2 ივლისს უიმბლდონის პირველი წრის დარჩენილი მატჩები გაიმართა. აღნიშნულმა შეხვედრებმა, ძირითადად, სენსაციების გარეშე ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დომინიკ ტიმის მარცხს სემ ქუერისთან (65) - 7:6, 6:7, 3:6, 0:6.
თავისი შეხვედრა მოიგო როჯერ ფედერერმა. ჩოგბურთის შვეიცარიელმა ლეგენდამ სამხრეთ აფრიკელი ლოიდ ჯოჯრ ჰარისი 4 სეტში დაამარცხა - 3:6, 6:1, 6:2, 6:2. თუმცა ამ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. როჯერს ზედიზედ 16 წლის განმავლობაში დიდი სლემის ტურნირებზე პირველი სეტი არ ჰქონდა წაგებული, გუშინ კი ეს სერია შეწყდა. ფედერერის შემდეგი მეტოქე მსოფლიოს 169-ე ჩოგანი 20 წლის ბრიტანელი ჯეი კლარკი იქნება.
პრობელემების გარეშე იმარჯვა რაფა ნადალმა. ესპანელის მეტოქე იაპონელი, მსოფლიოს 274-ე ჩოგანი იუჩი სუგუიტა იყო და რაფაელმა მეტოქე 3 სეტში დაამარცხა - 6:3, 6:1, 6:3. როჯერისაგან განსხვავებით, რაფას სერიოზული მეტოქე ეყოლება ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის სახით.
ჩოგბურთელებმა აქამდე 6 მატჩი გამართეს და ანგარიში თანაბარია - 3:3. გარდა კარგი სანახაობისა, ამ ჩოგბურთელების მატჩებს მუდმივი დაძაბულობა სდევს თან, არცერთი მათგანი არ მალავს, რომ ერთმანეთის მიმართ სიმპატიები არ გააჩნიათ.
თავად კირგიოსმა, რომელსაც ყველას გასაკვირად ATP რეიტინგში 43-ე პოზიცია უკავია, მსოფლიოს 44-ე ჩოგანი ჯორდან ტომპსონი 5 სეტში დაამარცხა - 7:6, 3:6, 7:6, 0:6, 6:1.
საკმაოდ იოლად მოიგო მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა კეი ნიშიკორიმ. იაპონელის მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო (113) იყო და კეიმ მოწინააღმდეგეს 3 სეტში მოუგო - 6:4, 7:6, 6:4. მეორე წრეში ნიშიკორის წინააღმდეგ ბრიტანელი კემერონ ნორი (55) ითამაშებს.
თავისი შეხვედრა მოიგო ამერიკელმა გიგანტმა ჯონ ისნერმა. მსოფლიოს მე-12 ჩოგანმა ნორვეგიელი კასპერ რუდი 3 სეტში დაამარცხა - 6:3, 6:4, 7:6. ამერიკელი მეორე წრეში ყაზახ მიხაილ კუკუშკინს (58) შეხვდება.
ჩვენთვის საინტერესო შეხვედრა იყო ხორვატი მარინ ჩილიჩისა (18) და ფრანგი ადრიან მინარინოს (42) შორის, რადგან თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეს დაძლევს, სავარაუდო მეტოქე მათ შორის გამარჯვებული იქნება. ჩილიჩმა, რომელიც უიმბლდონის 2017 წლის გათამაშების ფინალისტია, მეტოქე 3 სეტში დაამარცხა - 7:6, 7:6, 6:3 და შემდეგ ტურში პორტუგალიელ ჟოაუ სოუზას (69) შეხვდება.
ძალიან დაძაბული შეხვედრა გაიმართა მსოფლიოს მე-10 ჩოგან ფაბიო ფონინისა და ამერიკელ ფრანსის ტიაფოს (38) შორის. იტალიელს გამარჯვების მოსაპოვებლად 5 სეტის თამაში დასჭირდა - 5:7, 6:4, 6:3, 4:6, 6:4. ფონინი მეორე წრეში ჩვენთვის კარგად ნაცნობ უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდება.
სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავი იყო ტომაშ ბერდიხის წაგება. ერთ დროს ტოპ-10 ის წევრმა ჩეხმა ამერიკელ ფრიცთან 3 სეტში წააგო. გამარჯვება მოახერხა ტოპ-10-ის კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა ჟო ვილფრიდ ცონგამ, ფრანგმა ავსტრიელი ტომიჩი დაამარცხა 3 სეტში.
რაც შეეხება ქალების გათამაშებას, აქ WTA-ის რეიტინგის ლიდერმა ავსტრალიელმა ეშლი ბართიმ ჩინელი საისაი ჟენგი (43) 2 სეტში დაამარცხა- 6:4, 6:2. მეორე წრეში ბართი ალისონ ვან უიტვანკს (58) შეხვდება.
ერთ დროს მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა სვეტლანა კუზნეცოვამ (104) სწორედ ბელგიელ ვან უიტვანკთან 3 სეტში წააგო - 4:6, 6:4, 2:6.
შარშანდელმა ტრიუმფატორმა გერმანელმა ანჟელიკა კერბერმა(5) თანამემამულე ტატიანა მარია(65) ორ სეტში დაამარცხა- 6:4, 6:3. მეორე წრეში კერბერი ამერიკელ ლორან დევისს(95) შეხვდება.
მსოფლიოს მე-9 ჩოგანმა სლოან სტეფენსმა საკმაოდ ადვილად დაამარცხა შვეიცარიელი ტიმეა ბაშინსკი (91) - 6:2, 6:4. მისი მეტოქე შემდეგ წრეში კორელი იაფან ვანი (957) იქნება.
მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა, შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმა რუსლი ანასტასია პავლიუჩენკოვას 2 სეტში მოუგო - 6:2, 6:3. მომდევნო წრეში ის ესტონელ კაია კანეპის (76) შეხვდება.
უიმბლდონის გათამაშებას გამოეთიშა რუსი მარია შარაპოვა. შარაპოვა, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-80 ჩოგანია ფრანგ პულინ პარმენტიოსთან (88) დამარცხდა. მართალია ოფიციალურად შარაპოვამ შეხვედრის დასრულებამდე შეწყვიტა თამაში, თუმცა გადამწყვეტ სეტში 0:5-ს აგებდა. იქამდე კი, პირველი სეტის მოგების შემდეგ (6:4), მარია მეორე სეტის ტაიბრეიკზე დამარცხდა (6:7).
თავისი შეხვედრა მოიგო სერენა უილიამსმა, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-10 ჩოგანია. ამერიკელმა 31 წლის იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონეს 2 სეტში მოუგო - 6:2, 7:5. მეორე წრეში სერენა მსოფლიოს 133-ე ჩოგან 18 წლის სლოვენიელ კაია ჟუვანს შეხვდება.