საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის კარგა ხანია, მონდომებით ემზადება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სახელბურთო ზეიმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ბექა ორჯონიკიძეს ვესაუბრეთ.
- საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავს, თუმცა მსოფლიოზე სუსტი ჯგუფი არ არსებობს, წარმატების მისაღწევად ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ჩვენც საამისოდ მზად ვართ.
- კონკურენტებს თუ იცნობთ?
- ბევრი რამ ვიცით
- უშუალოდ ჩემპიონატისთვის მზადებაზე რას იტყვით?
- შვიდი თვეა, მიზანმიმართულად ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. საამისოდ ფედერაცია დიდად გვიწყობდა ხელს. ეროვნული ჩემპიონატის მსვლელობისას ნაკრების წევრები თავიანთ გუნდებში იმაღლებდნენ ოსტატობას, შესვენებისას კი ერთად ვიკრიბებოდით.
ძალიან დაგვეხმარა ივნისში ბულგარული ტურნირი: ჯგუფში ლუქსემბურგთან წავაგეთ, მაგრამ მერე დიდ ბრიტანეთსა და მალტას ვაჯობეთ და მეოთხედფინალში გავედით, სადაც თურქეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. საბოლოოდ, მე-8 ადგილი დავიკავეთ. მართალია, შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უცხოურ გუნდებთან პაექრობებში ჩვენმა ბიჭებმა გამოცდილება შეიძინეს, ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოვყალიბდით.
ვფიქრობ, რომ თბილისში ქომაგებს არ გავაწბილებთ - ბრძოლას, ჟინს და თავდადებას ვპირდებით. როგორც აღვნიშნე, სავსე ტრიბუნების იმედიც გვაქვს, აქტიური მხარდაჭერა მოთამაშების დასამუხტად აუცილებელია.
- ჩემპიონატამდე ოთხი დღეღა დარჩა...
- ამჟამად თბილისში ბაზაზე ვართ და სასტუმრო "ბომონდ გარდენში" ვცხოვრობთ, დასვენებისა და ძალების აღსადგენად იდეალური პირობებია შექმნილი. ჯერჯერობით გუნდში 19 ხელბურთელია. მათგან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში 16 შევა. ტურნირის მსვლელობისას 3 ცვლილებაა შესაძლებელი. ასეთი მასშტაბური გუნდური შეჯიბრება ჩვენს ქვეყანაში არასდროს გამართულა. დარწმუნებული ვარ, სპორტულ შედეგთან ერთად მის ორგანიზებასაც ღირსეულად შევძლებთ.
ნაკრების კალენდარი
8 აგვისტო: 19:00 საქართველო-ალჟირი
9 აგვისტო: 18:00 იაპონია-საქართველო
11 აგვისტო: 18:00 ისლანდია-საქართველო
12 აგვისტო: 18:00 საქართველო-გერმანია
14 აგვისტო: 18:00 საქართველო-ჩილე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"