ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორნი ოქროსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
ბულგარულ ალბენაში დღეს, 25 სექტემბერს დამთავრდება ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით ასპარეზობენ ქართველი სპორტსმენები (მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე, მწვრთნელი ნიკოლოზ იზორია), რომლებმაც სამი მედალი მოიპოვეს. ერთი ბრინჯაოსია, ორი კი რა ხარისხისა იქნება, დღეს გაირკვევა.

უკვე ვწერდით, რომ 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობელმა ბაკურ ჩიქოვანმა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 აჯობა შოტლანდიელ ლინჩ რის და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი დაიბევა.

თანაგუნდელს მხარი აუბეს რუსთაველმა ლუკა კუბლაშვილმა (46 კგ) და გორელმა მამუკა აბულაძემ (52 კგ), რომლებმაც მეოთხედფინალში, შესაბამისად, ჯუდ გალაგერი (ირლანდია) და
ადრიან ბუკსა (მოლდოვა) დაამარცხეს. მსგავსი შანსი ხელიდან გაუშვა ფოთელმა ლადო ლომაიამ (60 კგ), რომელმაც სინო სობიროვთან (რუსეთი) წააგო.

გუშინ ალბენაში ნახევარფინალური პაექრობები გაიმართა. ლუკა კუბლაშვილმა რუსი ნიკოლაი მედინსკი ჩამოიშორა გზიდან - 3:2 და ფინალში ბულგარელ ერგიუნალ სებანტინის გაუწევს მეტოქეობას. ამ უკანასკნელმა ასეთივე ანგარიშით რუმინელ ტავი დობრეს აჯობა.

ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ბაკურ ჩიქოვანიც - მან ნახევარფინალში 3:2 სძლია ანდრეი კოსმინს (რუმინეთი). გადამწყვეტ პაექრობაში ჩვენებურის მეტოქე უსმან მაგამადოვი (რუსეთი) იქნება. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა სლოვაკი ალექს ტრაებელი დაჯაბნა.

საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა მამუკა აბულაძე - მან ბორის კარიბიანთან (რუსეთი) წააგო. ისე, მსაჯებს მეტი ობიექტურობა რომ გამოეჩინათ, ალბათ, ისიც ფინალში იქნებოდა, სადაც რუსებს შვიდი წარმომადგენელი ჰყავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული