ფორმულა 1-ის მორიგი გრან-პრი ბრაზილიაში გაიმართა და "მერსედესის" დუბლით დასრულდა. გერმანული გუნდის შემადგენლობიდან პირველ ადგილზე ჯორჯ რასელი გავიდა, მეორეზე კი - ლუის ჰამილტონი.
მივყვეთ თანამიმდევრობით... პირველივე წრეზე რბოლას დანიელ რიკიარდი ("მაკლარენი") და კევინ მაგნუსენი ("ჰაასი") გამოეთიშნენ. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელმა კარიერაში პირველად პარასკევს კვალიფიკაცია მოიგო და სპრინტი პირველი ადგილიდან დაიწყო, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა...
მე-7 წრეზე უსაფრთხოების მანქანა გავიდა, მრბოლელებიც აჩქარდნენ და ამჯერად მაქს ფერსტაპენსა ("რედ ბული") და ლუის ჰამილტონს ("მერსედესი") შორის მოხდა კონტაქტი, რამდენიმე მოსახვევში ლანდო ნორისი ("მაკლარენი") შარლ ლეკლერის ("ფერარი") ბოლიდს საბურავით შეეხო და მონეგასკი ტრეკზე დატრიალდა, თუმცა რბოლის გაგრძელება მაინც მოახერხა.
შემდეგ წავიდა ტაქტიკური დაპირისპირებები. აშკარად ჩანდა, რომ წარმოდგენილი პილოტებიდან ყველაზე სწრაფი ლუისი იყო, ჩინებული ტემპითაც მოძრაობდა, თუმცა 52-ე წრეზე ნორისმა რბოლის გაგრძელება ვერ მოახერხა, მრბოლელებმა კი საბურავები დიდი დანაკარგის გარეშე შეიცვალეს... რბოლა განახლდა, გერმანული გუნდის ბოქსებიდან ადგილისთვის ბრძოლისკენ მოუწოდეს, რომელიც საბოლოოდ, ჯორჯ რასელის გამარჯვებით დასრულდა. მე-2 პოზიციაზე ჰამილტონი გავიდა, ათეული კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. ჯორჯ რასელი ("მერსედესი")
2. ლუის ჰამილტონი ("მერსედესი")
3. კარლოს საინსი ("ფერარი")
4. შარლ ლეკლერი ("ფერარი")
5. ფერნანდო ალონსო ("ალპინი")
6. მაქს ფერსტაპენი ("რედ ბული")
7. სერხიო პერესი ("რედ ბული")
8. ესტებან ოკონი ("ალპინი")
9. ვალტერი ბოტასი ("ალფა რომეო")
10. ლენს სტროლი ("ასტონ მარტინი")
დასასრულისთვის გეტყვით, რომ გუშინდელი რბოლის შემდეგ მაქს ფერსტაპენის მიმართ სოციალურ ქსელში არაერთი გამაკრიტიკებელი გამოხმაურება დაიწერა. მოგეხსენებათ, ნიდერლანდელი მსოფლიო ჩემპიონი უკვე გახდა, რაშიც თავისი წვლილი სერხიო პერესმაც შეიტანა. მექსიკელი მრბოლელი ახლა ვიცეჩემპიონობისთვის შარლ ლეკლერთან იბრძვის. "ინტერლაგოსზე" "ჩეკომ" ითხოვა, რომ მაქსს ადგილი დაეთმო, რადგან რეალურად მას არაფერს უცვლიდა, სამხრეთამერიკელი კი ქულათა ჩათვლაში დაწინაურდებოდა. ბოქსებიდანაც მოუწოდეს ფერსტაპენს, თუმცა ნიდერლანდელმა სხვანაირად გადაწყვიტა...
სერხიომ რბოლის დასრულების შემდეგ კომენტარიც გააკეთა:
"ვფიქრობ, მე უნდა მიმადლოდეს, რომ 2-გზის ჩემპიონია... მადლობა, ბიჭებო, მადლობა, კარგად გამოჩნდა, რეალურად რასაც წარმოადგენს".
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ფერსტაპენი 429 ქულით პირველ პოზიციაზეა. შემდეგ მოდიან ლეკლერი (290), პერესი (290), რასელი (265) ჰამილტონი (240), საინსი (234) და ნორისი (113).
სეზონის უკანასკნელი რბოლა აბუ-დაბიში 20 ნოემბერს გაიმართება.