საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

AutoSharing Option
საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება და წინ უძღვის მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე ბათუმში გაიმართება.

ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატის წარდგენაზე საქართველოს ჭადრაკის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რეგისტრაციის პირობებსა და თამაშის წესებზე.

ჩემპიონატის მიზანია საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია და ევროპის მეორე კორპორატიულ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების მოპოვება.

ჩემპიონატი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. მონაწილეობის უფლება აქვთ ბიზნესკომპანიების (კორპორაციების) გუნდებს. თითოეული გუნდი კომპლექტდება ოთხი ძირითადი (I,
II, III, IV დაფა) და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან, თუმცა სათადარიგო მოჭადრაკის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც უნდა იყოს კომპანიის მოქმედი თანამშრომელი. გუნდში ნებადართულია ფიდეს ნებისმიერი წევრი-ფედერაციის მოჭადრაკის მონაწილეობა, თითოეულ გუნდში 2300-ზე მაღალი რეიტინგის (2018 წლის 1-ლი მაისის მონაცემებით) მქონე ერთზე მეტი მოჭადრაკე არ უნდა იყოს და ერთ მოჭადრაკეს მაინც უნდა ჰქონდეს 2000-ზე ნაკლები რეიტინგი (ან ურეიტინგო).

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 3 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.

გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან ქულათა რაოდენობის მიხედვით. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ევროპის კორპორატიულ ჩემპიონატში, რომელიც პარიზში 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდების ყველა წევრს გადაეცემა საქართველოს მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის მოსაწვევი ბილეთები.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული