აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება

AutoSharing Option
ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიისთვის 18 019 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადდა აუქციონი შემდეგი პირობებით:

1. 2 წლის ვადაში გადასახდელი აუქციონის საწყისი თანხა - 10 000 000 ლარი
2. 3 თვის ვადაში გადასახდელი თანხა - 500 000 ლარი
3. 3 წლის ვადაში არანაკლებ 7 200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობის აშენება-გარემონტება და უსასყიდლოდ გადაცემა, რომლის მოსაწყობად დასახარჯია არანაკლებ 26 128 219 ლარისა
4. 3 წლის ვადაში სამბოს დარბაზის აშენება-გარემონტება და უსასყიდლოდ გადაცემა, რომლის მოსაწყობად დასახარჯია არანაკლებ 3 390
776 ლარისა

ქონების ყიდვა რამდენიმე ინვესტორს სურდა, ამიტომ აუქციონი 51 ბიჯით წარიმართა და 11 020 000 ლარით კომპანია "ვი არ ვაკე თაუერსის" გამარჯვებით დასრულდა.

რეზიუმე:

კომპანია "ვი არ ვაკე თაუერსის" ჯამური ვალდებულება სახელმწიფოს მიმართ შეადგენს 41 მლნ ლარზე მეტ თანხას, რაც მიწის ღირებულება 1 კვ.მ-ზე 1 414 აშშ დოლარია და დამატებით განახორციელებს მინიმუმ 50 მლნ ლარის ინვესტიციას.

გამარჯვებული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძეა, რომელიც 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს უძრავი ქონების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს, მათ შორის ერთ-ერთი მასშტაბურია "კრწანისი რესორტ რეზიდენსი" - პირველი რესორტული ტიპის პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი.

"ჩვენი მიზანია ტერიტორიის გაჯანსაღება, პრესტიჟული, თანამედროვე, პრემიუმ ხარისხის სპორტული უნივერსიტეტის მოწყობა მიწისქვეშა პარკინგებით, დახურული და ღია სპორტული მოედნებით. სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სრულფასოვანი განათლება, რაც ხელს შეუწყობს მრავალი წარმატებული ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის აღზრდა-განვითარებას.

Sportall.Ge

ჩვენთვის აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში ვაპირებთ ჯეროვნად შევასრულოთ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ჯამურად არანაკლებ 41 მლნ ლარია და დამატებით განახორციელებს მინიმუმ 50 მლნ ლარის ინვესტიციას. ჩვენს ქალაქს მოთხოვნილ ვადებში გადავცემთ საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილ ახალ სპორტის უნივერსიტეტს და სამბოს დარბაზს.

ასევე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქს ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე შევმატოთ აღნიშნული ტერიტორიისთვის თავსებადი მულტიფუნქციური კომპლექსი. შევქმნით განსაკუთრებულ, გამორჩეულ და უნიკალურ პროექტს, რომელიც იქნება ქალაქში ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი, შექმნის მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს და იამაყებენ არა მხოლოდ თბილისის მცხოვრებლები, არამედ სრულიად საქართველო" - აღნიშნავს კომპანიის მფლობელი ნოშიკო ნამორაძე.

აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
ბ) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის გადახდა სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოსათვის მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში;
გ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონებიდან, დანართი N2-ით განსაზღვრული სიტუაციური გეგმის შესაბამისად, არანაკლებ 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 26 128 219 (ოცდაექვსი მილიონ ას ოცდარვა ათას ორას ცხრამეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტით და პირობებით:
გ.ა) არანაკლებ 9 400 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობის სრულ რემონტს, დამოუკიდებელ გათბობა-გაგრილების სისტემას, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს, კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის თითო დარბაზისა და ჭიდაობის 2 (ორი) დარბაზის (ჯამში 8 (რვა) დარბაზი) მოწყობას) და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;
გ.ბ) "გ.ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსადგომიდან არანაკლებ 110 კვ.მ. ფართის მოწყობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგი ასრულებდეს სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქციას;
გ.გ) არანაკლებ 500 (ხუთასი) კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი/ბუნებრივსაფარიანი მინისაფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 650 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ჩოგბურთის მოედნის მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;
დ) "გ" პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტითა და პირობებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ 3 390 776 (სამი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, სამბოს დარბაზის პროექტირება, მშენებლობა, რემონტი და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება.
ვ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით, ასევე, "გ" და "ე" პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის დანახარჯის/ ინვესტიციის განხორციელება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე). მყიდველი ვალდებულია "ა-ვ" პუნქტებით განსაზღვრული პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს "ვ" პუნქტით განსაზღვრული დანახარჯის/ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვის ვადით და რომელიც შესაძლებელია პროპორციულად (განხორციელებული დანახარჯის/ინვესტიციის 5%-ის ოდენობით) შემცირდეს დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების ეტაპობრივად შესრულების პარალელურად, კერძოდ, თავდაპირველად 10 000 000 (ათი მილიონი), ხოლო შემდგომ ყოველი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელების დადასტურების შემთხვევაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
კესო კაციტაძე
ტელ: 577 14 19 43
ელ.ფოსტა: kkatsitadze@vr.ge

R
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიზკულტურულს ეკუთვნოდა კორტებს გვერდით მდებარე ნინო დუმბაძის სახელობის მძლეოსნობის მანეჟი, რომლის ადგილას კორპუსი შენდება. ფალავანთა კლუბის ზემოთ, ვიდრე უცხო ენების ინსტიტუტისკენ მოუხვევთ ხაბარელის მიერ აშენებული ყოვლად უაზრო შენობა დგას უადგილოდ, ასევე ვაკის საცურაო აუზი წარსულში ეკუთვნოდა ფიზკულტურულს ისევე, როგორც საცურაო აუზის მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს მყოფი ფარიკაობის დარბაზი, სადაც ამჟამად ასევე კორპუსია, ოღონდ უკვე აშენებული. ფიზკულტურული მფლობელობაში იყო ასევე არმიის სპორტული კლუბისა და ქარიშხალას ხარბაზები (ამჟამად არენა 1 და არენა 2). ახლა მითხარით, ასე მცირე ტერიტორიაზე აქვს აზრი დარბაზებისა და სტადიონების აშენებას ან/და როგორ უნდა აშენდეს?!
ყველაზე კარგი იქნებოდა ერთხელ გაჟღერებული იდეა, ფიზკულტურის ინსტიტუტის ოლიმპიურ სოფელში აშენება!
ლაშა
18:52 13-12-2022
1

სიახლეები პოპულარული