ახალი LEXUS LX საქართველოშია - ყველაფერი იაპონური ბრენდის მდიდრულ ფლაგმანზე

AutoSharing Option
საქართველოში გაყიდული ყოველი მეორე ახალი ლექსუსი LX-ია.

2022 წლიდან სრულიად ახალი მოდელი გამოვიდა.

"ლექსუსმა" თავისი ფლაგმანი LX სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.

პრემიუმკლასის ავტომობილების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია "ლექსუსმა" ახლახან თავისი მთავარი მოდელის, ბრენდის ფლაგმანის, Lexus LX-ის სრულიად ახალი თაობა წარმოადგინა. ფუნდამენტურად განახლებული LX-ის საერთაშორისო პრეზენტაცია და ტესტ-დრაივი საქართველოში გაიმართა. ბრენდის ბესტსელერი ავტომობილი, კომფორტის, მდიდრულობის და ტექნოლოგიების თვალსაზრისით, სრულიად ახალ საფეხურზეა აყვანილი.

Sportall.Ge

საქართველოში "ლექსუსის" პირველი ოფიციალური ცენტრი Lexus Tbilisi 2018 წელს გაიხსნა და ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაყიდული ახალი "ლექსუსებიდან"
LX-ის წილი საშუალოდ 50 პროცენტი იყო. ანუ: საქართველოში გაყიდული ყოველი მეორე ახალი "ლექსუსი" LX-ია. ახლა კი ახალი თაობა გამოვიდა და არის მოლოდინი, რომ მოდელის ფუნდამენტური განახლების შემდეგ მასზე მოთხოვნა არნახულად მოიმატებს, გაყიდვების წილი კი 60 პროცენტს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ 50-ზე მეტ ბაზარზე 500 000-ზე მეტი LX-ია გაყიდული.

2021 წელს ახალი ლენდ-კრუიზერ 300 გამოვიდა და როგორც მოსალოდნელი იყო, მან მომხმარებელთა უდიდესი ინტერესი გამოიწვია; ის ადამიანები კი, ვისაც მეტი კომფორტი და მეტი მდიდრულობა სურდა, სწორედ ახალ Lexus LX-ს ელოდებოდნენ.

ახალ მოდელს წინა მხრიდან კვლავ რადიატორის მასიური ცხაური გამოარჩევს, რომელიც წლებია, ამ ბრენდის საფირმო ნიშნად მიიჩნევა. ცხაური შეიძლება იყოს ვერცხლისფერი ან მუქი - თუკი F Sport-ის კომპლექტაციაა.

რაკი შუქდიოდური Matrix განათება ლენდ-კრუიზერ 300-ში გამოჩნდა, "ლექსუსს" წინ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგა და რა თქმა უნდა, ასეც მოიქცა: LX-ში გამოჩნდა მიკროსარკეებით აღჭურვილი ფარები, რაც "ლექსუსის" სხვა მოდელებს უკვე ჰქონდათ, ახლა კი ბრენდის ფლაგმანსაც აქვს. რაც შეეხება საბურავებსა და დისკებს: თუკი ადრე LX-ებს მაქსიმუმ 21-დუიმიანი დისკები ჰქონდათ, ახლა მაქსიმალური ზომა 22 დუიმია.

ახალი Lexus LX-ის უკანა მხარე კიდევ უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე წინა. პირველ რიგში, იცნობთ სახასიათო, L-ის ფორმის მაშუქებით. აღსანიშნავია განათების ხაზი, რომელიც ორივე ფარს აერთიანებს. ეს თანამედროვე მოდაა, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი მარკა იყენებს. ლოგოს ნაცვლად, უკან ახლა უკვე წარწერა Lexus-ს შეხვდებით - ესეც ერთგვარი ბოლოდროინდელი ტრენდია. საბარგულის მოცულობა არ შეცვლილა და, რა თქმა უნდა, იწარმოება 7-ადგილიანი ვერსიაც.

ზუსტად ისე, როგორც თანაპლატფორმელ ლენდ-კრუიზერში, Lexus LX-შიც ვეღარ შეხვდებით 8-ცილინდრიან ძრავებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დაგაკლდებათ - პირიქით! მართალია, ორი ცილინდრი მოაკლდა და ახლა მხოლოდ V6 ძრავებით იწარმოება, მაგრამ რაც მთავარია, გაცილებით მეტი სიმძლავრე აქვს და ამავდროულად, გაცილებით ეკონომიურია.

დიზელის ძრავის შემთხვევაში ინდექსი არის 500. აქამდე, როგორც იცით, 450d იყო. ინდექსი იმის გამო მოემატა, რომ ხაზი გაესვას სიმძლავრის მატებას - ადრე 272 ცხენის ძალა ჰქონდა, ახლა კი 299 ცხენის ძალა აქვს. მაბრუნი მომენტი 700 ნიუტონმეტრია. რაც შეეხება ძრავის მოცულობას: დიზელის შემთხვევაში იყო 4,5 ლიტრი, გახდა 3,3. სამაგიეროდ, ორტურბინიანია და ახლა გაცილებით სწრაფად ჩქარდება - 100 კმ/სთ-ს 7 წამში ავითარებს, რაც ამ ზომისა და წონის მანქანისთვის ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

7 წამი სჭირდება 100-მდე აჩქარებისთვის ბენზინის ვერსიასაც, რომელსაც LX 600 ეწოდება. ინდექსი ამ შემთხვევაშიც სიმძლავრის მატებას გულისხმობს - ბენზინის ვერსიას ადრე 367 ცხენის ძალა ჰქონდა, ახლა კი 415 ცხენის ძალა აქვს. მაბრუნი მომენტი კი ამ შემთხვევაში 650 ნიუტონმეტრია. ძრავის მოცულობა 3,5 ლიტრია და ბენზინის 6-ცილინდრიანი აგრეგატიც 2-ტურბინიანია.

ორმხრივი, ორმაგი ტურბოკომპრესორები ცვლადი საქშენებით სრულიად ახალია და ტურბო-სისტემა ძალიან სწრაფად რეაგირებს. ორივე ვერსიას ასევე ახალი, 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს.

აღსანიშნავია, რომ "ლექსუსი" ჰიბრიდული LX-ის გამოშვებას არ გეგმავს. ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ლექსუსის სამოდელო რიგში ჰიბრიდული LX უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ ეს სიმართლე არ არის - ახლო მომავალში ჰიბრიდი არ იგეგმება.

Sportall.Ge

ყველა LX-ის საბაზო კომპლექტაციაშია ჰიდრო-პნევმატიკური დაკიდების სისტემა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვა ჰიდრო. აღსანიშნავია აქტიური სიმაღლის კონტროლის (AHC) საკიდარი, რომელიც მგზავრობის პირობების შესაბამისად იძლევა სიმაღლის რეგულირების საშუალებას - ახლა უკვე პოზიციების უფრო ფართო არჩევანით. გარდა ამისა, ახლა სისტემა ახდენს ავტომობილის მდგომარეობის სტაბილიზაციას მოსახვევში, აჩქარებისა და შენელების დროს, საჭიროებისამებრ, ზამბარის სიხისტის კოეფიციენტის ოპტიმირების საშუალებით. სტანდარტულ რეჟიმში კლირენსი 202 მილიმეტრია. შესაძლებელია ძარის 27 მილიმეტრით დაბლა დაწევა და 225 მილიმეტრამდე აწევა, ან სულაც 275 მილიმეტრამდე აწევა. არის მესამე ვარიანტიც: ეს ის შემთხვევაა, როცა ავტომობილი თვითონ წყვეტს, რამდენი უნდა იყოს კლირენსი მოცემულ მომენტში საჭიროების მიხედვით. ასეთ დროს მაქსიმალური კლირენსი შეიძლება იყოს 305 მილიმეტრი.
ახალი Lexus LX-ის ტოპ-ვერსიას ახალი სახელწოდება აქვს: VIP. აღნიშნული კომპლექტაცია გამოირჩევა 4 დამოუკიდებელი სავარძლით, უმაღლესი დონის კომფორტით და უაღრესად მდიდრული გარემოთი.

VIP-კომპლექტაციის უკანა სავარძლების დახრა შესაძლებელია 48 გრადუსამდე. უკან მოთავსებული მგზავრისთვის განკუთვნილ მონიტორს, რომელიც წინა მგზავრის საზურგეზე მდებარეობს, აქვს ჩაკეცვის ფუნქცია, რათა მგზავრისთვის უზრუნველყოფილი იყოს იდეალური ხილვადობა წინ და გაჩნდეს კიდევ უფრო მეტი სივრცის შეგრძნება. ამასთან, წინა სავარძლის მაქსიმალურად გადაწევის შემდეგ იქმნება ბიზნესკლასის ტიპის სივრცე უკანა მგზავრისთვის, რომელსაც შეუძლია, ფეხები მაქსიმალურად გაშალოს და იდეალურად მოისვენოს მწოლიარე მდგომარეობაში. გარდა ამისა, VIP-კლასის უკანა განყოფილებაში შეხვდებით მაქსიმალური კომფორტის ისეთ დეტალებს, როგორებიცაა მზისგან დამცავები გვერდითა და მცირე ზომის ფანჯრებზე, სპეციალური ნათურები კითხვისთვის, კლიმატკონტროლის ექსკლუზიური საჰაერო ჭერზე, რომელიც ჰაერს ზემოდან შხაპისმაგვარი ფუნქციით აფრქვევს და ა.შ.

უკანა მართვის პანელი, რომელიც ცენტრალურად აკონტროლებს უკანა სავარძლის და მისი მიმდებარე ტერიტორიების სხვადასხვა ფუნქციასა და აღჭურვილობას, შემუშავებულია დიდი ყურადღებით, საჭიროებების პრიორიტეტულობის მიხედვით, უმცირეს დეტალებამდე, განლაგების და ფორმის გათვალისწინებით.
ბევრი ცვლილებაა და ხარისხისა და კომფორტის სრულიად ახალ საფეხურზეა აყვანილი ახალი Lexus LX-ის ინტერიერის წინა განყოფილებაც. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ლენდ-კრუიზერ 300-ისგან განსხვავებით, რომელსაც საჭის ელექტროჰიდროგამაძლიერებელი აქვს, ახალი LX-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს სუფთა ელექტროგამაძლიერებელთან. ეს უპირატესობა ავტომობილის მართვის პროცესში, ნებისმიერ სიტუაციაში იგრძნობა.

Sportall.Ge

ინსტრუმენტთა პანელზე ვერტიკალურად განთავსებული ორმაგი მონიტორი Lexus-ის ექსკლუზივია. ზედა ნაწილი არის 12,3-დუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც აჩვენებს ნავიგაციას და აუდიოსისტემის კონტროლს და რომელიც გამოიყენება, როგორც მულტი-რელიეფური მონიტორი ოფროუდ (off-road) რეჟიმში მართვის დროს. ქვედა, 7-დუიმიანი სენსორული მონიტორი გვიჩვენებს კლიმატ-კონტროლის ეკრანს და გამოიყენება, როგორც ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული ეკრანი, მულტირელიეფური ფუნქციის არჩევანით, მართვის რეჟიმის ასარჩევად და ა.შ. წინა მოდელთან შედარებით, ინტერფეისი და გრაფიკა გაცილებით გაუმჯობესებულია.
ახალი მულტირელიეფური მონიტორი იყენებს ოთხ კამერას, რომლებიც ეხმარება მძღოლს გააკონტროლოს ავტომობილის გარშემო არსებული მდგომარეობა. ასევე, წარმოდგენილია ახალი მანქანის ძირის ხედვის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც, მძღოლს შეუძლია როგორც მანქანის მდგომარეობის, ასევე, წინა და უკანა ბორბლების მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება.

ახალი LX-ის სავალი ნაწილის უნიკალურ მოქნილობას ნებისმიერი ტიპის გზაზე მარტივად შეამჩნევთ. განსაკუთრებულ სირბილესთან ერთად აღსანიშნავია უმაღლესი დონის მდგრადობა მოსახვევებში - თამამად შეიძლება ითქვას, რომ 3-ტონიანი ავტომობილის ასეთი დინამიკურობა უიშვიათესი მოვლენაა. ისევე, როგორც ლენდ-კრუიზერ 300-ის შემთხვევაში, Lexus LX-ის ჩარჩოს და სახურავის წონა 200 კილოგრამით შემცირდა, თუმცა საერთო ჯამში მანქანა უფრო მსუბუქი არ გამხდარა, რადგან კონსტრუქტორებმა ალუმინის გამოყენებით დაზოგილი კილოგრამები ახალი ფუნქციებისა და სისტემის წონას მოახმარეს.

რაც შეეხება უგზოობაზე გადაადგილებას და LX-ის გამავლობას - დიფერენციალების 3 ბლოკირება ამომწურავი პასუხია, ისევე, როგორც მისი კლირენსი და წინა და უკანა განაკიდის კუთხეები, ასევე, რამპაზე გადასვლის კუთხე.

ახალი Lexus LX შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მგზავრებს შესთავაზოს დროის კომფორტულად და საინტერესოდ გატარება, სადაც უნდა მიემგზავრებოდნენ ისინი - და უფრო მეტად გაამდიდროს მათი ცხოვრებისეული გამოცდილება. შეინარჩუნა რა ჩარჩოიანი ძარის ტრადიციული კონსტრუქცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს საიმედოობა, გამძლეობა და მაღალი გამავლობა. LX-მა გააუმჯობესა მახასიათებლები ახალი, GA-F პლატფორმის დანერგვის გზით და შექმნა ციფრული მეთოდით შემუშავებული მაღალი სიმტკიცის კორპუსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული