სოჭი 2014: სნოუბორდი - ამერიკული ოქრო რუსეთისთვის

AutoSharing Option
დასასრულს მიუახლოვდა სოჭის ოლიმპიადაზე სნოუბორდისტთა ტურნირი. 19 თებერვალს ორი მედალი გათამაშდა პარალელურ გიგანტურ სლალომში და აქ ოქროები გაინაწილეს შვეიცარიელმა და რუსმა სნოუბორდისტებმა.

ქალებს შორის აშკარა ფავორიტი იყო ტომოკა ტაკეუში: იაპონელმა მოიგო კვალიფიკაცია და არ წააგო არც ერთი სტარტი დიდ ფინალამდე. ფინალის პირველ ცდაშიც ტაკეუში შეუდარებელი იყო და პატრიცია კუმერს სამი მეათედი წამი მოუგო, რაც თითქმის გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ გადამწყვეტ ცდაზე იაპონელი ნერვებს ვერ გაუმკლავდა: ტრასაზე კუმერი უფრო სუფთად მოძრაობდა და საფინიშო სწორ მონაკვეთზე უკვე ლიდერი იყო, ტაკეუშიმ კი გარისკა და
ეს წაქცევად დაუჯდა.

რაც შეეხება ბრინჯაოსთვის ბრძოლას მცირე ფინალში, აქ, რუსების გასახარად, ალიონა ზავარზინამ ავსტრიელ ინა მეშიკს 0.82 წამი მოუგო.

* * *
როგორც ჩანს, ვიკ უაილდი ისე აღაფრთოვანა თავისი საცოლის, ზავარზინას ბრინჯაომ, რომ მან თავისი ახალი სამშობლოსთვის ოქროს მედალი მოიპოვა. უაილდი წარმოშობით ამერიკელია და სწორედ ზავარზინასთან სასიყვარულო რომანის გამო გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

ვიკმა ტურნირის ყველა სტადია შესანიშნავად გაიარა - არც ერთ ცდაზე არც ერთ მეტოქესთან არ წააგო. მიუხედავად ამისა, დიდი ფინალის პირველი ნაწილი მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა: მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 0:54 წამით ჩამორჩა შვეიცარიელ ნევინ გალმარინის, მაგრამ მეორე ცდაზე უაილდმა კონცენტრაცია მოახერხა და კლასის ხარჯზე აჯობა შვეიცარიელს.

მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ ზან კოშირი და პატრიკ ბუსლერი, მაგრამ მცირე ფინალში კონკურენცია არ ყოფილა. კოშირმა დამაჯერებლად მოიგო პირველი ცდა და მეორეზე, უბრალოდ, გაამყარა თავისი უპირატესობა.

პატრიცია კუმერი
დაიბადა: 16 ოქტომბერი, 1987
სიმაღლე: 1.72 მ
წონა: 70 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2009) პრიზიორი.

ვიკ უაილდი
დაიბადა: 23 აგვისტო, 1986
სიმაღლე: 1.79 მ
წონა: 82 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - სოჭი 2014
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს (2013) პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული