თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: რა შეეშალა სოკ-ის მაღალჩინოსანს აფხაზეთთან დაკავშირებით

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე გამართულ ერთ-ერთ გაფართოებულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა მარკ ადამსმა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვთ თუ არა მედიის წარმომადგენლებს უფლება, შევიდნენ აფხაზეთში, მოჭრით უპასუხა: რატომაც არა!

ამ ამბავმა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციაში და ოლიმპიადაზე მყოფ სოკ-ის მაღალჩინოსნებს სთხოვეს, ადამსს განემარტა და დაეზუსტებინა ნათქვამი.

საქართველოს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, ადამსი შეხვდა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს.

"მესმის, ეს საკითხი როგორი მგრძნობიარეა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა ჩემ მიერ ნათქვამი ორი სიტყვა. გულწრფელად ვწუხვარ ამის გამო და შემიძლია ბოდიშიც
მოვიხადო",
- თქვა მან.

დიდ პატივს ვცემ ყველას აზრს, მაგრამ ვინც ამ ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, მინდა მოწიწებით ვთქვა იმათ გასაგონად: აქ რომ დღეს არ იყოს ჩვენი ოლიმპიური მისია, როგორ ფიქრობთ, შემოჰკრავდა ვინმე განგაშის ზარს ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით? ანდა ვინმე გამოიდებდა თავს მარიკა პერტახიას ანკეტაში დამახინჯებული მონაცემების გამო? ჩვენზე უკეთ ვინ დაიცავდა ჩვენს ინტერესებს. იქნებ წინაც მოგველის მსგავსი ან გაუთვალისწინებელი გამოწვევები...

კარგია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ასეთი საკითხებისადმი კატეგორიულ პრინციპულობას იჩენს. იმედია, ადამსის საკითხი არ ამოწურულა. ლოგიკა მოითხოვს, ასეთივე განცხადება მან საჯაროდაც გააკეთოს.

განგაში ჭინჭილის გამო
რაც მე მახსოვს, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახლა სოჭში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე უსაფრთხოების მიზნით სტუმრების შემოწმებები, ადრინდელ ოლიმპიადებთან შედარებით, მომაბეზრებელი ნამდვილად არ არის.

ყოველ შესასვლელ-გამოსასვლელში აღარ გაიძულებენ კონტროლის გავლას ჩანთების და ჯიბეების ამოტრიალებით. ერთხელ გაივლი შემოწმებას პრესცენტრში შესვლისას, მერე ხელის ელექტრონული ხელსაწყოთი აკრედიტაციის ნომერს დააფიქსირებენ და შენი იგივე ფოტო ჩნდება ეკრანზე, რომელიც სააკრედიტაციო ბარათშია ჩაკრული. სულ ეს არის. პროცედურების გამარტივება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შედეგია.

ამ ფაქტზე ყურადღებას, ალბათ, საერთოდ არ გავამახვილებდი, რომ არა ერთი კურიოზი, რომელიც პირადად გადამხდა თავს. მოგეხსენებათ, აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათ შორის საკმაოდ არიან წარმოშობით იმერეთიდან (ამ თამაშების ოლიმპიური სივრცეც ხომ მეტწილად "იმერეთის ველს" მოიცავს).

ჰოდა, წამოღებული სუვენირებიდან, იმ იმედით, რომ ვინმე ჩვენებურს გავახარებდი, გუშინ ქალაქში გასვლისას ჩანთაში იმერული ჭინჭილა ჩავიდე. ჯერ პრესცენტრში უნდა შემევლო. ჩანთის რენტგენზე გატარებისას ერთი ჩოჩქოლი ატყდა. ახლოს არ მიმაკარეს, არც არაფერი მითხრეს, რაციით ვიღაცები გამოიძახეს.

სერიოზული გამომეტყველებით მალე მოვარდა ორი კაცი (ალბათ, უშიშროების მუშაკები), რენტგენზე რამდენჯერმე ისევ გასწი-გამოსწიეს ჩანთა და გაოცებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.

ცოტა არ იყოს, შევცბუნდი. მერე გამოიღეს რენტგენიდან ცალკე ხელსაწყო, შემოატარეს ჩანთას, მეც რაღაც დეტექტორი ამისვ-დამისვეს და ბოლოს მითხრეს, ჩანთაში რაღაც უცნაური ნივთი გაქვსო.

მივხვდი, რაზეც მეუბნებოდნენ, არაფერია, თიხის სასმისია-მეთქი, ვუთხარი. ამოიღეო. ამოვიღე და შიგ ჩავბერე კიდეც. ეგეთი რამე არ გვინახავს, "ლიმონკას" ჰგავსო, უკვე სიცილით ასკდებოდნენ ერთმანეთს. რატომღაც ანიმაციური ფილმი "ალადინიც" ახსენეს.

არა, ის ჭინჭილა არავისთვის მიჩუქებია. არც გავაჩუქებ. ოლიმპიადაზე უცებ ისტორიულ რელიკვიად ქცეული ეს პატარა ქართული ნივთი, როგორც ძვირფასი სახსოვარი, უკან მომაქვს.

შეიძლება განსხვავებულ სასმისადაც გამოდგეს, სადღეგრძელოს მოფიქრება მერეც შეიძლება. ერთმა კოლეგამ ისიც მითხრა, ალბათ, მოფიქრებაში მკითხველიც ჩაერთვება, ურიგო თემა არაა განსჯისთვისო.

ნინო წიკლაურით ვიწყებთ
ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები ჩვენი სპორტსმენებისთვის და, საგულშემატკივროდ, ჩვენთვისაც, ხვალ, 18 თებერვალს იწყება. თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ჩვენი დელეგაციის მედროშე ნინო წიკლაური, საქართველოს ოლიმპიელებიდან პირველი ჩაებმება შეჯიბრებაში - გიგანტურ სლალომში იასპარეზებს.

რისი იმედი უნდა გვქონდეს სამთო-თხილამურობაში ჩვენი სპორტსმენების გამოსვლით? ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გერა აბრამიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კარგ შედეგად ჩაითვლება ოცდაათეულში მოხვედრა, რაც საერთაშორისო ფედერაციის ელიტარული ნიშნულია.

"ქართველები რომ ოლიმპიურ სამთო პროგრამაში გამოვდივართ, ამაში მნიშვნელოვანია ავსტრიის სათხილამურო სპორტის დამსახურება. უკვე დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ავსტრიელები ყოველმხრივ ხელს გვიწყობენ.

მათივე დახმარებით, ახლა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობისთვის ემზადებიან სოსო ჯაფარიძე, ნიკოლოზ კოზანაშვილი და ჯაბა გელაშვილი. ჯაბას ხელი ტრავმის გამიზეზებამ შეუშალა, თორემ ახლა ისიც აქ იქნებოდა",
- ესეც გერა აბრამიშვილმა გვითხრა.

მოკლედ, ხვალ ნინო წიკლაურით ვიწყებთ.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: დიდებული სანახაობა და ჭირვეული ლიფტები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: გაიხარეთ, კოლექციონერებო!
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეხვეწები უყურე რა, უშენოდ აბა როგორ იქნება ... რა გეშველებათ ზოგიერთებს
ნანა - s
19:16 17-02-2014
0
სოჭის შემდა არაფერი უკეთესი არ გენახოთ,იქ წმსვლელმა ის მიიღოს რისიც ღირსია,ასე არ აგიდგეთ გვერდები მე თქვენ არ გიყუროთ ტელევიზორში.
ნანა
18:37 17-02-2014
0

სიახლეები პოპულარული