29 თებერვალს და 1-ელ მარტს გუდაურში, კუდების ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი ჩატარდება პარალელურ სლალომსა და პარალელურ გიგანტურ სლალომში. გუდაურში იმყოფებიან არაერთ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები 10-ზე მეტი ქვეყნიდან. შეჯიბრების წინა დღე ოფიციალურ ვარჯიშს დაეთმობა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS-ის დელეგატების მეთვალყურეობითა და საქართველოს ფრისტაილის კომიტეტის და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს. წლევანდელი შეჯიბრების ტექნიკური დელეგატი FIS-იდან ავსტრიელი ვოლფგანგ შტაინბერგერი იქნება, კოორდინატორი კი - ავსტრიელი სპეციალისტი როლანდ ჰორნი.
"ჩვენ ზემოთ
ლურჯი ცაა და ყველაფერი რიგზეა. ვისურვებდით უფრო მეტ თოვლს შეჯიბრების საუკეთესოდ ჩასატარებლად. ბოლო ორი დღე განსაკუთრებით ინტენსიური იყო. ტექნიკურად ყველაფერი გამართულია, ტრასა დატკეპნილია, დამონტაჟებულია სტარტის და ფინიშის მექანიზმები. მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულია. გვიადვილდება იმ ხალხთან ერთად მუშაობა, ვინც ჩართულია ამ დიდ ღონისძიებაში", - აღნიშნა ვოლფგანგ შტაინბერგერმა.
პარალელური სლალომი და გიგანტური პარალელური სლალომი სამთო სნოუბორდის დისციპლინებია. საკვალიფიკაციო რაუნდების გადალახვის შემდეგ სპორტსმენები პირველობისთვის ოლიმპიური სისტემით განაგრძობენ ასპარეზობას. ორივე დღეს ოთხ-ოთხი გამარჯვებული გამოვლინდება ქალებსა და მამაკაცებში.
ევროპის თასის ეტაპი ერთგვარი სამზადისია მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც როგორც ცნობილია, 2023 წელს გაიმართება ბაკურიანში. მანამდე კი საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ ევროპის და მსოფლიოს თასის ეტაპებს უმასპინძლოს სხვადასხვა სამთო კურორტზე. გუდაურში ორდღიანი შეჯიბრების წარმატებით ჩატარება მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია.
"უდიდესი და ურთულესი სამუშაო გასწიეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა. თითქმის ერთი თვეა ისინი დაუზოგავად მუშაობენ, რომ საშეჯიბრო ტრასა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი სტუმრები და დელეგატები კმაყოფილებას ვერ მალავენ. იმედი მაქვს, ამინდიც ხელს შეგვიწყობს და ორივე დღე წარმატებით ჩაივლის" - განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ.
შეჯიბრება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების პარტნიორია კომპანია "სილქნეტი", რომელიც 2008 წლიდან ფედერაციის გენერალური სპონსორია.
ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა.
გუდაურში გასამართ სნოუბორდის ევროპის თასზე რეგისტრაცია დასრულდა