მსოფლიოს მესამე ჩოგანმა კაროლინა პლისკოვამ მარიამ ბოლქვაძესთან გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე თავის ოპონენტზეც ისაუბრა.
"წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, ამ მატჩში თავს უკეთ ვგრძნობდი. ცენტრალურ კორტზე ვთამაშობდი, განსხვავებული მოწინააღმდეგე მყავდა, არც ჩემი ქვეყნიდან ყოფილა. ის ძალიან ნერვიულობდა და აქედან გამომდინარე, გარკვეული ასპექტები სხვანაირად იყო. მე კი, პირველი დღისაგან განსხვავებით, ნაკლებად ვნერვიულობდი და ვფიქრობ, უკეთესადაც ვთამაშობდი.
მინდა ვთქვა, რომ ბოლქვაძე საქმეში პირველად ვნახე. აქამდე არც მისი ვარჯიში, არც მისი შეხვედრა ნანახი არ მქონდა. მგონია, რომ მან მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა. მართალია, მოწოდება
მთლად კარგი არ იყო, თუმცა ცაციაა და არაა ადვილი მის გადმოგდებულ ბურთზე საპასუხოდ დარტყმა. ის პირველ სეტში ნერვიულობდა და ამას თქვენც ხედავდით.
სწორედ ნერვიულობის გამო ძალიან ბევრჯერ ცდებოდა, თუმცა მეორე სეტში გაცილებით უკეთესი იყო. მე არ ვიცი, ზუსტად რამდენი წლისაა ის, თუმცა ვთვლი, რომ ბოლქვაძეს აქვს დრო პროგრესისთვის და ასეთ შეხვედრებში, ასეთ კორტზე თამაშში მიღებული გამოცდილება მას აუცილებლად გამოადგება", - განაცხადა ჩეხმა ჩოგბურთელმა.
მარიამი პლისკოვასთან ამერიკის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6. იქამდე კი, 3 შეხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიგო, ხოლო ძირითადი ბადის პირველ წრეში მსოფლიოს 65-ე ჩოგანი დაამარცხა. განახლებულ რეიტინგში მარიამ ბოლქვაძე, სავარაუდოდ, მსოფლიოს 151-ე ჩოგანი იქნება.