სოჭი 2014: სათხილამურო ორჭიდი - როცა ფავორიტი გაციებულია

AutoSharing Option
სათხილამურო ორჭიდში მედლების მეორე კომპლექტის გათამაშება გერმანელი ფავორიტის, ერიკ ფრენცელის ტრიუმფით დაიწყო, რომელმაც დამაჯერებლად მოიგო ტრამპლინიდან ხტომა და 10-კილომეტრიან რბოლაში პირველმა აიღო სტარტი, მაგრამ წინასწარ სოჭის ოლიმპიადის მეორე ოქროს გერმანელს არავინ ანიჭებდა, რადგან წინა დღეს ფრენცელმა კინაღამ უარი თქვა გუშინდელ სტარტზე გაციების გამო.

რბოლამ გამოაჩინა, რომ თანამედროვე ორჭიდის მთავარი ვარსკვლავი მართლაც რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მან ლიდერობა 2.5 კილომეტრის ნიშნულზე დაკარგა, რადგან დაახლოებით 10-კაციანმა ჯგუფმა გაუსწრო. აქ იყვნენ ძლიერი მოთხილამურეები: ნორვეგიული დუეტი იორგენ გრააბაკისა და მაგნუს მოანის შემადგენლობით და სამი გერმანელი
- ფაბიან რისლე, ბიორნ კირჰაიზენი და იოჰანეს რიძეკი. ყველა მათგანი ტრამპლინის შემდეგ 40 წამზე მეტს აგებდა ფრენცელთან.

ცხადი იყო, რომ მედლებს ამ ჯგუფის წევრები გაითამაშებდნენ. ფინიშამდე დაახლოებით კილომეტრნახევრით ადრე გაქცევა სცადა გამოცდილმა კირჰაიზენმა. მან ისეთი ტემპი აკრიფა, რომ თავიდან მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ შეძლო. მიუხედავად ამისა, რისლემ, მოანმა და რიძეკმა ამოისუნთქეს და მიუახლოვდნენ დაწინაურებულს, ბოლოს კი ლიდერთა ჯგუფს სათავეში გრააბაკი ჩაუდგა.

ბოლოსწინა მოსახვევში სამი გერმანელი ისე გაერთო ერთმანეთში ბრძოლით, რომ ცუდი ვირაჟი გამოუვიდათ და წინ მოანი გაეპარათ. შემდეგ კი საერთოდ ორნი დარჩნენ, რადგან რიძეკმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და თოვლში ჩავარდა. საბოლოოდ, მოანმა და გრააბაკმა ბუნდესგუნდისგან ფორა მიიღეს და უკან ჩამოიტოვეს კონკურენტები. სკანდინავიური დუელი გრააბაკის გამარჯვებით დასრულდა, გერმანიის ნაკრები კი, რომელსაც ლიდერთა ჯგუფში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მხოლოდ ფაბიან რისლეს მესამე ადგილით დაკმაყოფილდა.

იორგენ გრააბაკი
დაიბადა: 26 აპრილი, 1991
სიმაღლე: 1.85 მ
წონა: 72 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, K-125 + 10 კმ.
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული