სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჰოლანდიის მეოთხე ჰეთ-თრიქი

AutoSharing Option
ოთხი წლის წინ, ვანკუვერის ოლიმპიადაზე სულელურმა შეცდომამ დააკარგვინა 10 000 მეტრ დისტანციაზე სვენ კრამერს ოქროს მედალი. მაშინ სახელოვან ჰოლანდიელს მწვრთნელმა არასწორი მითითება მისცა და კრამერმა ბილიკი არ შეცვალა. მან საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ მსაჯებისგან დისკვალიფიკაცია მიიღო და მედლის გარეშე დარჩა.

სოჭში სვენისგან ყველა რეაბილიტაციას ელოდა და მას უწინასწარმეტყველებდნენ 10 კილომეტრზე გამარჯვებას. ის ბუკმეიკერების ფავორიტიც იყო. ამასთან, კიდევ ერთი ძირითადი პროგნოზი მორიგი ჰოლანდიური პოდიუმი გახლდათ.

სამი საპრიზო ადგილი მართლაც ჰოლანდიელებმა დაისაკუთრეს, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ვერავინ გამოიცნო.

ბოლოსწინა წყვილში იორიტ ბერგსმა გარბოდა.
მან შესანიშნავად გაანაწილა ძალები მთელი 24 წრის განმავლობაში, ბოლოსკენ ტემპი გაზარდა და საბოლოოდ, ოლიმპიური რეკორდით დაასრულა გამოსვლა. მოკლედ, მან ძალიან მაღლა ასწია თამასა, თუმცა კრამერის ფავორიტობაში ეჭვი მაინც არავის შეუტანია.

სვენმა კარგ ტემპში დაიწყო და 20 წრის განმავლობაში ამართლებდა თავის სტატუსს. ფინიშამდე ოთხი წრით ადრე მისი გრაფიკი ოთხი წამით აღემატებოდა ბერგსმას გრაფიკს. თუ ის ასეთ ტემპში მივიდოდა ფინიშამდე, მსოფლიოს რეკორდის მოწმენიც გავხდებოდით, მაგრამ ბოლო ოთხ წრეზე კრამერის ტემპი მკვეთრად დაეცა და როცა ის ბოლო წრეს გადიოდა, ბერგსმა უკვე მილოცვებს იღებდა. მან კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. ბრინჯაო ასევე ჰოლანდიელმა ბობ დე იონგმა მიიღო.

კრამერმა შეიძლება თავი იმით ინუგეშოს, რომ 5 000 მეტრზე მოიგო ოქრო, რომელზეც ბერგსმა მესამე ადგილზე გავიდა. ჰოლანდიელთა დომინირება კი გრძელდება. ამ ქვეყანას სოჭში 20 მედალი აქვს მოგებული და აქედან 19 ციგურებით მორბენლებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ოთხ საციგურაო დისციპლინაში პოდიუმი მთლიანად ჰოლანდიური იყო.

იორიტ ბერგსმა
დაიბადა: 1 თებერვალი, 1986
სიმაღლე: 1.90 მ
წონა: 73 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014, 10 000 მ
ბრინჯაო - სოჭი 2014, 5 000 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონი (2013), 2-გზის ვერცხლის პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული