20 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა პოდიუმი მთლიანად ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიპყრეს. აქამდე ასეთ რამეს ჰოლანდიელი მოციგურავეები აკეთებდნენ (მათ სოჭში ოთხი ჰეთ-თრიქი ჰქონდათ), გუშინ კი ფრისტაილის დისციპლინა სკი-კროსში სამივე მედალი ფრანგებმა დაისაკუთრეს.
ისინი სტარტის წინ არც მალავდნენ, რომ გუნდური ტაქტიკის გამოყენებას აპირებდნენ სამი მედლის მისაღებად. გეგმის განხორციელება მათ კარგად გამოუვიდათ.
დიდ ფინალში ფრანგების მეტოქე იყო კანადელი ლემანი, რომელსაც ცუდი სტარტი გამოუვიდა და ეს ფატალური შეცდომა აღმოჩნ
და. ამის შემდეგ შაპუი და ბოვოლენტა, უბრალოდ, არ უშვებდნენ წინ კანადელს და პირველი შესაძლებლობისთანავე უკეტავდნენ მას დერეფანს. ბოლოს და ბოლოს, ამით ისარგებლა მესამე ფრანგმა ჯონათან მიდოლმა, რომელმაც ბოლო მოსახვევში გაუსწრო ლემანს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი შაპუიმ მოიგო, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონიცაა; მეორეზე გავიდა ბოვოლენტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"