ქართველმა MMA მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ფარგლებში გამართულ ბრძოლაში კანადელი ბრედ კატონა დაამარცხა.
კატონა აქამდე დაუმარცხებელი გახლდათ. თავის მხრივ, მერაბმა კარიერაში მე-9 გამარჯვება იზეიმა. კატონას დამარცხების შემდეგ დვალიშვილმა რინგზევე გააკეთა კომენტარი. ქართველი მებრძოლი ძალიან გახარებული და ემოციურად დატვირთული იყო.
- პირველად შენს კარიერაში, 2 ბრძოლა მოიგე ზედიზედ (იგულისხმება UFC-ის ფარგლებში გამართული ბრძოლები), როგორი გრძნობაა?
- საუკეთესო გრძნობაა, ამაზე უკეთესი არაფერია. გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან რთული ბრძოლა იყო ჩემთვის. ეს ჩემი კონტრაქტით გათვალისწინებული ოთხი ბრძოლიდან ბოლო იყო. წაგების შემთხვევაში უფრო პატარა ორგანიზაციაში მომიწევდა ჩხუბი, მაგრამ მე UFC-ში დარჩენა მინდა, საუკეთესო მებრძოლებთან ჩხუბი.
ჩემ გვერდით საუკეთესო გუნდია. მე მიყვარს ჩემი გუნდი. "სიერა ლონგო" საუკეთესო გუნდია. დიდი მადლობა, ბიჭებო, თქვენი დამსახურებით ვარ ახლა აქ. მადლობა და მიყვარხართ.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო UFC-ს ყველაფრისთვის. მე მხოლოდ ბრძოლა მინდა და გაჩვენებთ, როგორია ნამდვილი ბრძოლა.
- თქვი, რომ ძნელი იყო შენთვის, თუმცა ასე საერთოდ არ ჩანდა. შენ ბრწყინვალე იყავი. გვითხარი, როგორი იყო შენი საბრძოლო გეგმა?
- მე ყველგან შემიძლია ვიჩხუბო. ეს კანადაა. დიდი პატივისცემა ჩემგან ბრედ კატონას, მაგრამ მე არ მინდოდა გარისკვა, არ მინდა მსაჯების იმედად დარჩენა. ვეცადე, რომ ძირს ყოფილიყო, ვურტყამდი და ნელ-ნელა მივიყვანე ბრძოლა ბოლომდე. ახლა მე გამარჯვებული ვარ, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. დღეს მოგებული ვარ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. გავახარე ჩემი ქვეყანაც, საუკეთესო ქვეყანა - საქართველო. და მადლობა თქვენ!
მერაბ დვალიშვილმა დღემდე უძლეველი ბრედ კატონა დაამარცხა [სრული შეხვედრის ვიდეო]