თბილისის "დინამო" გასულ საუკუნეში ქართული წყალბურთის გარიჟრაჟზე - 1938 წელს შეიქმნა. გუნდი მალე მთელ საბჭოეთში ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწია: საბჭოთა კავშირის ორგზის მეორე (1960, 1962), ოთხგზის (1958, 1959, 1964, 1966 წწ.) მესამეპრიზიორმა და რვა უძლიერესი გუნდის სრულიად საკავშირო ტურნირის (1963) გამარჯვებულმა ქართველმა წყალბურთელებმა სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადებში სამჯერ მეორე (1956, 1963, 1979)
საგულისხმოა, რომ 1956 წელს მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში თბილისის "დინამოს" სამმა აღზრდილმა - ნოდარ გვახარიამ (საქართველო), პეტრე მშვენიერაძემ და პეტრე ბრეუსმა (ორივე - რუსეთი) - იასპარეზა საკავშირო ნაკრებში, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ სამი სპორტსმენის გარდა, თბილისის "დინამოს" წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვით ოლიმპიური თამაშების პრიზიორებს - ლერი გოგოლაძეს, გივი ჩიქვანაიას, მიხეილ გიორგაძეს (იგი 1982 წლის მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონიცაა), რევაზ ჩომახიძეს, ასევე, ვლადიმერ ისელიძეს, ოთარ მიმინოშვილს, მურთაზ გულედანს, ნოდარ კურტანიძეს, ზურაბ ჩაჩავას, ბორის მეგედს, ვლადიმერ გოიაშვილს, ვასილ სანაძეს, ირაკლი ჩხიკვაძეს, დავით რურუას, ალექსანდრე ბითაძეს, ალექსანდრე ნიკოლაიშვილს, გია ზუმბულიძეს, კახა კანდელაკს, შოთა ბაღათურიას და სხვებს.
და აი, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის "დინამო" კვლავ გამოჩნდა დიდ სპორტში. მისი ამჟამინდელი დამფუძნებლები არიან ახალგაზრდა წყალბურთელები, საქართველოს ნაკრების წევრები - ზურაბ რურუა, გიორგი ხვედელიანი და მიხეილ ბაღათურია.
გუშინ თბილისის "ივენთჰოლში" აღორძინებული კლუბის პრეზენტაცია გაიმართა. ქართველ ვეტერან და ახალგაზრდა წყალბურთელებს, სპორტის ამ სახეობის ქომაგებს თბილისის "დინამოს" დიდ სპორტში დაბრუნება მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ. კლუბის მესვეურებმა ოლიმპიური თამაშების მედალოსნები - ლერი გოგოლაძე (1960, რომი) და მიხეილ გიორგაძე (1988, სეული) სპეციალური პრიზებით დააჯილდოეს.
დავით რურუა, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
"მივესალმები ეროვნული ნაკრების წევრების ამ დიდ წამოწყებას - "დინამოს" აღორძინებას, რადგან ეს კლუბი ჩემთვის მშობლიურია - ექვსი წლის განმავლობაში მისი კაპიტანი ვიყავი. მინდა, რომ "დინამომ" ქართულ წყალბურთში კუთვნილი ადგილი დაიკავოს".
მურთაზ გულედანი, ვეტერანი წყალბურთელი:
"მართლაც საშვილიშვილო საქმეა. გული მწყდებოდა, თბილისის "დინამოს", რომლის შემადგენლობაში თერთმეტი წელი ვითამაშე, წყალბურთში რომ ვერ ვხედავდი. არადა, მას რამდენი სიამოვნება მიუნიჭებია სპორტის ამ სახეობის ქომაგებისთვის. განსაკუთრებით ის წლებია მნიშვნელოვანი, როცა თბილისში საერთაშორისო ტურნირები იმართებოდა უცხოური გუნდების მონაწილეობით.
ჩვენს გუნდს, რომელმაც ამ შეჯიბრებებში ხუთჯერ დაიკავა საპრიზო ადგილები, დამარცხებული ჰყავს უნგრეთის, იტალიის, იუგოსლავიის, ესპანეთის, რუმინეთის, საბჭოთა კავშირის, აშშ-ის, კუბის ნაკრები გუნდები, რომელთა უმრავლესობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორებიც გამოდიოდნენ. აქაურ აღზრდილებს სხვადასხვა წელს 12 ოლიმპიური მედალი აქვთ მოპოვებული.
ასე რომ, "დინამო" სასახელო ისტორიის მქონეა და ახალ გზაზე უწინდელი დიდების დაბრუნებას ვუსურვებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"