21 წლის ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ლონდონში გამართული ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, რომელშიც მსოფლიოს 8 საუკეთესო ჩოგბურთელი იღებდა მონაწილეობას. ბერძენმა ფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი 3 სეტში დაამარცხა - 6:7, 6:2, 7:6.
ეს კარიერაში მე-4 და ისე კი, ყველაზე პრესტიჟული მოგებული ტურნირია სტეფანოსისთვის. აქამდე, 250-იანი კატეგორიაზე უფრო მაღალი რანგის შეჯიბრება არასდროს მოუგია.
ციციპასი 2001 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირის მოგება შეძლო. 2001 წელს 20 წლის ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი გახდა ტრიუმფატორი.
ასევე, 2005 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ ფინალში პირველი სეტის წაგების შემდეგ მოთამაშემ მატჩის მოგება შეძლო. მაშინ დავიდ ნალბანდიანმა როჯერ ფედერერს სეტებში 0:2 ჩამორჩენიდან "ამოუქაჩა".