"მთავარია, არ დანებდნენ და საქმეში თავიანთი მაქსიმუმი ჩადონ..." - ინტერვიუ წარმატებულ კიბერსპორტსმენთან

AutoSharing Option
კიბერსპორტს, კლასიკური სპორტის სახეობისგან განსხვავებით, ის უპირატესობა აქვს, რომ მასში ჩართული ადამიანების ოდენობა შეზღუდული არაა და დროისა და სივრცის შეზღუდვა არ გააჩნია - შენ შეგიძლია ითამაშო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს და იყო მოქმედი პერსონაჟი. როცა ფეხბურთს უყურებ, შენ მოთამაშეებს არ მართავ, კიბერთამაშებში კი სხვანაირადაა - ყველაფერი შენს ხელთაა. შეგიძლია გოლი გაიტანო, მოკლა, იბრძოლო, იფრინო და ამას შენ აკეთებ. კიდევ ბევრი მიზეზის გამო კიბერსპორტი ვითარდება, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანია მასში ჩართული. ამ და სხვა საკითხების შესახებ ჩვენ სამუელ
კარაპეტიანს (Xsensus) ვესაუბრეთ:

- საიდან დაიწყო შენი, როგორც კიბერსპორტსმენის კარიერა, რა იყო მოტივაცია, რამაც დაგარწმუნა, რომ ამ სფეროში დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი?
- თავიდან კიბერსპორტსმენობას არ ვაპირებდი, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხდი, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შემეძლო და მხოლოდ გასართობად არ უნდა დავკავებულიყავი, რადგან ვუყურებდი უცხოელ კიბერსპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და გადავწყვიტე იმავე გზის გავლა. დავინახე, რომ ამ თამაშის მეშვეობით მეც შემეძლო მივყოლოდი მათ დინებას, გავმხდარიყავი პროფესიონალი მოთამაშე და საყვარელი საქმიანობით საქართველოში კიბერსპორტის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა.

- შენს "იუთუბ-არხზე" რომ გვესაუბრო, კიდევ სადმე თუ აშუქებ შენს კიბერსპორტულ მოღვაწეობას?
- სიმართლე გითხრათ ჩემს იუთუბ არხზე ამხელა აჟიოტაჟს ნამდვილად არ მოველოდი, თუმცა ყველაფერი მალევე შეიცვალა. ხშირად სხვადასხვა ქვეყნის მოთამაშეებს ვეთამაშები, მათი დამარცხების შემდეგ კი, ლოგიკურია, რომ ინტერესი უჩნდებათ, რომ მიადევნონ თვალი ჩემ ირგვლივ არსებულ სიტუაციას, გვერდში მიდგებიან და ცდილობენ, მომცენ სტიმული, რათა კიდევ უფრო მეტად განვვითარდე.

არ მეგონა, ინფლუენსერობას თუ ოდესმე მივუდგებოდი, თუმცა ასეთ მოკლე დროში დადებული შედეგის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამერჩია ეს გზა და მივყოლოდი მას. რაც შეეხება სხვა პლატფორმას, "იუთუბის" გარდა, "ფეისბუქზე" ვაზიარებ მათ, სხვაგან არსად, რადგან მირჩევნია, მქონდეს ერთი არხი და მის განვითარებაზე ვიბრძოლო. 

- რამდენად დიდი დრო მიაქვს ვარჯიშსა და გულშემატკივრისთვის თამაშის ლაივ-რეჟიმში ჩვენებას?
- კიბერსპორტს ძალიან დიდი დრო მიაქვს, რადგან მე არა მხოლოდ ვთამაშობ, არამედ მას ლაივ-რეჟიმში ჩემს გულშემატკივარს ვაჩვენებ. ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მარტივია, თუმცა, როდესაც შენ ერთიანი დიდი აუდიტორია გყავს, ვალდებული ხარ, რომ ყველას ყურადღება დაუთმო, რაც დამეთანხმებით, მარტივი არ არის. ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს, მინიმუმ 5-დან 8 საათამდე, თუმცა მე ამ ყველაფერს ბევრად მეტ დროს ვუთმობ, რადგან რაც მალე განვვითარდები, მით უკეთესი შედეგები მექნება.

- რომ გადავიდეთ უშუალოდ PUBG-M-ზე, რომელ გუნდში ასპარეზობ ამჟამად, რა მიღწევები გაქვს, ემზადები თუ არა რაიმე დიდი ტურნირისთვის?
- როგორც იცით, ვიყავი ჩემ მიერ დაარსებულ გუნდ Only-ში. იქ თავი ძლიერმა მოთამაშეებმა მოვიყარეთ, გავედით სხვადასხვა ტურნირზე, სადაც მშვენიერი შეხვედრები დავდეთ. თავიდან, მახსოვს, ევროპის ჩემპიონი Konina Power-ი 4/4-ზე თამაშში დიდი სხვაობით დავამარცხეთ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შემდეგ უფრო გლობალურ ტურნირებზე გადავერთეთ, სადაც ასევე წარმატებით ვიასპარეზეთ.

როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში არაერთი საპრიზო ადგილი დავიკავეთ. ამჟამად გუნდი შევიცვალე და ორგანიზაცია ENDSPIEL-ში გამოვდივარ, რომელიც თითქმის იმავე მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც Only-ში ვიყავით, თუმცა უფრო გავძლიერდით და მეტი ამბიცია გვაქვს.

დღეს ჩვენ ამ სფეროს უფრო პროფესიონალურად ვუყურებთ, მეტ დროს ვხარჯავთ და ვცდილობთ, რომ შეცდომები აღმოვფხვრათ, რათა დიდ ასპარეზზე გამოსვლისას თითოეული ნაბიჯი სწორად იყოს გათვლილი. ახლა საქართველოში მასშტაბური ტურნირი იგეგმება, საპრიზო ფონდი საკმაოდ დიდი იქნება, კიბერსპორტსმენები ერთმანეთს სხვადასხვა კიბერთამაშში შეხვდებიან, "პაბჯი მობაილში" კი ჩვენ უმაღლესი შედეგის დაფიქსირებას ვგეგმავთ.

- საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მოთამაშე ხარ. რა რჩევას მისცემდი შენს მაყურებლებს?
- ჩემი მაყურებლებისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარია, არ დანებდნენ და საქმეში თავიანთი მაქსიმუმი ჩადონ. ყოველთვის მინდა იცოდნენ, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობის. არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი რა გზას აირჩევს. მთავარია, ყველაფერი გააკეთოს მის შესასრულებლად.

- რეალურია ის ფაქტი, რომ კიბერსპორტსმენების მშობლები სპორტის ამ სახეობას არასერიოზულად უყურებენ - შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? და რამდენად რეალურია, რომ საქართველოში კიბერსპორტი ჩამოყალიბდეს, როგორც პროფესია?
- კი, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ფაქტია, როგორც უნდა შევხედოთ, მშობლებისთვის ეს უბრალოდ თამაშია, თუმცა რეალურად კიბერსპორტი დროდადრო სამსახურად შემოგვეპარა. მაგალითად, უცხოეთში მოთამაშეები ისევე იყიდებიან, როგორც ფეხბურთელები. მათში კონკრეტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სოლიდურ თანხას იხდის. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მთავარია, მშობლებს მივაწვდინოთ ხმა, რომ ეს ჩვეულებრივი სამსახურია და ჩვენ მას, როგორც თამაშსა და გართობას, ისე არ ვუყურებთ.

- გადავიდეთ სპონსორზე, როგორც ხელისშემწყობ ფაქტორზე, რადგან ამ პროფესიაში დამხმარე ადამიანის ან კომპანიის გარეშე წარმატების მიღწევა რთულია...

- რა თქმა უნდა, როდესაც ასპარეზობას უცხოეთში განაგრძობ, იქ ფინანსურად დამხმარე ადამიანის მოძიება მნიშვნელოვანია. პირადად მე სპონსორი მყავს, თუმცა ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ უკან ძლიერი "იუთუბის" არხი მაქვს. უბრალოდ მოთამაშე რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ არ დამეხმარებოდნენ.

კიბერსპორტსმენებისთვის საქართველოში სპონსორის პრობლემა დღის წესრიგში დგას. ჩვენი ორი გუნდი დიდი წარმატებით გამოდის, ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვთ, თუმცა მათ გვერდში არავინ უდგას. ამხელა მასშტაბის ტურნირზე 20 გუნდი იყო წარმოდგენილი. აქედან 18-ს სპონსორი ჰყავდა, 2-ს კი - არა. ალბათ, მიხვდებით, რომ ეს ჩვენი, ქართული გუნდები იყვნენ...

- მსოფლიოს წარმატებული კიბერსპორტული გუნდებიდან რომელია შენი ფავორიტი? რომ შეგეძლოს, რომელი მათგანის შემადგენლობაში იასპარეზებდი?
- სიამოვნებით ვითამაშებდი Natus vincere-ში, რადგან მომწონს მათი გუნდი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდი იმედი მაქვს, ჩემი გუნდითაც დავდებ მათ მსგავს შედეგს და ვაჩვენებ იმავე დონის თამაშს, რის გამოც გულშემატკივარს თავს აყვარებს.

- ჰობი? როგორია სამუელის ცხოვრება PUBG-M-ს გარეთ?
- ვიყავი ფეხბურთელი, მიყვარს წიგნის კითხვაც.

- კიბერსპორტის გარდა, სხვა სპორტით თუ ხარ დაკავებული ან გხიბლავს? რომელი? საყვარელი სპორტსმენი?
- როგორც გითხარით, ფეხბურთელი ვიყავი, ჩემთვის სპორტსმენის იდეალი კრიშტიანო რონალდო არის, მისი შემართება და მონდომება სამაგალითოა.

- დაბოლოს, რომ დავუბრუნდეთ PUBG-M-ს თემას, რა რჩევას მისცემდი დამწყებ მოთამაშეებს, რათა 0-დან უმაღლეს მწვერვალზე ასვლა შეძლონ?
- დამწყებებს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ივარჯიშონ და აუცილებლად უყურონ წარმატებული გუნდის საუბარს თამაშის დროს, რადგან მარტივად შეძლებენ განვითარდნენ და ნახონ, როგორია სწორი თამაში. არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ითამაშონ პრაქტიკული თამაშები, რადგან ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ ნიჭზეა დამოკიდებული, ზოგს პირიქით, ტვინზე. მინდა გითხრათ, რომ წარმატებული კიბერსპორტსმენი ორივე ნახევარსფეროს აერთიანებს და ისე დებს შედეგს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაისსს
xsensus
15:17 19-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

myquiz
სიახლეები პოპულარული