შედეგად, სასტარტო ოქმში პირველი ათი მოთხილამურიდან მხოლოდ ამერიკელმა ლინ სმიტმა შეძლო ფინიშამდე მისვლა, დანარჩენები კი ერთიმეორის მიყოლებით გამოეთიშნენ ბრძოლას. მხოლოდ ამის შემდეგ სიტუაცია სტაბილური გახდა.
საშუალედო ლიდერობა შვეიცარიელმა ფაბიან სუტერმა მოიპოვა, მაგრამ წინ იყო განთესილთა ჯგუფის წევრების გამოსვლა. ჯერ ნიკოლ ჰოსპმა გააუმჯობესა სუტერის შედეგი
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარგად დაიწყო და დისტანციის ეკვატორზე ლიდერობდა, მაგრამ აქ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: სპორტსმენის მოძრაობის ტრაექტორიასთან ძალიან ახლოს მივიდა ერთ-ერთი მსაჯი. როგორც ჩანს, ამან გერმანელს კონცენტრაცია დააკარგვინა და დაეცა მისი გამოსვლის ტემპიც და ხარისხიც, მაგრამ მარიამ მაინც ბოლომდე იბრძოლა და პოდიუმზე ასვლა შეძლო.
საბოლოოდ, ფენინგერმა ოქრო აიღო, მისმა თანაგუნდელმა ჰოსპმა - ბრინჯაო, ჰიოფლ-რიში კი ვერცხლით დაკმაყოფილდა. ემოციებით თუ ვიმსჯელებთ, გერმანელი მეორე ადგილით ძალიან კმაყოფილი იყო.
* * *
მამაკაცების სუპერგიგანტი დათქმულ დროზე ერთი საათით ადრე დაიწყო. ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს სოჭის თბილი ამინდი და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: მხოლოდ ასე თუ შეძლებდნენ ისინი ყველა მონაწილის თანაბარ პირობებში ჩაყენებას.
მართლაც, ადრეული და გვიანი სასტარტო ნომრების მფლობელებს თითქმის ერთნაირი ტრასა ჰქონდათ, თუმცა ის პოდიუმი, რომელიც 16 თებერვალს მაყურებელმა იხილა, მაინც მოულოდნელი იყო.
მაგრამ ეს არ ეხება ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს, რომელიც შესანიშნავ ფორმას აჩვენებს სოჭში. ამ ოლიმპიადაზე მან აშკარად დაჩრდილა უფრო ტიტულოვანი თანამემამულე აქსელ-ლუნდ სვინდალი. იანსრუდმა ბრინჯაო მოიგო სწრაფდაშვებაში და სუპერკომბინაციაშიც ლიდერი იყო სწრაფდაშვების შემდეგ. 16 თებერვალს ჩელიტს ბრწყინვალე სუპერგიგანტი გამოუვიდა და ამან კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
თუმცა იყო გუშინდელ სტარტზე ერთი მომენტი, როცა იანსრუდმა ძალიან ინერვიულა. გვიანი სასტარტო ნომრით ტრასაზე გავიდა ამერიკელი ენდრიუ ვაიბრეხტი, რომელსაც კარიერაში ერთადერთი წარმატება ჰქონდა - ბრინჯაო ვანკუვერის სუპერგიგანტში. არც მსოფლიოს თასის ეტაპებზე და არც მსოფლიოს ჩემპიონატებზე მას ბევრისთვის არ მიუღწევია, მაგრამ 16 თებერვალს ვაიბრეხტი ყველა საშუალედო ფინიშზე უგებდა იანსრუდს და მხოლოდ ფინიშთან ახლოს გაფლანგა ეს უპირატესობა: 0.3 წამი წააგო ნორვეგიელთან და მეორე ადგილზე გავიდა.
მესამე ადგილი გაიყვეს კანადელმა იან ჰუდეკმა და ამერიკელმა ბოდე მილერმა, რომლისთვისაც ეს იყო მეექვსე ოლიმპიური მედალი კარიერაში. პოდიუმის გარეშე დარჩნენ ავსტრიელები: ახალგაზრდა ოტო შტრიდინგერს ორი მეასედი წამი არ ეყო მესამე ადგილამდე. სვინდალი მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"