ფორმულა 1: საუკეთესო "მერსედესი", ბედნიერი "ფერარი", გაუგებარი "რედ ბული"...

AutoSharing Option
დღეს ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების მეორე სერია იწყება, მანამდე კი საინტერესოა დასავლური პრესის აზრი ტესტების პირველ სერიაზე, რომელიც ოთხი დღე მიმდინარეობდა იმავე ბარსელონას ტრეკზე.

რა თქმა უნდა, ძალთა რეალურ თანაფარდობაზე ლაპარაკის საშუალება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მარტის ბოლოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება, თუმცა პირველმა ტესტებმა ბევრი საინტერესო რამ დაგვანახეს.

მერსედესი ისევ ყველას ჯობია
ტესტების პირველი სერიის მსვლელობისას, სპეციალისტთაგან არავის შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ W08 - ჯერჯერობით საუკეთესო მანქანაა. ლუის ჰემილტონმა და ვალტერი ბოტასმა ოთხი დღის განმავლობაში ასობით წრე დაფარეს და
მუდმივად პირველ ადგილებზე იყვნენ ოქმებში, ბოლო დღის გარდა. თან ბევრს მიაჩნია, რომ "მერსედესი" ჯერ არ აჩვენებს თავის რეალურ ძალას.

"ბოლო დღეს ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, "მერსედესმა" ოთხ დღეში ყველაზე მეტი წრე გაიარა. W08 თავიდანვე სწრაფი და საიმედო იყო, ბოტასმა და ჰემილტონმა კი უკვე თითოჯერ ჩაატარეს რბოლის სიმულაცია, - წერს პორტალი Wtf1. - ვიცით, რომ "მერსედესში" არ უყვართ წინასწარ ძრავის სრული დატვირთვით ამუშავება, მაგრამ უკვე ახლა W08 ძალიან სწრაფი და ძალიან სტაბილური ჩანს. ამ ტესტებმა შარშანდელი თებერვალი მოგვაგონეს..."

"მერსედესში" მთავარ მიზანს მიაღწიეს: გააცნეს ვალტერი ბოტასს საკუთარი მანქანა, - აღნიშნავს ფრანკო ნუნიესი Motorsport-დან. - ოთხი დღის განმავლობაში, მათ ერთხელაც არ შეუცვლიათ ძრავა. ეს ლაპარაკობს ძალისმიერი აგრეგატის წარმოუდგენელ საიმედოობაზე. არც ჰემილტონსა და არც ბოტასს ტესტების დროს არ აუყვანიათ ძრავა წუთში 12 ათას ბრუნამდე და თან საწვავის დიდი მარაგით მოძრაობდნენ".

სკუდერია არ უნდა შერცხვეს
გასული კვირის ტესტების მთავარი სიურპრიზი გახდა "ფერარი". მხოლოდ "სკუდერია" იდგა "მერსედესთან" ერთ დონეზე საუკეთესო წრეების მიხედვით და მეორე ადგილი დაიკავა გავლილი წრეების საერთო რაოდენობით. მაგრამ მთავარი ის არის, რომ SF70H-ს არ შექმნია ტექნიკური პრობლემები, ტრასაზე კი სტაბილურად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

"ერთი წლის წინ, პირველ ტესტებზე "ფერარი" სამი დღის განმავლობაში ლიდერობდა. ამჯერად, მხოლოდ ორი. მაგრამ მარანელოში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც დაამტკიცებს, რომ დღეს "სკუდერია" უარეს პოზიციაშია, ვიდრე შარშან ამ დროს", - აღნიშნავს ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი Formula1.com.

"ფერარიში" ბედნიერები არიან, მაგრამ არა ძალიან კმაყოფილები, - წერს Quotidiano-ზე თავის ბლოგში ლეო ტურინი. - გუნდში მიაჩნიათ, რომ "მერსედესმა" ჯერ ბოლომდე არ გვანახა თავისი პოტენციალი და W08-ის ნამდვილ ძალას მეორე ტესტების ბოლოს შევიტყობთ. სწორედ ამიტომაც იძლევიან კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი ასეთ მოკრძალებულ კომენტარებს. თუმცა, ტექნიკური პრობლემების არარსებობა - უკვე ნაბიჯია წინ შარშანდელთან შედარებით".

"SF70H-ის დაბადებამ კარგად ჩაიარა: "სკუდერიას" არ მოუწევს გაწითლება ახალი მანქანის გამო, - აღნიშნავს Motorsport-ის იტალიური რედაქცია. - როგორც ჩანს, "ფერარი" სხვებზე ეფექტურად მუშაობს ახალ საბურავებთან, რადგან ფეტელი მათ შექმნაში დიდ მონაწილეობას იღებდა და შეუძლია ინჟინრებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს".

Sportall.Ge

გაუგებარი რედ ბული
"რედ ბულისთვის" პირველმა ტესტებმა არცთუ ისე სახარბიელოდ ჩაიარა. თავიდანვე RB13-ს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, ხოლო დანიელ რიკარდოს საუკეთესო წრე თითქმის წამნახევრით ჩამორჩება ლიდერთა დროს. "რედ ბულში" მღელვარება იმატებს. რიკარდომ და მაქს ფერსტაპენმა ჯამში მხოლოდ 297 წრე გაიარეს. შედარებისთვის, "მერსედესის" ეს მაჩვენებელი 557 წრე იყო, "ფერარის" - 468", - გვახსენებს გერმანული Auto Motor und Sport-ის რედაქტორი მიხაელ შმიდტი.

თუმცა, არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, "რედ ბული" ბოლომდე არ გვიჩვენებს თავის პოტენციალს და ამას მეორე ტესტების დროს გააკეთებს. "RB13 შედარებით იშვიათად ამახვილებდა ყურადღებას აეროდინამიკაზე და ბევრი სვამდა კითხვას: "რითია დაკავებული "რედ ბული"? - წერს Sky Sports. - პადოკში ეჭვი აქვთ, რომ "რედ ბულმა" რაღაცეები დამალა და რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება მეორე ტესტებისთვის შეინახა, რათა მეტოქეებს ნაკლები დრო ჰქონდეთ მათ "მოსაპარად".

სპორტული ტრაგედია მაკლარენისგან
"მაკლარენმა" ახალი ისტორია დაიწყო: გუნდი დატოვა რონ დენისმა, შასის ინდექსიდან გაქრა აბრევიატურა MP4, მანქანამ ისევ ნარინჯისფერი შეფერილობა მიიღო... მაგრამ ტრასაზე არაფერი იცვლება: "ჰონდას" ძრავები ისევ ნელი და არასაიმედოა.

"გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ გამოგვეცადა ახალი სპეციფიკაციის ძრავა, რომელიც მომზადებული იყო სეზონის პირველი რბოლისთვის. მაგრამ მეორე დღეს მივიღეთ ტექნიკური პრობლემა, რასაც სხვა გართულებებიც მოჰყვა და შედეგად, "ჰონდამ" ოთხი დღის განმავლობაში ხუთი ძრავა გამოიყენა, - წერს BBC Sport-ის ჟურნალისტი ენდრიუ ბენსონი. - "ჰონდას" სარბოლო განყოფილების შეფმა იუსუკე ჰასეგავამ აღიარა, რომ ინჟინრებმა ჯერ ვერ იპოვეს პრობლემის მიზეზი. მანვე დაამატა, რომ დარწმუნებული ვერ იქნება იმაში, რომ მომხდარი არ გაუფუჭებს გუნდს სეზონის სტარტს".

"მაკლარენისთვის" წინასასეზონო ტესტების პირველი სერია კატასტროფით დასრულდა, - მიაჩნია Sky Sports-ს. - გუნდმა ბოლოსწინა ადგილი დაიკავა გავლილი წრეების რაოდენობითაც და დროის მიხედვითაც. ჯერჯერობით არ არსებობს თუნდაც ერთი ნიშანი იმისა, რომ "ჰონდა" საშუალო ან ხანგრძლივ პერსპექტივაში გაუთანაბრდება "მერსედესს". მაგრამ "მაკლარენისა" და "ჰონდას" კავშირი ისე შორს წავიდა, რომ უკან გზა აღარ არსებობს".

"მაკლარენის" ამჟამინდელი ისტორია - ეს არის სპორტული და ტექნოლოგიური ტრაგედიის ისტორია. თუმცა, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ კოლოსალურ ჩავარდნაში დამნაშავე არის "ჰონდა", - წერს ლეო ტურინი. - ალონსო სასოწარკვეთილია, თუმცა საბანკო ანგარიში ოდნავ უმაღლებს განწყობას".

Sportall.Ge

საერთო ცხრილი ოთხი დღის შემდეგ
პილოტებს შორის ყველაზე გრძელი დისტანცია გაიარა ვალტერი ბოტასმა - 324 წრე. მანვე აჩვენა წრეზე საუკეთესო დრო - ფინელმა ეს UltraSoft-ის საბურავებით გააკეთა. გუნდებს შორის, აგრეთვე, ძრავების მიმწოდებლებს შორის, ლიდერობს "მერსედესი".

1. ვ. ბოტასი (მერსედესი) 1:19.705
2. ს. ფეტელი (ფერარი) +0.247
3. კ. რაიკონენი (ფერარი) +1.167
4. ლ. ჰემილტონი (მერსედესი) +1.278
5. დ. რიკარდო (რედ ბული) +1.448
6. ჯ. პალმერი (რენო) +1.691
7. მ. ფერსტაპენი (რედ ბული) +2.064
8. ნ. ჰიულკენბერგი (რენო) +2.086
9. მ. ერიქსონი (ზაუბერი) +2.119
10. ფ. მასა (უილიამსი) +2.37

11. რ. გროსჟანი (ჰაასი) +2.413
12. კ. მაგნუსენი (ჰაასი) +2.499
13. ლ. სტროლი (უილიამსი) +2.646
14. ა. ჯოვინაცი (ზაუბერი) +2.696
15. ე. ოკონი (ფორს ინდია) +2.804
16. ს. პერესი (ფორს ინდია) +2.829
17. ს. ვანდორნი (მაკლარენი) +2.871
18. ფ. ალონსო (მაკლარენი) +2.893
19. დ. კვიატი (ტორო როსო) +3.251
20. კ. საინსი (ტორო როსო) +3.835
21. ა. სელიში (ფორს ინდია) +3.863

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული