სოჭი 2014. ციგაობა: პირველი ესტაფეტა გერმანიისაა

AutoSharing Option
მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა ციგაობაში - დებიუტი ჰქონდა ოლიმპიადაზე ესტაფეტას. ეს სახეობა რამდენიმე წელია არსებობს და დიდი პოპულარობა მოიპოვა გულშემატკივრებს შორის.

მისი არსი მარტივია: თითო გუნდი დაკომპლექტებულია ქალი და მამაკაცი მოციგავით და ერთი წყვილით. ტრასაზეც ისინი ასეთი თანმიმდევრობით გადიან. ესტაფეტა გადაეცემა ფინიშზე დამონტაჟებული სპეციალური ღილაკით, რომელიც აღებს სასტარტო კარს ესტაფეტის შემდეგი მონაწილისთვის.

ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ოქროს მედალი გერმანიის ნაკრებს დარჩებოდა. გუნდის მწვრთნელმა ნორბერტ ლოხმა სოჭის ოლიმპიადის ოთხი ჩემპიონი გამოიყვანა: ნატალი გაიზენბერგერი, ფელიქს ლოხი და ტობიან ვენდლისა და ტობიას
არლტის დუეტი.

და მართლაც, გერმანელებს 13 თებერვალს ბადალი არ ჰყავდათ. მათ უახლოეს მდევარს - რუსეთს წამზე მეტი მოუგეს, რითაც ხაზი გაუსვეს ციგაობაში აბსოლუტურ დომინაციას. ოთხი სტარტიდან ოთხი ოქრო - ბრწყინვალე შედეგია.

გერმანიისა და რუსეთის გარდა, პოდიუმზე ვიხილეთ ლატვიის ნაკრები. ამ გუნდის ლიდერებმა - ძმებმა შიცებმა სოჭში მეორე ბრინჯაო აიღეს.

* * *
13 თებერვალს, ესტაფეტის შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა არმინ ცოგელერმა. 40 წლის აპენინელმა სოჭში ერთადგილიანი ციგებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და უნიკალური შედეგის ავტორი გახდა.

ცოგელერისთვის ეს იყო მეექვსე ოლიმპიადა კარიერაში და მეექვსე მედალი (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, სამი ბრინჯაო). ის არის ერთადერთი სპორტსმენი ოლიმპიადების (ზამთრის და ზაფხულის) ისტორიაში, ვინც ექვს ოლიმპიადაზე ერთსა და იმავე სახეობაში მინიმუმ ერთი მედალი მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული