უკვე ცნობილი გახდა, რომ მატჩ-რევანში დეონტაი უაილდერსა და ლუის ორტისს შორის ნოემბრის ბოლოს გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია უაილდერის პრომოუტერმა გაავრცელა.
ტაისონ ფიურისთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, უაილდერი "ჯიპსი კინგს" 2020 წლის თებერვალში უნდა შეხვდეს და იქამდე საუკეთესო დროდ ნოემბრის ბოლო შეირჩა.
დეონატი უაილდერი WBC დივიზიონის მძიმე წონითი კატეგორიის დაუმარცხებელი ჩემპიონია და 40 წლის ლუის ორტისი გასული წლის მარტში მე-10 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ კუბელი მოკრივე გამარჯვებასთან ახლოს მე-7 რაუნდში იყო, როცა ცუდ მდგომარეობაში მყოფ უაილდერს გონგმა სულზე მიუსწრო. მე-10 რაუნდში 40 წლის კუბელს ენერგია აღარ ეყო. ბრძოლის დასრულების დროს 3-ვე მსაჯის მიხედვით ანგარიში 86:85 გახლდათ, უაილდერის სასარგებლოდ. ესეც მეტყველებს, რამდენად თანაბარი დაპირისპირება იყო.
ისიც სათქმელია, რომ ამ გამარჯვებით უაილდერმა კარიერაში ყველაზე მაღალი ანაზღაურება მიიღო - 2.1 მილიონი დოლარი.
კრივის მოყვარულებისა და ექსპერტების აზრით, უკანასკნელ 2 წელში ქამრისთვის გამართული ბრძოლებიდან საუკეთესო სწორედ უაილდერისა და ორტისის ჩხუბი იყო. ორი შემტევი მეტოქე, ორი მებრძოლი, რომელთაც ბრძოლა არასდროს წაეგოთ. ასევე, ორტისი არათუ ნოკაუტში, ნოკდაუნშიც არასდროს ყოფილა უილდერთან შეხვედრამდე.
უფრო ახალგაზრდა და გამძლე უაილდერმა ის ბრძოლა მოიგო. ახლა კი, ორტისს ჩემპიონობის ბოლო შანსი აქვს. კუბელმა მოკრივემ ბრძოლა 29 წლის ასაკში დაიწყო, 29 წლის უაილდერი კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონი იყო.
ორტისის დამარცხების შემდეგ უაილდერმა ორი ბრძოლა გამართა. ჯერ ტაისონ ფიურისთან ჩხუბი ფრედ დამთავრდა, შემდეგ კი დაუმარცხებელი დომინიკ ბრაიზილი პირველივე რაუნდში დაამარცხა. ორტისმა უაილდერთან განცდილი მარცხის შემდეგ 3 გამარჯვება იზეიმა.
როგორც უნდა დამთავრდეს მატჩი, მაყურებლებს დიდი წარმოდგენა და შესანიშნავი ბრძოლა ელით წინ.