"წარმატება თავდაუზოგავი ვარჯიშით მოდის..."

AutoSharing Option
საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციამ პაბჯის პირველი პრაქტიკული თამაშები ჩაატარა, რომლებიც 1 თვის განმავლობაში გაგრძელდა. გამარჯვებული გუნდი KA (Known as) გახლავთ.

ამ ტურნირს საქართველოს კიბერსპორტის წარმომადგენელი ბაჩო ქარცივაძე ("ბაჩოს რუმი") ატარებდა, რომელსაც Sportall დაუკავშირდა და მცირედი ინტერვიუ ჩაწერა:

"მოლოდინი დიდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს კიბერლიგის სამზადისია. აქ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, ერთგვარად საკუთარი შესაძლებლობები ესინჯათ და ვფიქრობ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

ტურნირიდან ტურნირამდე კლანებისა და ცალკეული მოთამაშეების განვითარების დონე საგრძნობლად გაიზარდა. დღეს ბევრი გუნდი მოწოდების სიმაღლეზეა და, რა თქმა უნდა, კიბერლიგის შემდეგ ცვლილება
მარტივად შესამჩნევია. დისციპლინა და წესრიგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სადაც შეიძლება ითქვას, რომ დიდად ვერ გამოვირჩევით და ამაზე თითოეულ დამწყებ ან პროფესიონალ კიბერსპორტსმენს სამუშაო აქვს. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია გუნდების წარმატებისთვის.

საბოლოო ჯამში KA კლანმა გაიმარჯვა. რეალურად ამ გუნდს კარგი მომზადება ეტყობოდა და გუნდში ის გუნდურობა და მობილიზება იგრძნობოდა, რაც უმნიშვნელოვანესი დეტალია გამარჯვებისთვის. პირველადგილოსან გუნდზე საიბერი მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ვიდეოს გააკეთებს, თუ როგორ ჩამოყალიბდა კლანი, რა მიღწევები აქვთ, მათი ისტორია და ზოგადად გუნდის შექმნა.

Sportall.Ge

სხვა გუნდებს რაც შეეხება, ზოგიერთმა კლანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა თავისი ტაქტიკითა და მოწესრიგებულობით. იმედი მაქვს, რომ ეს შრომა დაუფასდებათ.

აღნიშნულ ტურნირზე უამრავ გამორჩეულ მოთამაშეს შევხვდი, თუმცა ყველასგან განსხვავდებოდა ნაგასაკი. ის იმ კლანის მოთამაშეა, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც. ნაგასაკი საუკეთესოდ იმიტომ არ დასახელდა, რომ გამარჯვებული კლანის წარმომადგენელია, არამედ მან ეს ტიტული იმისთვის მიიღო, რომ გუნდისთვის იბრძოლა და ისეთი ღირებული მომენტები შექმნა, რომლებიც გულშემატკივრისთვისა და პირადად ჩემთვის დაუვიწყარი გახლდათ. რა თქმა უნდა, შესანიშნავი მომენტები ბევრს ჰქონდა, მაგრამ ზემოხსენებული ყველა თამაშში გამოირჩეოდა.

Sportall.Ge

ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, ყოველი დასრულებული აქტივობა ახლის დაწყებას მოასწავებს. ამ შემთხვევაში წინ გველის საქართველოს კიბერლიგა, უკვე მეორედ. მოგეხსენებათ, გასულ წელს პირველი კიბერლიგა საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. საბოლოო ჯამში ტურნირი 6 სხვადასხვა კიბერსპორტულ სახეობაში ჩატარდა. რაც შეეხება კონკრეტულად პაბჯის, მონაწილეობა 1400-ზე მეტმა მოთამაშემ და 300-ზე მეტმა გუნდმა მიიღო .

დასკვნის სახით მინდა გითხრათ, რომ ჩემი სამომავლო გეგმა გუნდებში წესრიგისა და კიბერსპორტული წესების დანერგვა გახლავთ. მინდა ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, თუ როგორ ჩამოყალიბდეს კიბერსპორტსმენად. მინდა გითხრათ, რომ წარმატება თავდაუზოგავი ვარჯიშით მოდის, საბოლოოდ კი დიდებულ გამარჯვებამდე მივყავართ" - განაცხადა ბაჩო ქარცივაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული