ამ მატჩამდე რუმინეთმა 32-21 მოუგო კოსოვოს და 4 ქულა დააგროვა. ამის შემდეგ საქართველოს ჯგუფში პირველობის შანსი აღარ დარჩა, რადგანაც 4 ქულის აღების შემთხვევაში რუმინეთი, რომელთანაც გუშინ მძიმე ბრძოლაში დავმარცხდით, პირადი მოგებით გვაჯობებს.
სამაგიეროდ, პირველობის შანსი და მოგების დიდი მოტივაცია ჰქონდა იტალიას - მას სჭირდებოდა მინიმუმ ქულა
მაგრამ ეს მოლოდინი გააბათილა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ იტალიაზე უკეთესი გუნდია და გამარჯვების სურვილიც არანაკლები ჰქონდა.
ნიკოლა მაქსიმოვიჩმა სასტარტო შვიდეული შეცვალა - მარჯვენა კუთხეში თამაში ჭანტურიამ დაიწყო, ხაზზე -არსენაშვილმა, ხოლო გამთამაშებლად - კბილაშვილმა.
ანგარიში გიორგი ცხოვრებაძემ გახსნა და ცოტა ხანში კბილაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა. მალე ამ ორმა კიდევ თითო გოლი გაიტანა 4-2. ჩვენს გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა შოთა თევზაძემ, რომელმაც დასააწყისშივე მოიგერია შვიდმეტრიანი, პირველ ტაიმში ექვსი მოგერიება ჰქონდა, მატჩის ბოლოსკენ კი ათამდეც ავიდა.
მალე ჩიქოვანმა და არსენაშვილმა უფრო დაგვაწინაურეს 6-3, მეტოქე თითქმის დაგვეწია (6-5), მაგრამ თემო ორჯონიკიძემ გაიტანა სამი გოლი, ცხოვრებაძემ მეტოქის დაცვა გაარღვია, რუსტამოვი კი კონტრშეტევაში გაიქცა. 11-6 და იტალიის მწვრთნელ ტრილინის წუთშესვენება დასჭირდა.
კბილაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა ხუთით (12-7), მაგრამ ცხოვრებაძის ორწუთიანი გაძევება სამ გოლად დაგვიჯდა - მეტოქემ ჯერ შვიდმეტრიანი გაიტანა და შემდეგ კიდევ ორჯერ გამოიყენა მეტობა - 12-10.
ორჯონიკიძე და რუსტამოვი კარგად გაიქცნენ სწრაფ გარღვევაში, მაგრამ მასპინძლებმა ზედ შესვენების წინ მაინც დაიყვანეს სხვაობა ორამდე - ტაიმი საქართველომ 13-11 მოიგო.
პირველ ტაიმში მაქსიმოვიჩმა სულ 9 მოთამაშე გამოიყენა - მარცხენა ინსაიდისა და გამთამაშებლის პოზიციაზე ერთმანეთს ორჯონიკიძე, ჩიქოვანი და კბილაშვილი ენაცვლებდნენ, ხაზზე კი მცირე ხნით უჩა მაისურაძე გამოვიდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში ცხოვრებაძისა და ორჯონიკიძის გოლების შემდეგ ორჯერ ავედით სამბურთიან სხვაობაზე (14-11, 15-12), მაგრამ მალე ზონერერმა კუთხიდან გაგვიტანა და ანგარიში 15-14 გახადა. ეს იყო თამაშის ერთადერთ კომპონენტი, რომელშიც მეტოქემ გვაჯობა - იტალიამ საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა ორივე კუთხიდან, ჩვენი 6 დარტყმიდან კი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ზუსტი, ისიც ბოლო წუთზე, როდესაც თამაში უკვე მოგებული იყო.
აქ დაცვაში გამოსვლა დაიწყო ლექსო წითელიშვილმა და ამ კომპონენტში გუნდის მწყობრი გააძლიერა. ჩიქოვანმა მშვნიერი პასი მიაწოდა ცხოვრებაძეს, შემდეგ კი კბილაშვილმა ორჯერ კარგად დაინახა არსენაშვილი: 18-14!
აქამდე საქართველოს ნაკრების უპირატესობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ იტალია 5-1 დაცვაზე გადავიდა, კბილაშვილმა კუნთი დაიჭიმა და მოედნის დატოვება მოუხდა. თევზაძის ორი კარგი მოგერიების მიუხედავად, არჩიერიმ კუთხიდან გაათანაბრა - 18-18, რჩება 17 წუთი და თამაში უკვე ერთბურთიანი სხვაობის რეჟიმში გადადის.
ცხოვრებაძეს და ჩიქოვანს კიდევ ორჯერ გავყავართ წინ, იტალია ორჯერ ათანაბრებს. კარში უკვე ცინცაძე დგას და ორჯერ იგერიებს დარტყმას, რომელთა შემდეგაც მასპინძლებს უკვე დაწინაურება შეეძლოთ! და მაინც, ტურკოვიჩს დასრულებამდე 10 წუთით ადრე პირველად გაჰყავს წინ იტალია 20-21!
ახლა უკვე ქართველები ათანაბრებენ - ჯერ ჩიქოვანი და შემდეგ ცხოვრებაძე. 22-22. ირაკლი ჩიქოვანი გვიბრუნებს ლიდერობას, 23-22, მაგრამ იტალიელთა ლიდერი დეიან ტურკოვიჩი შვიდმეტრიანის ხაზზეა. კარში შოთა თევზაძე ბრუნდება და მეორე თამაშში მეოთხე შვიდმეტრიანს იგერიებს, ამის შემდეგ კი მოედანზე პირველად გამოსული მიქავა იღებს ჩიქოვანის პასს და მშვიდად გააქვს 6 მეტრიდან, 24-22, რჩება 4 წუთი და კულმინაცია ჯერ არ დამდგარა!
ტურკოვიჩს ისევ დაჰყავს სხვაობა მინიმიმამდე, ცხოვრებაძე მორიგ გოლს აჭედებს 9 მეტრიდან და აქ უმძიმეს ბურთს იგერიებს ზურაბ ცინცაძე - რომელმაც სულ 17 წუთი ითამაშა, 12 დარტყმიდან 6 მოიგერია და დიდი წვლილი შეიტანა მოგებაში.
და ამ მოგერიების შემდეგ თემო ორჯონიკიძე გარბის გარღვევაში 26-23, რჩება 2 წუთი და თამაში მოგებულია, ჩიქოვანს გააქვს ცარიელ კარში და წერტილს სვამს დიხამინჯია მარჯვენა კუთხიდან.
28-25 - ყველა პროგნოზი გაბათილებულია, იტალია-რუმინეთის მატჩს არავითარი აზრი აღარა აქვს, საქართველო კი ხვალ, 19 საათზე კოსოვოს ეთამაშება ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და ფინეთთან მატჩებისთვის უკეთესი განწყობის შესაქმნელად.
მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
3 ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გავა პლეიოფში)
რუმინეთი 4 ქულა, საქართველო 2, იტალია 1, კოსოვო 1
11 იანვარი. კოსოვო - რუმინეთი 21-32
კოს: გერბესკი, ბერიშა - ჩუკა 7, აჰმეტი 4, ტერზიჩი 3, ფეტაჰუ 2, იუპა 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, გეგაი 1, დედაი, დრენიტ ტაჰირუკაი, აბდულაი, ბეშირი, ჩუნი, რამოსაი, პრეკაზი
რუმ: პოპესკუ, იანკუ - ბოტეა 7, ასოლტანეი 6, გრიგორაში 4, მოკანუ 4, ჰუმეტ გამინდე 3, კაბუცი 2, დუმიტრუ 2, ბუჟორი 1, ჩოგი 1, ფენიჩი 1, ტალმაიერი 1, სიმიკუ, ფოტაკე, სავენკო
მსაჯები: პეტურსონი-პრასტარსონი (ისლ)
საქართველო - იტალია 28-25
საქ: თევზაძე (10 მოგერიება), ცინცაძე (6) - ცხოვრებაძე 8, ჩიქოვანი 5, ორჯონიკიძე 5, კბილაშვილი 3, არსენაშვილი 3, რუსტამოვი 2, მიქავა 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, მაისურაძე, წითელიშვილი, აბრამიშვილი, კალანდაძე, გოგოლაძე
იტა: ვოლარევიჩი, კოლელუორი - სკატარი 7, ტურკოვიჩი 5, ბულძამინი 4, ზონერერი 4, სავინი 3 ,არჩიერი 1, პერეირა 1, ე. იბალი, დანტინო, სტაბელინი, პარიზინი, დარიპანი, დოლდანი, მენგონი,
მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)
დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)
12 იანვარი
19:00 კოსოვო - საქართველო, 21:00 იტალია - რუმინეთი
1 ჯგუფი. ლიტვა 4, სლოვაკეთი 4, ლუქსემბურგი 0, ფარერის კუნძულები 0
11 იან. სლოვაკეთი - ფარერები 27-26, ლიტვა - ლუქსემბურგი 32-22
2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 5, კვიპროსი 0
6 ტური. 11 იან. ისრაელი - საბერძნეთი 24-22, 12 იან. კვიპროსი - ფინეთი
4 ჯგუფი. დასრულდა - 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0
მომზადებულია geohandball.ge-ს მიხედვით