რა ბრძოლაა?
ორთაბრძოლების ორი ყველაზე პოპულარული სახეობის - კრივისა და MMA-ის (შერეული ორთაბრძოლები) საუკეთესო წარმომადგენელთა პირველი ბრძოლა ისტორიაში. ასეთ შეხვედრაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ამის ორგანიზება შეძლო ერთი მხრივ, კრივის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა მოკრივემ, რომელსაც პროფესიულ რინგზე 49-დან 49 მოგება აქვს და მეორე მხრივ, MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია UFC-ის ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონმა. ბრძოლა საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ რინგზე ორი განსხვავებული სტილის მებრძოლი შეხვდება, არამედ ჰონორარების გრანდიოზული ოდენობით, აგრეთვე ბრძოლის მიმართ ყურადღებით - შეუძლებელია, ნებისმიერ ადამიანს გაკვრით მაინც არსად და როდის?
ბრძოლა გაიმართება ლას ვეგასში, პროფესიული კრივის წესებით ნახევრადსაშუალო წონაში. თარიღია 27 აგვისტო, თბილისის დროით დილის 8 საათი. ბრძოლის ხილვის საშუალება Pay-Per-View-ის ფორმატში შესაძლებელი იქნება ამერიკულ ტელეარხ Showtime-ზე და UFC-ის ოფიციალურ ტელეარხზე. საქართველოში ბრძოლას პირდაპირ ეთერში გადაცემს "SILK-უნივერსალი".ვინ არის მეივეზერი?
ამერიკელი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოკრივეა ისტორიაში. ის ახერხებდა საკუთარი ბრძოლების გაყიდვას კოსმოსურ ფასად, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ყველაზე პრესტიჟული სუპერმძიმე წონითი კატეგორიის წარმომადგენელი. მისი ბრძოლები ყოველ ჯერზე შედიოდა ისტორიაში გამომუშავებული ჰონორარის ოდენობით.მოკრივეთა ოჯახში დაბადებულმა ფლოიდმა მოყვარულებში ასამდე ბრძოლა ჩაატარა და მოიგო ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე. 1996 წელს დებიუტი ჰქონდა პროფესიონალებში და მას შემდეგ არ დამარცხებულა. ფლოიდის აქტივშია გამარჯვებები - მენი პაკიაოზე, მარკოს მაიდანაზე, საულ ალვარესზე, მიგელ კოტოზე, ხუან მანუელ მარკესზე, რიკი ჰატონზე, ოსკარ დე ლა ჰოიაზე, არტურო გატიზე და სხვა ცნობილ მოკრივეებზე. 2015 წელს მან პროფესიული კარიერა დაასრულა, მაგრამ დაბრუნდა იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჰონორარი მიიღოს - 100 მილიონზე მეტი.
ვინ არის მაკგრეგორი?
მაკგრეგორი დაიბადა დუბლინის გარეუბანში, სწავლობდა სანტექნიკოსობას და ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მებრძოლის კარიერაზე არც კი ფიქრობდა, იქამდე, სანამ სპორტულ დარბაზში არ მოხვდა და ბედი არ სცადა. საქმე სწრაფად წავიდა. 2008 წლის მარტში, მას ტექნიკური ნოკაუტით ჰქონდა დებიუტი MMA-ში. როცა კარიერაში 12 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა და რამდენიმე გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა, UFC-ში მიიწვიეს, სადაც შეძლო საკუთარი თავის რეალიზება ჯერ ერთ წონაში, შემდეგ უფრო მაღალ კატეგორიაში. UFC-ში მან მხოლოდ ერთხელ წააგო - ნეიტ დიასთან, რომელსაც შემდეგ რევანში აუღო. 2016 წელს, ნოემბერში ედი ალვარესთან გამარჯვების შემდეგ, მცირე პაუზა აიღო შვილის დაბადების გამო. მაგრამ ძალიან მალე დაბრუნდა, ოღონდ, არა ოქტაგონზე, არამედ რინგზე, რათა მილიონები იშოვოს მეივეზერთან ჩხუბით და მეტოქის მოედანზე გაარკვიოს, ვინ უფრო მაგარია - მოკრივე თუ მებრძოლი.ვინ არის ფავორიტი?
გამოცდილება და კარიერული სტატისტიკა მეივეზერის მხარესაა - ეს იქნება მისი 50-ე პროფესიული ბრძოლა და მართალია, მან უკვე ორი წელია, რაც კარიერა დაასრულა, ბუნებრივია, ოსტატობა და პროფესიონალიზმი ასე სწრაფად არ გაქრებოდა. შესაძლოა, გაქრა ზოგიერთი რეფლექსი, თან ფლოიდი უკვე 40 წლისაა, მაგრამ მეივეზერი ყოველთვის განთქმული იყო თავდაცვით, ამიტომაც, თუ მან ფიზიკურად ოდნავ დათმო, ტექნიკა, რინგის გრძნობა და ტაქტიკური მომზადება ისევ თან აქვს.მაკგრეგორისთვის ეს იქნება პირველი გასვლა პროფესიულ რინგზე, ამიტომაც, მისი შანსები ფასდება, როგორც დაბალი და ირლანდიელისა ცოტა ვინმეს თუ სჯერა. მიუხედავად ამისა, ეს მებრძოლი ცნობილია დარტყმების კარგი ტექნიკით და მრავალრიცხოვანი ნოკაუტით. გარდა ამისა, მას ჰქონდა დრო ბრძოლისთვის მოსამზადებლად და საკრივო თვისებების შესაძენად. თუმცა, რამდენიმე თვეში ელიტური მოკრივეების დონეზე კრივის შესწავლა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია.
"თავხედი" ირლანდიელის ბოლომდე ჩამოწერა მაინც არ ღირს. რას გვიჩვენებს ის რინგზე - აი, სწორედ ეს არის ამ ბრძოლის მთავარი ინტრიგა. დაახლოებით ყველამ ვიცით - რას შეიძლება ველოდოთ ფლოიდისგან, თუმცა, ამერიკელი თავის თაყვანისმცემლებს ჰპირდება, რომ ეს ბრძოლა მენი პაკიაოსთან შეხვედრაზე უფრო სანახაობრივი იქნება. მაშინ, მეივეზერი გააკრიტიკეს რინგზე დრამის დეფიციტის გამო.
ბევრს იმაშიც შეეპარა ეჭვი - ხომ არ ეცდება მაკგრეგორი არად ჩააგდოს ჯენტლმენური კანონები და ერთხელ კარგად მოარტყას მეტოქეს ფეხი. მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ფეხით ნებისმიერი დარტყმა ირლანდიელს უდიდეს ჯარიმად დაუჯდება, ის დაკარგავს თითქმის მთელ ჰონორარს. და თან, ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ბრძოლასაც გაუქმებულად გამოაცხადებენ.
რატომ უნდა ვუყუროთ?
ორთაბრძოლებში საერთოდაც რომ ვერ ერკვეოდეთ, ფაქტია, ხვდებით, რომ 27 აგვისტოს დილას, ლას ვეგასის რინგზე ისტორიული მოვლენა მოხდება. როგორც უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, მასზე კიდევ დიდი ხანი დაწერენ პრესაში, ბევრს ილაპარაკებენ ახალ ამბებში, გაარჩევენ სპეციალურ გადაცემებში. გარდა ამისა, გამარჯვების შემთხვევაში, მეივეზერს უპრეცედენტო სტატისტიკა ექნება - 50 მოგება და 0 წაგება. მაკგრეგორი კი, წარმატების შემთხვევაში, გახდება პირველი, ვისაც მეივეზერი ეყოლება დამარცხებული.ამ ბრძოლაში არის ყველაფერი, რის გამოც გულშემატკივრებს უყვართ პროფესიული კრივი - დადებითი და უარყოფითი გმირები, ასეულობით მილიონი დოლარი, თავხედობა, სითამამე, გამოწვევა, ნამდვილი ინტრიგა, აგრეთვე, რთულად პროგნოზირებადი გარემო.
კილო-ნახევარი ოქრო, 3360 ბრილიანტი, ნიანგის ტყავი
კრივის მსოფლიო საბჭომ (WBC) წარადგინა სპეციალური ქამარი, რომელიც ამ ბრძოლაში გამარჯვებულს გადაეცემა. ქამარი შეიცავს კილოგრამ-ნახევარ ოქროსა და სხვა ძვირფასეულობას: 3360 ბრილიანტს, 600 საფირსა და 160 მარგალიტს. ქამრის დასამზადებლად გამოიყენეს ნიანგის ტყავი.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"