ტურინში ჩოგბურთის მიმდინარე შემაჯამებელი ტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღე გაიმართა. ამჯერად კორტზე "მწვანე ჯგუფის" წარმომადგენლები წარდგნენ.
პირველ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა (სერბეთი) ალექსანდრ რუბლევი (რუსეთი) 6:3 6:2 დაამარცხა და აქტივში მე-2 გამარჯვება ჩაიწერა.
სპორტსმენებმა თავდაპირველად ბრეიკები გაცვალეს, სერბმა კი გადამწყვეტი უპირატესობა მე-8 გეიმში მოიპოვა და 1-ლი სეტიც თავის სასიკეთოდ დაასრულა.
მე-2 სეტში რუბლევს თამაში იმდენად კარგად აღარ გამოუვიდა, რაზედაც მე-3 და მე-7 გეიმებში წაგებული ჩაწოდებაც მეტყველებს.
![მორიგი ტრავმა... ციციპასი შემაჯამებელს დაემშვიდობა, მისმა შემცვლელმა კი ვერ ივარგა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a8f9ca976bf3bdee4fe46fc3e0890c3d.jpg)
სამწუხაროდ, მატეო ბერეტინის (იტალია) ტრავმა უკანასკნელი არ აღმოჩენილა. სტეფანოს ციციპასმა (საბერძნეთი) იდაყვის დაზიანების გამო შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა, მისი ადგილი კი კამერონ ნორიმ (დიდი ბრიტანეთი) დაიკავა.
დებიუტანტი კასპერ რუდს (ნორვეგია) დაუპირისპირდა და 3 სეტში 6:1 3:6 4:6 დამარცხდა.
1-ელ სეტში ბრიტანელმა ბრეიკის შესრულება მე-4 და მე-6 გეიმებში მოახერხა და დაწინაურდა.
თუმცა მე-2 და მე-3 სეტებში სკანდინავიელმა სპორტსმენმა სეტში თითო-თითო ბრეიკის შესრულება და მატჩის თავის სასიკეთოდ დასრულება მოახერხა.
ამრიგად, "მწვანე ჯგუფს" ჯოკოვიჩი ლიდერობს. მე-2 ადგილს ალექსანდრ რუბლევი 1 მოგებითა და ამდენივე მარცხით იკავებს. ასეთივე შედეგი აქვს კასპერ რუდსაც, დებიუტანტი ნორი კი მე-4 ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრები 19 ნოემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჯოკოვიჩი/ნორი და რუბლევი/რუდი დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს, ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) ჰუმბერ ჰურკაჩს (პოლონეთი) 17:00 საათზე დაუპირისპირდება, დანილ მედვედევი (რუსეთი) კი - იანიკ სინერს (იტალია).