არსებობს სპორტის სახეობები, რომელთა ნიჭიც ადამიანებს დაბადებიდან არ დაჰყვებათ.
ისეთებიც, რომლებსაც ვერც ქუჩაში ითამაშებ ლამპიონის შუქზე, დახეული ბურთით და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც სკოლაში, დიდი დასვენებისას. სპორტის ბევრი მსგავსი სახეობიდან ერთ-ერთი წყალბურთია.
თუკი ბავშვებს ფეხბურთის თამაშისათვის მინიმალური პირობებიც კი ჰყოფნით, წყალბურთი ასე არაა. გარკვეულწილად, ის ელიტარულ სპორტადაც ითვლება, რადგან მის თამაშს გაცილებით უფრო მეტი რესურსი სჭირდება, ვიდრე თუნდაც ფეხბურთს: სულ მცირე, აუზი, შესაბამისი ოდენობისა და ტემპერატურის წყლით, რისი მოწყობაც უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ურბანულ დასახლებებში 2 ფარის დამონტაჟება ან სოფლის მინდვრის
ამ სპორტში წარმატებაც სწორედ რესურსებთან არის დაკავშირებული. საბჭოთა კავშირის დროს, როცა სახელმწიფოს გააჩნდა შესაძლებლობა, საქართველოში წყალბურთი საკმაოდ განვითარებული გახლდათ და რამდენიმე ქალაქში იყო პროფესიონალთა კლუბი.
90-იანი წლების გაჭირვებაში წყალბურთი ვიღას ახსოვდა და მით უმეტეს, ასეთი ძვირიანი სპორტის შენახვა. თუმცა, წყალბურთი საქართველოში მაინც არ მომკვდარა და პოზიტიური შედეგების დადგომის დროც მოვიდა.
2014 წელს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. თუმცა, მოგეხსენებათ, სპორტის ნებისმიერ სახეობაში მდგრადი განვითარებისათვის ერთჯერადი წარმატება საკმარისი არაა, პროგრესისთვის კი ისევ და ისევ რესურსებია საჭირო.
საქართველოს ნაკრებს კი გაუმართლა და გენერალური სპონსორი გამოუჩნდა "VTB ბანკის" სახით, რომელიც 2016 წლიდან უდგას მხარში ქართულ წყალბურთს. მას შემდეგ, რაც ნაკრებს გენერალური სპონსორი გამოუჩნდა, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა კიდევ ორჯერ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და 2020 წლის ევროპირველობაზე გასვლაც მოახერხა, რაც უკვე ზედიზედ მე-4 დიდი ტურნირი იქნება საქართველოს ნაკრებისათვის.
პლუს ამას, ისტორიაში პირველად 2019 წელს მოახერხა ქართულმა წყალბურთელთა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "დინამო" ყველა შეხვედრაში დამარცხდა (რაც მოულოდნელი არ ყოფილა), ეს უდიდესი გამოცდილება იყო და იმის დასტურიც, რომ ჩვენს ქვეყანაში წყალბურთი ვითარდება და დაგვიანებულ, თუმცა განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს.
ბუნებრივია, მსგავსი პოზიტიური შედეგები უფრო მეტ ბავშვსა და მოზარდს უჩენს სურვილს, ითამაშოს სპორტის ეს შესანიშნავი სახეობა. სპორტი ხომ საუკეთესო გზაა ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარებისათვის და მისი განვითარება დადებითად აისახება ხოლმე მომავალ თაობაზე. აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება და აუზების მოწყობა, რათა უფრო მეტი ბავშვი იყოს ჩართული საწყლოსნო სპორტის სახეობებში.
იმედია, დადებითი სვლები ამ კუთხითაც გაგრძელდება, რაც ავტომატურად აამაღლებს წყალბურთის დონეს და ქართველი სპორტსმენებიც მალე უფრო დიდ სიხარულს მოგვანიჭებენ.