5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ UFC 248-ს, რომელიც კვირას გაიმართება

AutoSharing Option
კვირას, 8 მარტს, კაცები სანამ ქალებისთვის საჩუქრების გადაცემის ცერემონიას შევუდგებით, რამდენიმე საათი შეგვეძლება UFC 248-ით ვისიამოვნოთ. გამომდინარე იქიდან, რომ შერეული ორთაბრძოლები ჩვენს ქვეყანაში არ არის პოპულარული, ეს სტატია მოახლოებულ UFC-სთვის შეგამზადებთ და, თუ ყურებას დააპირებთ, გარკვეული ინფორმაცია უკვე გექნებათ. 

თუმცა, სანამ მიზეზებზე მოგიყვებით, აქვე აღვნიშნავ, რომ ტურნირი თბილისის დროით დაახლოებით დილის 7 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, 9 საათის შემდეგ დასრულდება. ამიტომ ადრე გაღვიძებისთვის მოემზადეთ. საყურებელ ლინკს კი კომენტარებში დაგიტოვებთ. 

მიზეზი 1

Sportall.Ge

ყველა სპორტსმენს ჰყავს როგორც ერთგული გულშემატკივარი, ასევე, მოძულე -
ჰეითერი. ზოგს ერთი უფრო მეტი ჰყავს, ზოგს - მეორე. თუმცა 42 წლის კუბელ იოელ რომეროს, ალბათ, ყველაზე ცოტა მოძულე ჰყავს არა მხოლოდ შერეული ორთაბრძოლების, არამედ სპორტის ისტორიაში. დიახ, იქ 42 წერია და არა 32 ან 22. იოელი წარმოშობით კუბელია. პრაქტიკულად, მთელი ახალგაზრდობის წლები თავისუფალ ჭიდაობას მიუძღვნა, სიდნეის ოლიმპიადაზე ვერცხლიც აიღო. სხვათაშორის, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველ რევაზ მინდორაშვილთან დამარცხდა. იოელი მოგვიანებით უკვე შერეული ორთაბრძოლებით დაინტერესდა. მისი ძმა იოან პაბლო ერნანდესი კრივში მსოფლიოს ჩემპიონი იყო და სწრაფად აათვისებინა ეს სპორტი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ათლეტური აღნაგობის საუკეთესო ჭიდაობის ბაზისა და კრივის მებრძოლი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ-ერთ ვარჯიშზე რომერომ კისერი დაიზიანა და ექიმებმა სპორტით დაკავება სამუდამოდ აუკრძალეს. როგორც თვითონ ამბობს, "თავად ღმერთს უნდოდა ჩემი სპორტსმენობა" და არაბუნებრივი ძალის დახმარებით, მან შეძლო ვარჯიშების გაგრძელება. მიუხედავად გვიანი სტარტისა, რომერო ნამდვილი მანქანა გახდა და ახალგაზრდა და მშიერ მებრძოლებს პანტაპუნტით ანოკაუტებდა. ვეტერანმა დაამარცხა UFC-ის 3 ექსჩემპიონი: ლიოტო მაჩიდა, კრის ვეიდმანი და ლიუკ როკჰოლდი. აღსანიშნავია, რომ სამივე დაანოკაუტა. მაშინდელ ჩემპიონ რობერტ უითაკერს უარი საკმაოდ ახლო ბრძოლა მისცა, თუმცა ორივეჯერ სადავო გადაწყვეტილებით იოელი დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ბრძოლა უითაკერისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას შემდეგ ტრავმები დაეწყო და ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა. რომერო ასევე გამორჩეულია თავისი პოზიტივით და სილაღით. ის ხშირად სალსას ცეკვავს, დიდ დროს ატარებს გულშემატკივართან, სასტიკი ნოკაუტებით გამარჯვების შემდეგ კი კოცნის მოწინააღმდეგეებს. კარგად არ იცის ინგლისური და კუბური აქცენტი და გატეხილი ინგლისური მას კიდევ უფრო საყვარელს ხდის. კვირას იოელს, სავარაუდოდ, საბოლოო შანსს ექნება, რომ ჩემპიონი გახდეს.  იმასაც გეტყვით, რომ 42 წლის კუბელის ბევრს ეშინია და ხშირად არავინ ხვდება. მაგალითად, ინგლისელი დარენ ტილი ღიად აცხადებს, რომ არასდროს შეხვდება რომეროს.

მიზეზი 2

Sportall.Ge

ისრაელ ადესანია! საშუალო წონის ჩემპიონი ისრაელ ადესანია, ალბათ, ყველა დროის ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია. მისი დგომის უნარები შთამბეჭდავი და ეფექტურია. ახალგაზრდა ჩემპიონს, ასევე, რკინის გული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე შეუძლია იომოს. ეს მან კელვინ გასტელუმთან ბრძოლაში დაამტკიცა. გასული წლის ოქტომბერში მან ყოფილი ჩემპიონი, ავსტრალიელი რობერტ უითაკერი მეორე რაუნდში სასტიკად დაანოკაუტა (შეგახსენებთ, უითაკერს რომერო 2-ჯერ ეჩხუბა და ვერცერთხელ ვერ მოუგო). ისრაელი იმდენად გამორჩეულია ცხოვრებაში, რამდენადაც ოქტაგონზე. მას აქვს დედპულის ტატუ, არის ანიმეების ფანატიკოსი და წარმოდგენილია ექსცენტრიკული პერსონით. ამ ბრძოლაში ფავორიტი ადესანიაა, თუმცა მონსტრი რომეროც არ არის უშანსოდ. 

მიზეზი 3

Sportall.Ge

თავის მეორე ბრძოლას UFC-ში ქართველი გიგა ჭიკაძე ჩაატარებს. გიგა, რომელსაც კარგი კიკბოქსინგის ბაზა აქვს, ნახევრად მსუბუქ წონაში ნელ-ნელა წინ მიიწევს. მისი დებიუტი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში გასული წლის სექტემბერში ბრენდონ დევისთან ბრძოლაში შედგა. ქართველმა ბრენდონი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. კვირას მისი მოწინააღმდეგე ჯამალ ემერსი იქნება, რომლისთვისაც ეს ბრძოლა სადებიუტოა. აღსანიშნავია, რომ ჯამალი თავდაპირველად არ აპირებდა ამ ტურნირზე გამოჩენას, თუმცა მან ჭიკაძის მოწინააღმდეგე შეცვალა, რომელიც ვარჯიშზე დაიტრავმა. 

მიზეზი 4

Sportall.Ge

მარიხუანის მომხმარებელი, ვიდეოთამაშების ფანატიკოსი, ქველმოქმედი და შერეული საბრძოლო ხელოვნებების სნუპ დოგი, თქვენ წინაშეა შონ ო'მეილი. 25 წლის შონი ტრავმის შემდეგ ოქტაგონზე ბრუნდება. მისი პოპულარობა მის რეიტინგს ნამდვილად არ შეესაბამება. ო'მეილს საკმაოდ დიდი ფან-ბაზა ჰყავს, თუმცა UFC-ში სულ 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული. პერსპექტიულ მებრძოლს ხოსე ალბერტო ქუინონეზი დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი საკმაოდ წინ წამოვა რეიტინგებში. აღსანიშნავია, რომ ო'მეილისთან შეხვედრა ქართველ მერაბ დვალიშვილს უნდა.

მიზეზი 5
Sportall.Ge
და, რა თქმა უნდა, 8 მარტი გოგონების გარეშე არ იქნებოდა. კვირას, საღამოს, მნიშვნელობით მეორე ბრძოლაში ერთმანეთს მჩატე წონის ჩემპიონი ვილი ჩჟანი იოანა ერჯეიჩიკს დაუპირისპირდება. ვილი საკმაოდ ძლიერი და დაბალანსებული მებრძოლია, რომელსაც კარიერაში ერთადერთი მარცხი აქვს. იოანა შედარებით გამოცდილია, ის უკვე იყო UFC-ის ჩემპიონი და შეეცდება, კვირას კიდევ ერთხელ გახდეს, თუმცა საკმაოდ რთული დავალება ელოდება წინ. 

altადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
https://www.vipleague.cc/ufc-248-streaming
Sportall
11:11 06-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული