U19. მსოფლიოს ჩემპიონატი: თბილისში სავსე ტრიბუნები საჭირო იქნება!

AutoSharing Option
რვა აგვისტოდან თბილისში 24 ქვეყნის 19-წლამდელი ხელბურთელები მოიყრიან თავს მსოფლიოს ჩემპიონატში საასპარეზოდ. ისინი ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. მასპინძლები თავიდან გერმანიას, ისლანდიას, იაპონიას, ჩილეს და ალჟირს გაუწევენ მეტოქეობას.

საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანია, მონდომებით ემზადება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სახელბურთო ზეიმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ბექა ორჯონიკიძეს ვესაუბრეთ.

- საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა მსოფლიოზე სუსტი ჯგუფი არ არსებობს, წარმატების მისაღწევად ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ჩვენც საამისოდ მზად ვართ.

- კონკურენტებს თუ იცნობთ?
- ბევრი რამ ვიცით
გერმანიისა და ისლანდიის ნაკრებებზე, ნანახი გვაქვს იაპონელთა რამდენიმე თამაში, ჩილესა და ალჟირზე შედარებით მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება, არადა, 8 აგვისტოს პირველი სწორედ ალჟირელებს უნდა შევხვდეთ. მართალია, რთულად შესასრულებელი ამოცანაა, მაგრამ ჩვენ რეალურად შეგვიძლია ჯგუფური ეტაპის გადალახვა. პროგრამა მინიმუმიც სწორედ პლეი ოფში გასვლაა. მაქსიმალური მობილიზებითა და საკუთარ კედლებში ქომაგთა აქტიური მხარდაჭერით ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. არც ის არის გამორიცხული, ქართველ გულშემატკივრებსა და სტუმრებს სიურპრიზიც შევთავაზოთ.

- უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადებაზე რას იტყვით?
- შვიდი თვეა, მიზანმიმართულად ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. საამისოდ ფედერაცია დიდად გვიწყობდა ხელს. ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას ნაკრების წევრები თავიანთ გუნდებში იმაღლებდნენ ოსტატობას, შესვენებისას კი ერთად ვიკრიბებოდით.

ძალიან დაგვეხმარა ივნისში ბულგარული ტურნირი: ჯგუფში ლუქსემბურგთან წავაგეთ, მაგრამ მერე დიდ ბრიტანეთსა და მალტას ვაჯობეთ და მეოთხედფინალში გავედით, სადაც თურქეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. საბოლოოდ, მე-8 ადგილი დავიკავეთ. მართალია, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უცხოურ გუნდებთან პაექრობებში ჩვენმა ბიჭებმა გამოცდილება შეიძინეს, ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოვყალიბდით.

ვფიქრობ, რომ თბილისში ქომაგებს არ გავაწბილებთ - ბრძოლას, ჟინს და თავდადებას ვპირდებით. როგორც აღვნიშნე, სავსე ტრიბუნების იმედიც გვაქვს, აქტიური მხარდაჭერა მოთამაშების დასამუხტად აუცილებელია.

- ჩემპიონატამდე ოთხი დღეღა დარჩა...
- ამჟამად თბილისში ბაზაზე ვართ და სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ვცხოვრობთ, დასვენებისა და ძალების აღსადგენად იდეალური პირობებია შექმნილი. ჯერჯერობით გუნდში 19 ხელბურთელია. მათგან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში 16 შევა. ტურნირის მსვლელობისას 3 ცვლილებაა შესაძლებელი. ასეთი მასშტაბური გუნდური შეჯიბრება ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა. დარწმუნებული ვარ, სპორტულ შედეგთან ერთად მის ორგანიზებასაც ღირსეულად შევძლებთ.

ნაკრების კალენდარი
8 აგვისტო: 19:00 საქართველო-ალჟირი
9 აგვისტო: 18:00 იაპონია-საქართველო
11 აგვისტო: 18:00 ისლანდია-საქართველო
12 აგვისტო: 18:00 საქართველო-გერმანია
14 აგვისტო: 18:00 საქართველო-ჩილე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული