UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი მამამისისა და მწვრთნელის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის ჯანმრთელობის შესახებ საუბრობს, თანამემამულეებს კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
"ნუ ივლით სტუმრად და შეეცადეთ, სახლშიც არავინ მიიღოთ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. თავიდან უმეტესობა არასერიოზულად მივუდექით და თითქოს ჯიბრში ვდგებოდით. ხალხი ამბობდა: "ეს ყველაფერი ტყუილია, ვიღაცას აწყობს, რომ ყველაფერი გაჩერდეს და სახლში ვისხდეთ". არ მესმის, ეს ვის უნდა აწყობდეს, კორონავირუსით ავადდება როგორც გაჭირვებული, ისე უმდიდრესი ადამიანი; როგორც რიგითი მოქალაქე, ისე პრეზიდენტებიც.
ჩემი ახლო ნათესავებიდან 20 ადამიანი იწვა რეანიმაციაში. ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა კიდეც. ინტერნეტში მამაზე ბევრს წერენ. მამა ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამ ვირუსმა... გასულ წელს მამას გულზე ოპერაცია გავუკეთეთ, ახლა ვირუსმა მასზეც ცუდად იმოქმედა და ექიმებს მოუწიათ ისევ გაეკეთებინათ ოპერაცია. ასე რომ, მისი მდგომარეობა მძიმეა, ძალიან მძიმეა", - განაცხადა ხაბიბმა "ინსტაგრამის" ლაივში.