უიმბლდონი. IV დღე: ტურნირს წინა წლის ტრიუმფატორი დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უიმბლდონის მეოთხე დღემ კვლავ დიდი სენსაციების გარეშე ჩაიარა.

თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის 61-ე ჩოგანთან წაგებას არ ჩავთვლით, რაც სენსაცია ნამდვილად არ იყო, ყველაზე დიდი მოულოდნელობა ჯონ ისნერის (12) მარცხი გახლდათ ყაზახ მიხაილ კუკუშკინთან (58) და სოუზას (69) გამარჯვება მარინ ჩილიჩთან (18). სხვა შეხვედრები, ძირითადად ლოგიკურად დასრულდა.

დღის ცენტრალური შეხვედრა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა (43) და რაფაელ ნადალს (2) შორის გაიმართა.

ამ ჩოგბურთელებს შორის აქამდე გამართულ 6 შეხვედრაში ანგარიში საყაიმო იყო. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ავსტრალიელს 4 სეტში მოუგო - 6:3, 3:6, 7:6, 7:6.
ანგარიშდანაც ჩანს, რომ ძალიან დაძაბული თამაში იყო და ნადალს ტაი ბრეიკებზე უფრო გაუმართლა.

მატჩის დროს, იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა ხან ნადალი იქცეოდა ზედმეტად ეგოისტურად, ხან კირგიოსი პასუხობდა ირონიულად. ასევე, ავსტრალიელი, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში კოშურის მსაჯთან იყო პოლემიკაში ჩართული.

თუმცა ერთია, ნიკმა თამაშის წინ განაცხადა, რომ მოულოდნელ მოკლე ჩაწოდებას აუცილებლად მიმართავდა და გააკეთა კიდეც, რასაც ნადალის ღიმილი მოჰყვა. ნადალი შემდეგ წრეში ვეტერან ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას შეხვდება, რომელმაც წინა ორი მატჩი სეტის წაუგებლად მოიგო.

რაფაელ ნადალი VS ნიკ კირგიოსი

უპრობლემოდ გაიმარჯვა როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელმა ბრიტანელ ჯეი კლარკს 3 სეტში მოუგო - 6:1, 7:6, 6:2. მესამე წრეში როჯერი ფრანგ ლუკას პუილს (28) შეხვდება, რომელაც ასევე პრობლემების გარეშე დაამარცხა თანამემამულე გრიგორე ბარერე (116).

თავის შეხვედრაში გაიმარჯვა კეი ნიშიკორიმ (7). იაპონელის მეტოქე ბრიტანელი კამერონ ნორი იყო და კეიმ მეტოქეს შანსი არ მისცა - 6:4, 6:4, 6:0. შემდეგ წრეში ნიშიკორის მეტოქე ამერიკელი სტივ ჯონსონი იქნება, რომელმაც ავსტრალიელი ალექს დე მინაური 5 სეტში დაამარცხა.

5-სეტიან ბრძოლაში გაიმარჯვა მსოფლიოს მე-10 ჩოგანმა ფაბიო ფონინიმ. მისი მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი (51) იყო. 5-სეტიანი შეხვედრა თითქმის 4 საათს გაგრძელდა და საბოლოოდ იტალიელმა პირველივე მატჩ ბოლზე იმარჯვა - 6:7, 6:4, 7:6, 2:6, 6:3. მისი მოწინააღმდეგე ამერიკელი ტენის სანდგრინი (94) იქნება, რომელმაც ასევე 5-სეტიანი შეხვედრაში ჟილ სიმონს (25) მოუგო.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავი იყო მარკოს ბაგდატისისა (135) და ბერეტინის მატჩი. კვიპროსელმა საკუთარ კარიერაში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჩაატარა უიმბლდონის კორტებზე და ახალგაზრდა იტალიელთან დამარცხდა. შემდეგ წრეში გავიდა არგენტინელი დიეგო შვარცმენი (24), გერმანელი იან ლენნარ შტრაფი (33) ამერიკელი სემ ქუერი (65), რომელიც ერთ დროს მსოფლიოს მე-11 ჩოგანი იყო.

ქალები

რაც შეეხება ქალების გათამაშებას, აქ დღეს სენსაციების გარეშე არ ჩაუვლია. მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა და უიმბლდონის შარშანდელმა გამარჯვებულმა ანჟელიკა კერბერმა 95-ე ჩოგან ამერიკელ ლორენ დევისთან 3 სეტში წააგო - 6:2, 2:6, 1:6.

ბელგიელი ვან უითვანკის (58) წინააღმდეგ ძალიან ადვილად მოიგო მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ავტრალიელმა ეშლი ბარტიმ - 6:1, 6:3. ავტრალიელი მესამე წრეში მსოფლიოს 182-ე ჩოგან ბრიტანელ ჰერით დართს შეხვდება.

თავისი შეხვედრა მოიგო ჩეხმა პეტრა კვიტოვამ (6). მისი მოწინააღმდეგე ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი (48) იყო და პეტრამ მეტოქე 2 სეტში დაამარცხა - 7:5, 6:2.

მძიმე შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება სერენა უილიამსმა (10). ამერიკელმა ჩოგბურთელმა სლოვენიელი კაია იუვანი(133) დაამარცხა - 2:6, 6:2, 6:4 და მომდევნო წრეში მსოფლიოს მე-18 ჩოგან გერმანელ იულია გეორგესს შეხვდება.

მესამე წრეში გავიდა მსოფლიოს მე-13 ჩოგანი შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი. 22 წლის ჩოგბურთელმა ესტონელი კაია კანეპი დაამარცხა 2 სეტში - 6:3, 6:1.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული