ოდესღაც ელენა მუხინა მთელი საბჭოთა კავშირის საამაყო სპორტსმენი იყო. ამ მოკრძალებული, სიფრიფანა და შრომისმოყვარე ტანმოვარჯიშის სავიზიტო ბარათი განსაკუთრებულად რთული პროგრამები იყო. ილეთები, რომლებითაც ელენა გამოდიოდა შეჯიბრებებზე, უმეტესობა დღეს აკრძალულია, როგორც სპორტსმენის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემქმნელი. წარმატების პიკზე მყოფი სპორტსმენის ცხოვრება და კარიერა ერთ წამში დასრულდა. 1980 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას ცუდად დაეცა და კისრის არეში მოტეხილობა მიიღო. მომდევნო 26 წელი მან სავარძელზე მიჯაჭვულმა გაატარა. ბევრი მისი თაყვანისმცემელი ფიქრობდა, რომ ყველაფერში დამნაშავე მისი მწვრთნელი იყო...
ტანვარჯიშის მომავალი ვარსკვლავი მოსკოვში 1960 წელს დაიბადა. 2 წლისას დედა მოუკვდა. მამამ ის მიატოვა და მალე მეორე ოჯახი შექმნა. ელენა ბებიამ გაზარდა. დიდ სპორტში გოგონა შემთხვევით მოხვდა. ერთხელ მის სკოლაში მივიდა ქალი, რომელიც ტანვარჯიშის სექციისთვის ბავშვებს ეძებდა. ელენა, რომელიც თურმე ოცნებობდა ტანმოვარჯიშეობაზე, სიხარულით ჩაეწერა სიაში.
ტანვარჯიშის მომავალი ვარსკვლავი მოსკოვში 1960 წელს დაიბადა. 2 წლისას დედა მოუკვდა. მამამ ის მიატოვა და მალე მეორე ოჯახი შექმნა. ელენა ბებიამ გაზარდა. დიდ სპორტში გოგონა შემთხვევით მოხვდა. ერთხელ მის სკოლაში მივიდა ქალი, რომელიც ტანვარჯიშის სექციისთვის ბავშვებს ეძებდა. ელენა, რომელიც თურმე ოცნებობდა ტანმოვარჯიშეობაზე, სიხარულით ჩაეწერა სიაში.
მალე მწვრთნელები მიხვდნენ, რომ ნამდვილ ტალანტთან ჰქონდათ საქმე. 14 წლის ასაკში მუხინა უკვე სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო. ამის შემდეგ კი ის მიხეილ კლემენკომ გადაიბარა, სიმკაცრით ცნობილმა მწვრთნელმა, რომელიც მანამდე მხოლოდ მამაკაცებს ავარჯიშებდა. კლემენკო სულით ხორცამდე მაქსიმალისტი იყო. მისი ნაცნობები იხსენებდნენ, როგორ ამაყად წარუდგინა მათ თავისი ახალი მოწაფე და გააცნო, როგორც მომავალი მსოფლიო ჩემპიონი. ამბობენ, რომ ელენას არ ჰქონია ჩემპიონთათვის დამახასიათებელი აზარტი და აგრესია. სამაგიეროდ, ნიჭი, სიბეჯითე და მწვრთნელის მითითებებისადმი უსიტყვო მორჩილება საკმარისი აღმოჩნდა, რომ კლემენკოსთან 6-თვიანი მომზადების შემდეგ 16 წლის ელენა საოლიმპიადე შემადგენლობაში მოხვედრის რეალური კანდიდატი გამხდარიყო. თუმცა ბოლო მომენტში ის ამ შემადგენლობაში არ შეიყვანეს. მიზეზი მეტისმეტად ახალგაზრდა ასაკი იყო. საბჭოთა სპორტის მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ასაკში იდეალური შედეგი მოსალოდნელი არ იყო. თუმცა ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა და იქიდან 3 ოქროს მედლით დაბრუნდა...