უიმბლდონი. V დღე: 15 წლის ჩოგბურთელი 1/8 ფინალში გავიდა, ტოპ 10-დან 2-მა წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უიმბლდონის მე-5 დღემ ისევ მცირე მოულოდნელობებით, თუმცა დიდი სენსაციების გარეშე ჩაიარა. დამარცხდა რამდენიმე ფავორიტი, თუმცა მსგავსი რამ მუდმივად ხდება.

მე-5 დღე მილოშ რაონიჩის(17) გამარჯვებით დაიწყო. კანადელმა უიმბლდონის მესამე წრეში ამერიკელი გიგანტი რილი ოპელკა(63) 3 სეტში  დაამარცხა- 7:6, 6:2, 6:1. აღსანიშნავია, რომ ოპელკას, რომლის მთავარი იარაღიც ძლიერი ჩაწოდება გახლავთ, პირველი სეტის შემდეგ ეისი არ ჰქონია. რაონიჩი შემდეგ წრეში გუიდო პელას(26) შეხვდება.

არგენტინელმა დღის ერთ-ერთი მოულოდნელობა შემოგვთავაზა. პელამ მსოფლიოს მე-8 ჩოგან კევინ ანდერსონს სამ სეტში მოუგო- 6:4, 6:3, 7:6. სხვათა შორის, ანდერსონი
წლევანდელ უიმბლდონზე მე-4 ნომრად იყო განთესილი.

რეიტინგში პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, კიდევ ერთი მოულოდნელობა გახლდათ მსოფლიოს მე-9 ჩოგანი კარენ ხაჩანოვის მარცხი. რუსი ჩოგბურთელი ბაუტისტა აგუტთან(22)  3 სეტში დამარცხდა- 6:3, 7:6, 6:1. თუმცა, თუ ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთდაპირისპირებას (4:2 ესპანელის სასარგებლოდ) შევხედავთ, მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თან, ნიკოლოზ ბასილაშვილის არ იყოს, ხაჩანოვის საყვარელი საფარი ჰარდია და სხვა საფარზე უჭირს ისეთი კარგი დამცველის წინააღმდეგ თამაში, როგორც ბაუტისტა აგუტია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მე-9 ჩოგანს შეხვედრაში 1 ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონია. მე-4 წრეში ესპანელის მეტოქე კი,  ფრანგი ბენუა პაირი(28) იქნება, რომელმაც პირველ წრეში ალეკსანდრ ზვერევის დამმარცხებელ ჩეხ ირი ვესელის(124) 4 სეტში მოუგო- 5:7, 7:6, 6:3, 7:6.

გუშინ კიდევ ერთმა რუსმა ჩოგბურთელმა წააგო. დანილ მედვედევი(13) ბელგიელ დავიდ გოფინთან(23) 5 სეტიან ბრძოლაში დამარცხდა- 6:4, 2:6, 6:3, 3:6, 5:7. აღსანიშნავია, რომ ბელგიელმა გამარჯვება ისე მოახერხა, რომ პირველ ცდაზე ჩაწოდების მაჩვენებელი 50 % ჰქონდა. ისიც გამოსაყოფია, რომ ჩოგბურთელებმა ცალ-ცალკე თითქმის 5 კილომეტრი ირბინეს, რაც ამ უიმბლდონზე ყველაზე მეტი იყო. გოფინი მეოთხე წრეში მსოფლიოს 37-ე ჩოგან 35 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, რომელმაც იტალიელი ტომას ფაბიანოს(89) 3 სეტში მოუგო- 6:4, 7:6, 6:4.

საკმაოდ გაუჭირდა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბის მეტოქე პოლონელი უბერტ ჰურკაჩი(48) იყო. ნოლე განსაკუთრებით ცუდი იყო მეორე მოწოდებაზე და ბურთების მხოლოდ 51 % მოიგო. ასევე, აღსანიშნავია, რომ სერბმა შეხვედრაში 39 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც მისთვის კატასტროფულად დიდი რიცხვია. საერთო ჯამში, ჯოკოვიჩმა მეტოქე 4 სეტში დაამარცხა- 7:5, 6:7, 6:4, 6:1. ნოვაკის მეტოქე მე-4 წრეში ფრანგი უგო უმბერტი(66) იქნება, რომელმაც მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, თინეიჯერი ფელიქს ოჟე ალიასიმი დაამარცხა. კანადელის დასამარცხებლად უმბერტს მხოლოდ 3 სეტი დასჭირდა- 6:4, 7:5, 6:3.


ქალები

შეჩერებას არ აპირებს 15 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი კორი გაუფი(313). გოგონას მორიგი "მსხვერპლი" მსოფლიოს მე-60 ჩოგანი პოლონა ჰერკოგი(60) იყო. ამერიკელმა მეტოქეს 3 სეტში მოუგო- 3:6, 7:6, 7:5. აღსანიშნავია, რომ კორიმ 2 მატჩ ბოლი გადაარჩინა, 1 მეტოქისა და 1-ც საკუთარ მოწოდებაზე. გაუფს მე-8 ფინალში უსერიოზულესი მეტოქე ჰყავს სიმონა ჰალეპის(7) სახით, რომელმაც მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან ბელარუს ვიქტორია აზარენკას(40) 2 სეტში მოუგო- 6:3, 6:1.

გაიმარჯვა მსოფლიოს მე-8 ჩოგანმა, უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ. ელინამ ბერძენ მარია საკარის(32) 3 სეტში სძლია- 6:3, 6:7, 6:2. მომდევნო წრეში მისი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ხორვატი პეტრა მარტიჩი იქნება, როემლამც ამერიკელ დანიელე როუზ კოლინსს(34) 3 სეტში მოუგო- 6:4, 3:6, 6:4.

დამარცხდა მსოფლიოს მე-19 ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. მის წინააღმდეგ გამარჯვება კორეელმა შუაი ჟანგმა(50) მოახერხა- 6:4, 6:2. კორეელის მეტოქე შემდეგ წრეში დაიანა იასტრემსკა(35) იქნება, რომელმაც შვეიცარიელი ვიკტორია გოლუბიჩს(81) 2 სეტში მოუგო- 7:5, 6:3.

თავისი შეხვედრა მოიგო მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა კაროლინა პლისკოვამ. მისი მოწინააღმდეგე ტაივანელი ჰსეი სუ ვეი(29) იყო. პლისკოვას მეტოქის დასამარცხებლად 3 სეტის თამაში მოუწია და საბოლოდ ტაივანელი მაინც დაამარცხა- 6:3, 2:6, 6:2. პლისკოვა მეოთხე წრეში კიდევ ერთ ჩეხ კაროლინას შეხვდება, რომლის გვარიც მუჩაროვა(68) გახლავთ. კაროლინა მუჩაროვამ მსოფლიოს მე-20 ჩოგანი ესტონელი ანეტ კონტავეიტი 2 სეტში დაამარცხა- 7:6, 6:3.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული