ქალების სტარტის წინ, თეორიულად, გამარჯვებულის საკითხი მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან. ნორვეგიის ჩემპიონობაში ყველა დარწმუნებული იყო, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ გუნდს არც ერთი ესტაფეტა არ ჰქონდა წაგებული მსოფლიოს თასის ეტაპებსა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
მაგრამ უკვე პირველ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ჰაიდი ვენგს ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა. ნორვეგიელი თითქოს ახლოს იყო ლიდერებთან, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მაინც ჩამორჩა მათ და მდევრის როლში გადასცა ესტაფეტა ტერეზა იოჰაუგს.
გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ფინეთის, შვედეთისა და გერმანიის ნაკრებები. ბრძოლა დაიძაბა მესამე ეტაპზე, როცა ფინელი კერტუ ნისკანენი და გერმანელი კლაუდია ნისტადი შვედ ანა ჰოგს დაშორდნენ. ბოლო ეტაპზე ოქროს მედალი ლატენმიაკისა და ჰერმანს უნდა გაეთამაშებინათ, რადგან შვედმა შარლოტა კალამ 25-წამიანი ჩამოჩენით მიიღო ესტაფეტა.
თუ ლატენმიაკი და ჰერმანი ერთად მივიდოდნენ საფინიშო სწორ მონაკვეთზე, ჰერმანს უპირატესობა უნდა ჰქონოდა, რადგან ის მსოფლიოს თასზე სპრინტის ჩათვლაში ლიდერი გახლავთ, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა. კალამ სასწაული შეძლო: 25-წამიანი ჩამორჩენა გააბათილა და ფინიშზეც მეტი ძალა შერჩა, რამაც შვედეთს პირველი ოქრო მოუტანა ამ ოლიმპიადაზე.
ჰერმანმა ორივე კონკურენტთან წააგო საფინიშო სპრინტი და გერმანია მესამეზე გავიდა, ვერცხლი კი ფინეთის კვარტეტმა აიღო.
* * *
ნორვეგიის სათხილამურო ნაკრების კრიზისი მამაკაცთა ესტაფეტაშიც თვალშისაცემი იყო. ქალების სასტიკი მარცხის შემდეგ ქვეყნის ღირსება კაცებს უნდა დაეცვათ, მაგრამ არც მათ გამოუვიდათ არაფერი. ნორვეგიელთა კვარტეტის ლიდერებმა - მარტინ სუნბიუმ და პეტერ ნორტუგმა საშუალოზე დაბალი დონე აჩვენეს და ძალიან შორს იყვნენ პოდიუმისგან.
ამასობაში, ნორვეგიის მთავარი კონკურენტი - შვედეთი ბრწყინვალე მზადყოფნას აჩვენებს. ამ გუნდმა შესანიშნავი რბოლა ჩაატარა, მისი ოთხივე წევრი აგრესიულად უტევდა და ეჭვი არავის შეპარვია მათ უპირატესობაში. თუმცა 16 თებერვლის ესტაფეტაში იყო მომენტი, როცა შვედების ლიდერობას საფრთხე დაემუქრა. მესამე ეტაპზე რუსეთის ნაკრების წევრმა ალექსანდრ ლეგკოვმა პელოტონის შუა ნაწილიდან მეორე ადგილზე გადაიყვანა თავისი გუნდი, ხოლო მეოთხე ეტაპის დასაწყისში მაქსიმ ველიგჟანინმა თანდათან დაიწყო ჰელნერთან მიახლოება.
მაგრამ რუსი დაიღალა და მხოლოდ მეორე ადგილის შენარჩუნება შეძლო. საფრანგეთის მესამე ადგილი მთავარი სენსაცია გახდა, ისევე, როგორც ნორვეგიელთა მეოთხე პოზიცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"