თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: დიდებული სანახაობა და ჭირვეული ლიფტები

AutoSharing Option
ოლიმპიადის დაწყებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ რაღაც ხარვეზები ნელ-ნელა სწორდება, მაგრამ ზოგიერთი - თვალისდასანახად და დროებით, ზოგიც ახალი პრობლემა ჩნდება თავსატეხად.

მაგალითად, სასტუმროს პრობლემებს ახლა დაემატა ლიფტის გაუმართაობაც. ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ ალღო აუღო და ხანდახან, ლიფტი თუ მთლად გამორთული არ არის და სულ ოდნავ მაინც იღება მასიური წყვილი კარი, ვინც ჯანიანია, გაწევას იმდენზე ახერხებს, რომ კაბინაში შეძვრეს. მერე რაღაც მანიპულაციებს ატარებს, აბრიყვებს ჯიუტ ტექნიკას და მომსახურებას აიძულებს.

სხვათა შორის, ლიფტში წარწერაა: "ლიფტი - ესაა მოწყობილობა, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველია". წარმოიდგინეთ,
ადიხართ თვითმფრინავში და იქვე კითხულობთ მსგავს გაფრთხილებას - საჰაერო ხომალდი - ესაა...

უნდა ვთქვა ისიც, რომ სასტუმროს ნომერში, რომელშიც ვცხოვრობთ და 180 აშშ დოლარი ღირს დღეში, ყოველდღიური პროტესტის შემდეგ, შესახლებიდან მხოლოდ მე-6 დღეს შემოიხედა დამლაგებელმა.

გაოცებული დავრჩი, როცა სასტუმროს ნომრის გასაღების მოწოდების მოლოდინში თვალი შევავლე იქვე, დახლზე ქაღალდზე ჩამოწერილ დეფექტების ნუსხას, რომლის ჩამონათვალი 27-ით მთავრდებოდა.

სტუმრისთვის მიუღებელია კომფორტი, თუნდაც ის წვრილმანი ხარვეზებით იყოს გაჯერებული.

სამწუხაროდ, მხოლოდ წვრილმანებზე არ არის ლაპარაკი. ამასთან, უბედურება ისაა, რომ ხელოსნების დეფიციტიცაა - ყველას ხომ არ აქვს ზონაში შემოსვლის უფლება; ვისაც აქვს - არასაკმარისია და გამუდმებით დარბიან იქით-აქეთ.

და ერთი სიახლეც: ზოგან უკვე აფრთხილებენ სტუმრებს, რომ სააბაზანოში თან აუცილებლად იქონიონ მობილური ტელეფონი, რათა კარის გასაღების ჩაშლის შემთხვევაში, გარე სამყაროსთან შეძლონ კონტაქტის დამყარება.

აფიშა სპორტული არენის სახურავზე
როცა სპორტის ამა თუ იმ სახეობის ნეიტრალური გულშემატკივარი ხარ, შეჯიბრებაზე მიდიხარ, როგორც სანახაობაზე, მხოლოდ იმისთვის, რომ იხილო მაღალი სპორტული ოსტატობა სხვათა შესრულებით და მეორე - განიცადო საშეჯიბრო ატმოსფერო.

სწორედ ასეთი განწყობით წავედი ოლიმპიურ პარკში მდებარე "დიდყინულოვან დარბაზში", ჰოკეიში ჩეხეთი-შვედეთის მატჩის სანახავად. არენა გარედანაც და შიგნითაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. და, აი, სიახლეც, რომლის მსგავსი რამ ჯერ არსად გვინახავს: ძალიან შორიდანაც კი მზერას იტაცებს ამ უნიკალური სპორტული დარბაზის სახურავზე ელექტროგანათებით მეტოქე გუნდების დასახელება, მათივე სახელმწიფო ალმები, საათის მითითებით თამაშის დაწყების დროის რეკლამირება.

მოკლედ, იმან, რასაც ჩვეულებრივ, აფიშებზე ვკითხულობთ ხოლმე, ახლა უკვე იმ სპორტული არენის სახურავზე გადაინაცვლა, სადაც ასპარეზობა ტარდება.

ნანახი მატჩის გარჩევას არ ვიკადრებ, ეს არც მქონია მიზნად. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სანახაობა დიდებული იყო. პაუზის დროსაც კი, როცა ბიჭები ყინულის მოსასწორებლად მოედანზე ნიჩბებით და ურნით შედიან, ეს პროცესი, ისევე, როგორც მათი მუშაობა და სარბიელიდან გასვლაც, ლამაზად დადგმული სცენარია, საზეიმო ელემენტებითაა გაჯერებული. და ეს ყველაფერი სრულდება მუსიკის ფონზე, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელში.

კომპიუტერმა ტონობით ქაღალდი დაზოგა
რასაც ვაკვირდები, ეს ოლიმპიადა პირველია, როცა სხვადასხვა ინფორმაციის ჟურნალისტებამდე მისატანად პრესცენტრში აღარ იხარჯება ათეულობით ტონა ქაღალდი. ადრე სავსე ურნებიდან ტომრებით მაკულატურის გატანას ვერ აუდიოდა მომსახურე პერსონალი, ახლა კი აქა-იქ თუ შეხვდებით მომცრო სანაგვეებს. დღეს პრესცენტრში ყველაფერი კომპიუტერიზებულია და სადაც გინდა (პრესცენტრში შესვლაც არაა აუცილებელი), იქ მიიღებ შენთვის სასურველ ნებისმიერ ინფორმაციას და არა მხოლოდ სპორტულ ასპარეზობებთან დაკავშირებით.

შეკითხვა "ლელოს" ცხელ ხაზზე
შეკითხვა: ძალიან მაინტერესებს, რას წერს რუსული პრესა სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით (მამუკა სანთელაძე, თბილისი).

პასუხი: წინა ოლიმპიადებზე პრესცენტრებში ნახავდით მსოფლიოს ნებისმიერ გამოცემას და იგებდი, ვინ როგორ აშუქებდა ოლიმპიურ ასპარეზობებს და თამაშებს საერთოდ და მთლიანად. ზოგი გამოცემა იმავე დღეს მოდიოდა პირდაპირ რედაქციიდან, რაც უდავოდ ძვირი სიამოვნება იყო ოპერატიულად მოწოდების თვალსაზრისით, ზოგიც ქსეროასლებს გზავნიდა.

ახლა ყველაფერი ეს წარსულს ჩაჰბარდა. ის კი არა, აქ სოჭის გაზეთებზეც არ მიგვიწვდება ხელი.

ქალაქში ყოველდღე ამისთვის ვერ გახვალ. ამიტომ იძულებული ხარ, გამოცემების ელექტრონული ვერსიით ისარგებლო. იგივე ითქმის "სოვეტსკი სპორტსა" და "სპორტექსპრესზე". თქვენც შეგიძლიათ მოიძიოთ, წაიკითხოთ და თავად გააკეთოთ დასკვნები, კოლეგების პოზიციას მე ნუ შემაფასებინებთ. ისარგებლეთ აგრეთვე საიტით.

ელჩმა მონაწილეობა მოგვიწონა
როგორც ვწერდით, შვეიცარიის ელჩი რუსეთის ფედერაციაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის პერიოდში საქართველოს ინტერესების დაცვაში ამ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს ასრულებს, თავისი თხოვნით, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გეგმავდა.

ეს შეხვედრა შედგა. ელჩი გულთბილად მიესალმა საქართველოს წარმომადგენლებს, მოუწონა ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი დადებით მუხტს შეიტანს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობაში.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: გაიხარეთ, კოლექციონერებო!
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს კაცი პოლიტიკური მიმომხილველია, ტუ სპორტული, ერტი სიტყვა მაინც დაწეროს სპორტზე და რას სჰვებიან ქარტველი სპორცმენები
sandro
11:20 14-02-2014
0
რა უნდათ?რას ციგურაობენ-გუნდაობენ და თანაც ტვინწამღებად აკომენტირებენ, როგორც "უნახავმა რა ნახაო", "დიდებულ სანახობებს" ახლანდელი რუსეთის "მტრის ბუნაგიდან ,საქართველოსათვის წართმეულ,ყოფილ ქართულ მიწაწყლიდან.რა ეცეკვება ქართველ გედევანიშვილს კრასნაია ფოლიანაზე,ყოფილ იმერეთის ზეგანზე? ან რა ერეგბება კაჭარავას,საქართველოსათვის, დაცემული გმირების,რუსის მიერ გადასახლების ადგილებში-ბურიატებისთვის, რუსის მიერ წართმეულ ენისეიზე? ნუთუ "ამ ხალხს" ამოქმედებთ- მხოლოდ"ფულები და დიდება"?
Sirtыhvila! qarveolebo?
12:36 14-02-2014
0

სიახლეები პოპულარული