წელს ჩვენ ვიხილეთ მამაკაცთა ჩოგბურთის კლასიკური დაპირისპირების აღორძინება: ორივე ჩოგბურთელი ტრავმებთან ბრძოლის შემდეგ, კოსმოსურ დონეზე დაბრუნდა და ისევ დაიწყო მოგება, განსაკუთრებით, საყვარელ ტურნირებზე. ნადალი კვლავ დაუმარცხებელი იყო როლან გაროსზე, როჯერი კი ასეთივე შეუდარებელი - უიმბლდონზე.
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ სეზონში "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე პირველობა ამ ორ ჩოგბურთელს დარჩეს, რადგან აშშ-ის ღიაზე არ
საინტერესოა, რომ ერთი წლის წინ, ფედერერმა ასევე გადაწყვიტა ამერიკული ჩემპიონატის გამოტოვება, რათა სრულად აღედგინა ძალები ახალი სეზონისთვის. ამ სვლამ გაამართლა და შედეგი სახეზეა. თუმცა, ამ მომენტისთვის როჯერი ისე კარგად ვერ გრძნობს თავს, როგორც წლის დასაწყისში: ზურგის ტრავმამ არ მისცა საშუალება, მაქსიმუმი ეჩვენებინა მონრეალის "მასტერსზე" და იქ ფინალში წააგო ალექსანდრ ზვერეთან, ამის შემდეგ კი გამოტოვა ცინცინატის "მასტერსი". შეძლებს თუ არა შვეიცარიელი ნიუ იორკში სრულფასოვნად გამოსვლას - დიდი კითხვის ნიშანია.
გრუნტის სეზონის შემდეგ, ნადალიც ვეღარ ბრწყინავს. უიმბლდონზე მან წააგო ჟილ მიულერთან, მონრეალისა და ცინცინატის "მასტერსებზე" კი დენის შაპოვალოვთან (1/8 ფინალი) და ნიკ კირგიოსთან (1/4 ფინალი) დამარცხდა. სამაგიეროდ, ერთი კვირის წინ, ისევ გახდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და ეს სერიოზული ფსიქოლოგიური ფაქტორია.
ტურნირის ვარსკვლავი, შესაძლოა, გახდეს 20 წლის ალექსანდრ ზვერევი, რომელსაც TOP10-ის მოთამაშეებზე გამარჯვებების სოლიდური კოლექცია დაუგროვდა, მაგრამ ვერაფრით ახერხებს "დიდი სლემის" ტურნირებზე თავის გამოჩენას. ყველა ელოდება, რომ გერმანელმა, რომელმაც მოიგო ვაშინგტონის ტურნირი და მონრეალის "მასტერსი", აშშ-ის ღიაზე მინიმუმ მეოთხედფინალამდე უნდა მიაღწიოს.
სიუპრიზს ელიან დომინიკ ტიმისგან და გრიგორ დიმიტროვისგან, რომელმაც ერთი კვირის წინ, ცინცინატის "მასტერსი" მოიგო. ამავე ტურნირზე ნახევარფინალში ითამაშა დავიდ ფერერმა. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ხუან მარტინ დელ პოტრო. ამერიკელებს თავიანთი ფავორიტები ჰყავთ - ჯეკ სოკი, სემ კუერი და ჯონ ისნერი, რომელმაც შესანიშნავად ჩაატარა ამერიკული სეზონი.
რვა პრეტენდენტი ლიდერობაზე
აშშ-ის ღიაზე ქალთა ტურნირის მთავარი ინტრიგაა - ბრძოლა რეიტინგის უმაღლესი საფეხურისთვის. მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსზე ერთბაშად რვა ჩოგბურთელი იბრძვის: კაროლინა პლიშკოვა, სიმონა ჰალეპი, გარბინ მუგურუსა, ელინა სვიტოლინა, კაროლინ ვოზნიაცკი, იოჰანა კონტა, სვეტლანა კუზნეცოვა და ვინუს უილიამსი. ყველაზე მეტი შანსი მოიგოს აშშ-ის ღია და ამით გახდეს მსოფლიოს პირველი ნომერი - პლიშკოვას, ჰალეპსა და მუგურუსას აქვთ.მუგურუსამ ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე ძალიან დამაჯერებელი და მძლავრი თამაში აჩვენა და საკმაოდ იოლ გამარჯვებას მიაღწია პლიშკოვასა და ჰალეპზე ნახევარფინალსა და ფინალში. ამიტომაც, ესპანელი აშშ-ის ღიას მთავარ ფავორიტად სახელდება. ამ აზრს ამყარებს ბუკმეიკერთა პოზიციაც, მიუხედავად იმისა, რომ მუგურუსა ჯერ არასოდეს გასულა აშშ-ის ღიას მეორე წრეზე შორს.
ჰალეპმა და პლიშკოვამ, მინიმუმ, ნახევარფინალამდე უნდა მიაღწიოს, თუმცა, ორივეს აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები, რადგან არც ერთს არასოდეს მოუგია "დიდი სლემის" ტურნირი. განსაკუთრებით ეს ეხება რუმინელს, რომელმაც ცინცინატის ტურნირის ფინალში მუგურუსას წინააღმდეგ, მეორე სეტში 0:4-ის შემდეგ, უბრალოდ, შეწყვიტა ბრძოლა.
სავარაუდოდ, ღირსეული შედეგი უნდა აჩვენონ ტურნირზე ელინა სვიტოლინამ და კაროლინ ვოზნიაცკიმ, რომლებიც ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ აშშ-ის ღიას წინ ჰარდის ტურნირებზე. უკრაინელმა მოიგო ტორონტოს ტურნირი და ამ სეზონში მეხუთე ტიტული დაისაკუთრა, ვოზნიაცკი კი წელს ექვსი ტურნირის ფინალში იყო, თუმცა, ექვსივე წააგო.
რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა ანჟელიკ კერბერი შარშანდელი ტიტულის დაცვას? ამის დიდი ეჭვი არსებობს, რადგან გერმანელი წელს ძალიან არასტაბილურად თამაშობს და ბევრ ტურნირზე ადრეულ ეტაპზე ეთიშებოდა ბრძოლას.
პირველი წრის მთავარი მატჩი გაიმართება ჰალეპსა და რუს მარია შარაპოვას შორის, რომელსაც ორგანიზატორებმა უაილდ-ქარდი მისცეს. შარაპოვა 15-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" ტურნირზე - მას სხვადასხვა მიზეზის გამო მოუწია როლან გაროსისა და უიმბლდონის გამოტოვება. ძალიან რთულია იმის თქმა, რა ფორმაშია რუსი ჩოგბურთელი, რადგან დაბრუნების შემდეგ, იშვიათად თამაშობდა.
ვიქტორია აზარენკა იძულებულია გამოტოვოს აშშ-ის ღია პირველობა ოჯახური პრობლემების გამო. საქმე ისაა, რომ ბელარუსსა და მის ყოფილ შეყვარებულს დავა აქვთ ერთობლივ შვილზე და ვიქტორიამ ჩოგბურთისთვის ვეღარ მოიცალა.
ამერიკელი გულშემატკივრები მაღალ შედეგებს ელოდებიან ვინუს უილიამსისგან, რომელმაც უიმბლდონზე ფინალამდე მიაღწია. აგრეთვე სლოუნ სტივენსისგან, ვინც ერთწლიანი პაუზის შემდეგ, წარმატებით ითამაშა ჰარდის ტურნირებზე და რეიტინგის მეცხრე ასეულიდან 84-ე ადგილამდე გადაინაცვლა.
აშშ-ის ღია
ტურნირი იმართება 1881 წლიდან. 1974 წლამდე მატჩები ბალახის საფარზე იმართებოდა, 1975-77 წლებში - გრუნტზე, 1978 წლიდან - ჰარდზე.
ჩატარების თარიღი: 28 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე
ჩატარების ადგილი: ნიუ იორკი, ფლეშინგ მედოუს ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი
საპრიზო ფონდი: 50.4 მილიონი დოლარი
მამაკაცთა და ქალთა ერთეულებში გამარჯვებულები მიიღებენ - 3.7 მილიონ დოლარს, ფინალისტები - 1.8 მილიონს.
მთავარი არენა - არტურ ეშის სახელობის სტადიონი, ტევადობა - 23 771 მაყურებელი. შარშანდელი სეზონიდან გააჩნია მოძრავი სახურავი, რომელიც საშუალებას იძლევა შვიდი წუთის შემდეგ განახლდეს შეწყვეტილი მატჩი.
რეკორდსმენები მოგებების რაოდენობით:
კაცები: ჯიმი კონორსი, პიტ სამპრასი, როჯერ ფედერერი - 5.
ქალები: კრის ევერტი, სერენა უილიამსი - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"