თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ოლიმპიური დეკადის გადასახედიდან

AutoSharing Option
ოლიმპიური დეკადა სრულად ჩამთავრდა და გარკვეულწილად, შეგვიძლია შევაჯამოთ კიდეც ჩავლილი 10 დღე, მაგრამ არა სპორტული თვალსაზრისით.

ჯერ ერთი, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სპორტსმენები მხოლოდ ოლიმპიადის მე-12 დღიდან ერთვებიან შეჯიბრებებში და მეორეც იმიტომ, რომ "ლელო" ოლიმპიადას ფართო კუთხით აშუქებს და მკითხველს თავად ეძლევა ანალიზის და დასკვნების გამოტანის დიდი შესაძლებლობა.

რაკი თამაშების ეპიცენტრში ვიმყოფებით, საჭიროდ მხოლოდ ის მიგვაჩნია, უფრო ყურადღება გავამახვილოთ თამაშებისადმი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაზე, რასაც აქ მეტ-ნაკლებად "ლელოს" "ცხელი ხაზის" მეშვეობითაც ვგრძნობთ.

პირდაპირ ვიტყვით, რომ საზოგადოების გამოძახილი არაერთგვაროვანია. ასეც იყო მოსალოდნელი,
ამაში უცნაური არაფერია. ოლიმპიური კომფორტის ხარვეზებზე წერას ნაკლებად გვიწონებენ.

მაგალითად, გვირეკავენ და გვეუბნებიან: "მერე რა მოხდა, ყველაფერი ხდება"; "რას ქექავთ ნაკლოვანებებს, აბა, როგორ გინდათ, ასეთი გრანდიოზული ღონისძიება უნაკლოდ ჩატარდეს?" "რა გეცეკვებ-გეციგავებ-გეგუნდავებათ, უბედურებო!" "რას ჩაჰკირკიტებთ ტუალეტებს, საქმე გამოგელიათ?" (სხვათა შორის, პირადად ჩემს პუბლიკაციებში სიტყვა "ტუალეტი" ერთხელაც არ მიხსენებია, ვიღაც სადმე რაღაცას ამოიკითხავს და ჩვენზე ამისამართებს); "სირცხვილი თქვენ, რატომ არ გამოხვედით აღლუმზე ჩოხებით, ოლიმპიადის დახურვისას მაინც გამოასწორეთ შეცდომა და კარგად გაიჭიმეთ პუტინის წინ".

არის ასეთიც: "შეახსენეთ სპორტსმენებს, რომ ძველ კოლხურ მიწაზე არიან და აუცილებლად მოიგებენ მედლებს" და ასეთიც - "ყოჩაღ, სეოკ-ის ხელმძღვანელებო, რომ უარი არ თქვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე" და ა. შ.

მოსაწონი არაფერიაო, ჩვენ არ დაგვიწერია და არც დავწერთ. აქვე გეტყვით, ამ ოლიმპიური თამაშების ნაკლოვანებებზე მთელი მსოფლიო და თვით რუსეთის მასმედიაც ამახვილებს ყურადღებას, ტელეარხებიც აჩვენებენ. აი, ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, რუსეთის ОРТ აჩვენებს, ლიფტის კარს მიწოლით როგორ აღებენ სტუმრები...

ორგანიზაციული თვალსაზრისით, რაც ჩვენ ვნახეთ, შეჯიბრებები მეტწილად მაღალ დონეზე, მართალია, ხელოვნური ელფერით, მაგრამ მაინც საზეიმოდ ტარდება. უნაკლოდ და გამართულად მუშაობს ტრანსპორტი, არანაირი წუნი არ დაედება კვებას (სხვა საქმეა, რომ სასტუმროში უფასო საუზმის შემდეგ იმავე სასადილოში უკვე სადილ-ვახშამზე ყველაფერი უსაშველოდ ძვირია. მაგალითისთვის: 250-გრამიანი "კოკა-კოლა" ღირს 100 რუბლი, მინიმუმ 5 ლარი; 0.5-ლიტრიანი - 10 ლარი).

რაც შეეხება მომსახურე პერსონალთან, "ვოლონტიორებთან" და წესრიგის დამცველებთან ურთიერთობას, ბარე ორი, სამი და მეტი ოლიმპიადა დაჭირდება საერთო დონის ამაღლებას; ვერც ღიმილს გამოწერ რეცეპტით. თუმცა ბევრი შეგვხვედრია გულღიაც, ბუნებრივად ღიმილიანიც, სტუმრის მოყვარეც და ყურადღებიანიც.

გვესმის, რომ რამდენი მკითხველიცაა, იმდენნაირი გემოვნებაა. ყველას საამებლად და მოსაწონად ვერ დაწერ, მაშინ აღარ იქნები ობიექტური და ეს აღარც ჟურნალისტიკა იქნება. განსაჯეთ, მაგრამ თავს ნურავინ მოგვახვევს აზრს, ისე ვწეროთ, როგორც მავანის გულს მოეფინება, ეს შეუძლებელია.

და კიდევ თხოვნაა, ჩვენი ძალზე არაორდინარული სამუშაო პირობებიც გაითვალისწინეთ. ჩვენ აქ კურორტზე ნამდვილად არ ვართ...

ოლიმპიური პარკი გამოცოცხლდა
შედარებაც არ შეიძლება ოლიმპიადის პირველი დღეების შთაბეჭდილებებთან და იმასთან, რაც 17 თებერვალს ოლიმპიურ პარკში ვიხილეთ. ეს ადგილი ოლიმპიადების ეპიცენტრია ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ტარდება თამაშები. სოჭის ოლიმპიადის პარკი ახლა ისე გამოიყურება, როგორც შეეფერება ტრადიციას. თუმცა ყველა ცდილობს, რაღაც ახალი შემატოს უკვე აპრობირებულ-დამკვიდრებულს და უფრო გაამრავალფეროვნოს იგი, რისთვისაც არც რუსებს დაუკლიათ ხელი.

ამ თამაშების მასპინძლები ოლიმპიადის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ რუსეთის, როგორც დიადი ქვეყნის მსოფლიოს თვალში კიდევ უფრო განსადიდებლად. ეს ყველგან იგრძნობა - სლოგანებში, სპორტულ ბაზებზე წარწერილ შეგონებებში, საცნობარო ლიტერატურაში თუ მეგაფონით ხელში მოფარფატე გოგონების პატრიოტულ-პათეტიკურ მოწოდებებში.

გრანდიოზული საგამოფენო დარბაზი დაუთმიათ რუსეთის სპორტის ზამთრის სახეობების ისტორიისთვის, სადაც ექსპონატებს შორის შეხვდებით ყველაფერს - პეტრე პირველის დროინდელი კუსტარული ციგურებიდან მოყოლებული, უახლესი სპორტული ინვენტარის ჩათვლით.

პარკში გვიან მაინც გამოჩნდნენ მსოფლიო ბრენდების წამყვანი ფირმები, კონცერტებს მართავენ ფოლკლორული კოლექტივები, ხალხს ართობენ აკრობატები და ოლიმპიადის მოსიარულე თილისმები...

იძულებითი დაბოლოება
ზემო ინფორმაციის ბოლო სტრიქონთან სამი წერტილი იმიტომ დავსვი, რომ ზარი შემოვიდა "ლელოს" ცხელ ხაზზე" და მონიტორზე მასალის აკრეფა შევწყვიტე. თემაც აღარ გავაგრძელე, რადგან იმ ზარმა უკვე მთლიანად ახალ ფიქრებზე გადამრთო. მავანმა ხომ არ იცოდა, რა მასალას ვწერდი და გაგულისებულმა მითხრა, - მანდედან რომ მაგარი ხარ სხვის კრიტიკაში, რატომ აქ ვერ ხედავთ თავზესაყრელ ნაკლოვანებებსო და... ტელეფონი გათიშა.

მინდა მოკრძალებით ვუთხრა ამ ბატონს: ვინც მიცნობს, დაგიდასტურებთ, როგორი ნაკლოვანებებისადმი შეურიგებელი ვარ პირადად და ეს არ არის გუშინდელი ამბავი - 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული. თუ ნაკლოვანებებში სპორტს გულისხმობთ, მაშინ უნდა იცოდეთ ისიც, რომ "ლელო" მთელი თავისი არსებობის 80-წლიან ისტორიაში ყოველთვის დაუნდობლად ამხელს და ასაჯაროებს, რისი დაფარვაც საქმეს ავნებს.

თუ ჩემდამი თქვენს შენიშვნაში არა სპორტის, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებს გულისხმობდით, მაშინ, მაპატიეთ და, მისამართი შეგეშალათ...

შეკითხვა "ლელოს" ცხელ ხაზზე
შეკითხვა:
მაინტერესებს, ჟურნალისტები წახვიდოდით თუ არა ოლიმპიადაზე სოჭში, საქართველოს სპორტულ დელეგაციას ბოიკოტი რომ გამოეცხადებინა ამ თამაშებისთვის?
თემურ შენგელია, თბილისი (ვაზისუბანი)

პასუხი:
ბატონო თემურ, ბოიკოტი საბოლოო ჯამში სპორტსმენების შეჯიბრებებში არგამოსვლას უკავშირდება. სპორტსმენების ნებას კი გამოხატავს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ჩვენმა სეოკ-მა სპორტსმენების სასარგებლოდ მიიღო ამჟამად სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

რაც შეეხებათ ჟურნალისტებს, ეს სხვა თემაა. ჩვენ ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფლები ვართ და ვისაც აკრედიტაცია აქვს მიღებული, თამაშებზე წასვლა-არწასვლის საკითხი პირადად მისი და რედაქციის გადასაწყვეტია და სხვა არავისი. ასე რომ, ვერანაირი ბოიკოტი ჩვენზე ვერ იმოქმედებდა. ოლიმპიადებზე აკრედიტაცია ეძლევათ ისეთი ქვეყნების ჟურნალისტებსაც კი, რომელთა წარმომადგენლები საერთოდ არ მონაწილეობენ თამაშებში.

პირადად მე, ჩემთვის ამ მე-12 ოლიმპიადაზე აუცილებლად წავიდოდი, თუნდაც იმიტომ, რომ არასასურველი დამოკიდებულებაა ჩვენსა და თამაშების მასპინძელ ქვეყანას შორის, თამაშები კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ რაღაც სამ კილომეტრში ტარდება.

და კიდევ, გაგონილს ყოველთვის ნანახი სჯობს...

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული