ლაშა გურულის იღბლიანი რუმინული რინგი

AutoSharing Option
22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი რუმინეთში გაიმართა.

მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს რვა წარმომადგენელი (სახილ ალახვერდოვი - 49 კგ.ნოდარ დარბაიძე - 52 კგ, ოთარ ნავერიანი - 60 კგ, ლაშა გურული - 64 კგ, ესკერხან მადიევი - 69 კგ, გიორგი ხარაბაძე - 75 კგ, ნიკოლოზ ბეგაძე - 91 კგ, გიორგი ჭიღლაძე - +91კგ, მწვრთნელები - შალვა დუნდუა, ბეჟან ჭიჭინავა, მსაჯი ტარიელ გოგოჭური) ჩაება. მათგან ოთხი, როგორც ვწერდით, ნახევარფინალში გავიდა.

ახალგაზრდებში ევროპის 2017 წლის თბილისელმა ჩემპიონმა სახილ ალახვერდოვმა ნახევარფინალური პაექრობა ვადამდე დაასრულა: მე-2
რაუნდის პირველ წუთზე მან გერმანელი ფერადკანიანი სალახ ომარ იბრაჰიმი ნოკაუტში გაგზავნა და გუშინ ფინალში ისმაილ აბუმუსლიმოვს (რუსეთი) დაუპირისპირდა.

ამ უკანასკნელმა წინა დღეს უკრაინელ ევგენი ოვსიანიკოვს აჯობა. გადამწყვეტ დაძაბულ ორთაბრძოლაში რუსმა სახილსაც სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა. ვერცხლის მედალი ალახვერდოვს ერგო.

შარშანდელ მსგავს შეჯიბრებაში ლაშა გურულმა ფინალური პაექრობა დათმო და მეორე ადგილს დასჯერდა. ამჯერად კი შედეგი გააუმჯობესა: ნახევარფინალში მან ვლადისლავ ბარიშნიკი (გერმანია) დაჯაბნა. ფინალში თურქ ტურგულხან ერდერიმს გაუწია მეტოქეობა.

მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ხუთივე მსაჯმა გამარჯვებულად ქართველი მოკრივე ცნო, რამაც ერდერიმი გააბრაზა, გულისწყრომა რინგზევე გამოხატა - რეფერის ხელი არ ჩამოართვა, მსაჯებსაც ედავა. ბოლოს მწვრთნელმა იგი სარბიელიდან გაიყვანა.

მსაჯებზე განაწყენებულმა თურქმა გულშემატკივრებმა დარბაზში ქართველებთან გამართეს შეხლა-შემოხლა, მაგრამ, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა დუნდუამ რუმინეთიდან გავაცნობა, მასპინძელთა აქტიური ჩარევით ინციდენტი მალევე მოგვარდა.

75 კილოკრამი წონითი კატეგორიის ნახევარფინალში გიორგი ხარაბაძემ იოლად ჩამოიშორა გზიდან მიხაილ ოსტროუმოვი (ისრაელი), მაგრამ ოქროს მედლისთვის პაექრობაში გერმანელი სილვიო შერლის მძლეველ უკრაინელ ოლექსეი ტოკარჩუკთან ვერაფერს გახდა და მეორე ადგილს დაყაბულდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ოთარ ნავერიანმა, რომელიც ნახევარფინალში ბელარუს ძმიტრი ასანაუსთან დამარცხდა.

- შედეგით გახარებული ვართ, - გვითხრა ლაშა დუნდუამ. - მსგავსი წარმატება ქართულ კრივში არასდროს გვქონია. სასტარტო შეხვედრებში ცოტა უიღბლობა რომ არა, ნადავლი, შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო. კარგია, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. ეს ბიჭები ქართული კრივის მომავალია და დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული