ეხუტება და უდიდეს ტრაგედიას უსამძიმრებს):

"ჩვენ ერთად 10 დღე გავატარეთ, ერთ ოთახში გვეძინა, დრო ერთად გაგვყავდა, მანქანებით ვთამაშობით, ვაკეთებდით რაღაცებს. ეს კვირა ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ის ყოველთვის ჩემს გულში იქნება".

"როგორც ყოველთვის, ჟიულმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დღეს მისი ბრძოლა დასრულდა" - ასე გამოემშვიდობა 25 წლის ფრანგს საკუთარი ოჯახი...
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კარგი და საინტერესო სტატიაა! წარმატებები შარლს
ნარიმანი
15:46 24-07-2022
1
საინტერესო სტატია იყო, ლეკლერს ამ სეზონში არ უმართლებს, მომავალ წლებში აუცილებლად გახდება ჩემპიონი!
მერაბი
11:30 25-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული