ისე ნუ გავიგებთ, რომ ეს დღეები არაფრის მომტანი იყო. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა თავისთავად იყო აუცილებელი; ამასთან, გაიმართა ცალკეული ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გასაფართოებლად და ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.
გასათვალისწინებელია საქართველოს სპორტული დელეგაციის სოჭში ყოფნით იმ გაუგებრობებში დროული ჩარევა და რეაგირება-აღკვეთაც, რამაც ნებსით თუ უნებლიეთ, განგებ თუ შემთხვევით, ოლიმპიადის დაწყების პირველი დღიდანვე
19 თებერვალს, ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების ჩართვის მეორე დღეს, თქვენი და ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცა გიგანტურ სლალომში სამთო-მოთხილამურეთა ასპარეზობა.
შედარებით გამოცდილი იასონ აბრამაშვილი (მონაწილეობდა ვანკუვერში) და ოლიმპიადის დებიუტანტი ალექსი ბენიაიძე ხსენებული პროგრამით ჩაერთნენ ოლიმპიურ ტურნირში.
სამწუხაროდ, ჩვენი ორივე მონაწილე პირველსავე ცდაზე ტრასაზე დაშვებულმა შეცდომამ აიძულა, სანახევროდ გავლილი დისტანციიდან გამოთიშვოდნენ შეჯიბრებას. ასე უიმედოდ გადაესვა ხაზი მეორე ცდაზე მათი დაშვების შესაძლებლობასაც - ჩვენები უადგილოდ დარჩნენ.
აქვე, აქა-იქ გაიგონებდით სამდურავს ტრასის მოუმზადებლობასთან დაკავშირებით - უფრო მეტად ხელმოცარული ფავორიტების მხარდამჭერები წუწუნებდნენ. ვფიქრობთ, ეს პრეტენზია უსაფუძვლოა. ასეც რომ იყოს, პირობები - კარგი თუ ცუდი, ყველასთვის ხომ ერთნაირი იყო...
მოულოდნელობებისგან დაზღვეული რომ არავინაა, თვით ასპარეზობის ლიდერმა, ამერიკელმა ტედი ლეგეტმაც იწვნია თავის თავზე. პირველივე ცდაზე თავიდანვე დაწინაურებული ტედი მეორე დაშვებაზე თავის თავს არ ჰგავდა, რამდენიმე სერიოზული შეცდომა ლამის ასპარეზობიდან საერთოდ გამოთიშვის ფასად დაუჯდა. ფინიშთან ის ამჯერად მე-14 შედეგით მივიდა, მაგრამ პირველი წრის ბრწყინვალე მარაგმა (1:21.08) პირველობა მაინც შეუნარჩუნა და ამერიკელებმა კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი მიითვალეს.
მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ ფრანგები. ვერცხლის პრიზიორი სტივ მისილე გამარჯვებულს 0.48 წამით ჩამორჩა. ბრინჯაო წილად ხვდა ალექსის პენტიუროს (0.64).
ბოლო შანსი ახლა ჩვენი ბიჭებისთვის სლალომში ასპარეზობაა, რომელიც 22 თებერვალს გაიმართება. 21 თებერვალს კი ამავე პროგრამაში ნინო წიკლაური გამოვა სტარტზე.
ელენე ფინალში
ელენე გედევანიშვილის გამოჩენას სოჭის ოლიმპიადაზე ინტერესით მოელოდნენ სხვადასხვა ქვეყნის პრესის თუ ტელევიზიების წარმომადგენლები.
ზოგიერთი ჩვენს მოციგურავეს პირდაპირ აეროპორტშიც დახვდა 14 თებერვალს, გამთენიისას.
მერე დაიწყო "საქმის ჩაწყობები" მასთან შესახვედრად. თუმცა ელენე უარს ეუბნებოდა ყველას იმის მომიზეზებით, რომ მთლიანად მომავალ ასპარეზობაზე იყო კონცენტრირებული და არ სურდა ყურადღების სხვა თემაზე გადატანა.
- შეჯიბრების შემდეგ ყველას დიდი სიამოვნებით შევხვდები, - ეუბნებოდა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელებს და პრესატაშეს ოლიმპიადაზე კახა ბერიძეს ელენე.
მოკლე პროგრამით ქალთა გამოსვლას, როგორც მანამდე ვაჟებისას, დიდი ინტერესი არ გამოუწვევია გულშემატკივრებში - დარბაზის ტრიბუნები სანახევროდ და ოდნავ მეტად თუ ივსებოდა მხოლოდ.
ასპარეზობა შედარებით დაბალი რეიტინგის მოციგურავეებმა დაიწყეს, თანდათან გაძლიერდა, ბოლოს კი ფავორიტები გავიდნენ ყინულზე.
30 მონაწილიდან ელენე რიგით მე-16 ჩაერთო შეჯიბრებაში. მერე და მერე მასზე ძლიერები იბრძოდნენ, წინ წასაწევად. 6-6 მონაწილით დაკომპლექტებული 5 ჯგუფიდან ელენე მეოთხეში რიგით მეოთხე გამოდიოდა და საერთო შედეგებშიც მეოთხე იყო იმ მომენტისთვის.
ბოლო ჯგუფში მოასპარეზეებმა არც წინა გამოსვლებით გალიდერებულები დაინდეს და არც ერთმანეთი. ოღონდ ელენეს ჯგუფელ კორეელ იონა კიმს ადგილიდან ძვრა ვერ უყვეს და საბოლოოდაც პირველ ადგილზე ის გავიდა - 74.92, მეორე იყო რუსი ადელინა სოტნიკოვა - 74.64, მესამე - კაროლინა კოსტნერი - 74.12.
ელენე გედევანიშვილმა მე-17ადგილით (54.70) თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება გაინაღდა. იგი მეორე ჯგუფში მეორე ნომრად გამოვა. შეჯიბრება თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. დღეს გადაწყდება ყველაფერი, ვნახოთ!
სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"