სოჭი 2014: ტრამპლინიდან ხტომა - გერმანიამ ავსტრია დაამხო

AutoSharing Option
სოჭში გამოსვლა დაასრულეს ტრამპლინიდან მხტომელებმა. მედლების ბოლო კომპლექტი გუნდურ პირველობაში გათამაშდა. ამ ოლიმპიადაზე მესამე ოქროს შანსი ვერ მიიღო ბრწყინვალე პოლონელმა მხტომელმა კამილ შტოხმა, რომელსაც პარტნიორებმა ვერ აუბეს მხარი და პოლონეთის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

ოქროსთვის ბრძოლა კი გერმანიასა და ავსტრიას შორის გაიმართა. ავსტრიელებს ამ დისციპლინაში ბოლო ორი ოლიმპიადა ჰქონდათ მოგებული. გარდა ამისა, მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატიდან მოყოლებული, დაუმარცხებელნი იყვნენ. 17 თებერვალს ისინი ბოლო ორი ნახტომის წინ ლიდერობდნენ, მაგრამ გერმანელების - ანდრე ველინგერისა და ზევერინ ფროინდის შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ დაკარგეს პირველი
ადგილი და მათი ჰეგემონია სწორედ სოჭში დაემხო. ფროინდის ბოლო ცდის შემდეგ დაფიქსირდა გერმანიის მცირე უპირატესობა - 2.7-ქულიანი ჰანდიკაპი.

ფროინდისა და ველინგერის გარდა, ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ანდრეას ვანკი და მარინუს კრაუსი. ავსტრიას წარმოადგენდნენ: მიხაელ ჰეიბოეკი, ტომას მორგენშტერნი, ტომას დიტჰარტი და გრეგორ შლირენცაური.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 41 წლის იაპონელი ნორიაკი კასაის მორიგი წარმატება. ვეტერანმა გრძელ ტრამპლინზე მოპოვებულ ვერცხლს გუნდურის ბრინჯაო დაუმატა და ფინიშის შემდეგ განაცხადა - 2018 წელს, პიონჩანგის ოლიმპიადაზეც მიხილავთო. კასაი იმ დროს 45 წლის იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული