ფორმულა 1: "მერსედესის" რევანში ჩინეთში

AutoSharing Option
ლუის ჰემილტონმა კარიერაში 54-ე გრანპრი მოიგო და რევანში აუღო სებასტიან ფეტელს ავსტრალიის გრანპრიზე მარცხისთვის.

სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა და შანხაიში დილით გაწვიმდა. მართალია, სტარტისთვის ნალექი შეწყდა, მაგრამ ადგილ-ადგილ ტრასა საკმაოდ სველი იყო, ამიტომაც, კარლოს საინსის გარდა, სტარტზე ყველა პილოტი საშუალედო საბურავით გავიდა.

პოულის მფლობელმა ლუის ჰემილტონმა დამჯერებლად შეინარჩუნა ლიდერობა, იმ დროს, როცა მეორე ადგილზე მყოფ სებასტიან ფეტელს ვალტერი ბოტასის შეტევების მოგერიება მოუწია. კიდევ უფრო უკან, დანიელ რიკარდომ გარე ტრაექტორიით გაუსწრო კიმი რაიკონენს და მეოთხე ადგილზე გადავიდა.

პელოტონის შუაში სერხიო პერესთან კონტაქტის
შემდეგ, ტრასიდან გადავარდა ლენს სტროლი და მსაჯებმა ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი გამოაცხადეს. სწორედ ამ დროს, პილოტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ფეტელი "სლიკებისთვის" ბოქსებში შევიდა.

რესტარტის შემდეგ, საშუალედო საბურავებზე მხოლოდ ხუთი ლიდერი რჩებოდა: ჰემილტონი, ბოტასი, რიკარდო, რაიკონენი და მაქს ფერსტაპენი. მათ მიყვებოდა ფეტელი.

* * *
მესამე წრის ბოლოს, სასტარტო სწორ მონაკვეთზე მანქანა ვერ დაიმორჩილა ანტონიო ჯოვინაციმ. მისი "ზაუბერი" ბარიერს შეასკდა და ამჯერად, მსაჯებს ნამდვილი უსაფრთხოების მანქანის გამოყვანა მოუწიათ ტრასაზე. და ლიდერთა ხუთეულმა სინქრონულად შეუხვია ბოქსებში "სლიკებისთვის".

ამასობაში, ტრასა ჯერ ისევ სველი იყო და ამ მიზეზით, ბოტასმა შეცდომა დაუშვა, რამაც პირველი ათეულიდან გავარდნა გამოიწვია. არადა, უსაფრთხოების მანქანა ჯერ კიდევ ტრასაზე იყო. მან ტრეკი მეშვიდე წრის ბოლოს დატოვა. ჰემილტონმა და რიკარდომ შეინარჩუნეს საკუთარი პოზიციები, რაიკონენს კი ძრავასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ფინელს მაშინვე გაუსწრო ფერსტაპენმა.

* * *
ჰემილტონმა ისარგებლა იმით, რომ "რედ ბულის" პილოტები აყოვნებდნენ "ფერარის" და სწრაფად შექმნა წამნახევრიანი უპირატესობა. მეათე ადგილზე მყოფი ბოტასი ლიდერებს ნახევარი წუთით ჩამორჩებოდა.

სანამ ლუისი წინ მიიწევდა, ფერსტაპენმა გაუსწრო რიკარდოს და მეორე ადგილზე გადავიდა. მაქსი ჰემილტონსაც მიუახლოვდა, მაგრამ ბრიტანელმა საპასუხოდ ტემპს მოუმატა და უპირატესობა აღადგინა.

მე-15 წრისთვის ჰემილტონის ჰანდიკაპმა ფერსტაპენთან თითქმის სამ წამს მიაღწია. ამასობაში, რაიკონენი უშედეგოდ ახდენდა რიკარდოს პრესინგს. ფეტელი ამ ბრძოლას გვერდიდან უყურებდა და არ ერეოდა. ეს ჯგუფი ფერსტაპენს უკვე 4.5 წამით ჩამორჩებოდა.

ბოლოს და ბოლოს, 21-ე წრეზე ფეტელმა გაუსწრო რაიკონენს და თავად შეუტია რიკარდოს. სებას სულ რაღაც ორი წრე ეყო "რედ ბულის" გასასწრებად და მესამე ადგილზე გადასასვლელად.
* * *
დისტანციის შუაში ბევრ მანქანაზე "სლიკები" თანდათან გამოვიდა მწყობრიდან და მალე უნდა დაწყებულიყო პიტსტოპების მორიგი ტალღა. ცოტა ხანში, დამუხრუჭებისას შეცდომა დაუშვა ფერსტაპენმა. ფეტელი ახლოს იყო და ისარგებლა შანსით. ისე გამოვიდა, რომ შვიდი წრის განმავლობაში, გერმანელმა "რედ ბულის" ორივე პილოტის გასწრება შეძლო.

ფეტელის გაშვების შემდეგ, ფერსტაპენმა საერთოდ დაკარგი ტემპი და თავისთან ახლოს მიუშვა რიკარდო, წრის ბოლოს კი პიტ-ლეინზე შეუხვია ახალი საბურავებისთვის. ტრასაზე დაბრუნებულმა ჰოლანდიელმა წრეზე საუკეთესო დრო აჩვენა და ბოტასს გაუსწრო. თუმცა, იქვე, ძველი "სოფტით" ჰემილტონმა გააუმჯობესა ჰოლანდიელის შედეგი.

33-ე წრეზე პიტ-ლეინზე შეუხვია მეორე "რედ ბულმა", ერთი წრის შემდეგ კი იგივე გააკეთა ფეტელმა. ტრასაზე სებასტიანი ორი წამის მარაგით დაბრუნდა ფერსტაპენთან მიმართებაში, რიკარდოს კი დიდი მანძილით უსწრებდა.

ჰემილტონი 36-ე წრეზე გაჩერდა ბოქსებში (დიდი უპირატესობით წყალობით, ბრიტანელს ერთი წრითაც არ დაუთმია ლიდერობა).

პიტსტოპების ამ სერიის შემდეგ, ჰემილტონის უპირატესობა ცხრა წამამდე გაიზარდა. ფეტელი მეორე ადგილზე იყო და რვა წამს უგებდა ფერსტაპენსა და რიკარდოს. პიტსტოპის შემდეგ, რაიკონენი მეექვსე დაბრუნდა ტრასაზე - კარლოს საინსსა და ბოტასს შორის. ახალი საბურავით ფინელმა ძალიან მალე გაუსწრო საინსს, მაგრამ "რედ ბულის" პილოტები უკვე 15 წამით იყვნენ წინ.

* * *
ბოლო მონაკვეთზე ფეტელმა სცადა ჰემილტონის დაწევა, მაგრამ ლიდერმა მაშინვე უპასუხა და ცხადი გახდა, რომ, ამჯერად, "ფერარი" ვერ შეძლებდა მოგებას. ლუისი, რომელიც მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა, უპრობლემოდ მივიდა ფინიშთან და ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფეტელი მეორე ადგილზე გავიდა და შარშანდელ აბუ დაბის რბოლას თუ ჩავთვლით, ზედიზედ მესამედ ავიდა პოდიუმზე. მესამე პოზიცია ფერსტაპენს ერგო. სწორედ ჰოლანდიელი დაასახელეს დღის პილოტად, რადგან სასტარტო მე-16 პოზიციიდან შეძლო პოდიუმზე ასვლა.

ფერსტაპენი ასევე მესამეა საერთო ჩათვლაში, ლიდერები კი 43-43 ქულით ფეტელი და ჰემილტონი არიან. კონსტრუქტორთა თასზე კი "მერსედესი" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს "ფერარის".

შემდეგი ეტაპი - ბაჰრეინის გრანპრი ერთ კვირაში ჩატარდება.

ჩინეთის გრანპრი
შანხაი. 56 წრე, 305.066 კმ
1(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) 1:37.36.158 (4 პიტსტოპი)
2(2). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +6.250 (5)
3(16). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) +45.192 (4)
4(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +46.035 (4)
5(4). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +48.076 (4)
6(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +48.808 (4)
7(11). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) +72.893 (4)
8(12). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 1 წრე (5)
9(8). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე (6)
10(17). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე (5)

11(19). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 1 წრე (5)
12(7). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 1 წრე (5)
13(20). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 1 წრე (4)
14(6). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 1 წრე (6)
15(14). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) წრე (4)

ფინიშზე ვერ მივიდნენ
16(13). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 33 წრე
17(9). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 18 წრე
18(15). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 17 წრე
19(18). ანტონიო ჯოვინაცი (იტა, ზაუბერი) 3 წრე
20(10). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 0 წრე

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ფეტელი - 43
1. ლუის ჰემილტონი - 43
3. მაქს ფერსტაპენი - 25
4. ვალტერი ბოტასი - 23
5. კიმი რაიკონენი - 22
6. დანიელ რიკარდო - 12
7. კარლო საინსი - 10
8. ფელიპე მასა - 8
8. სერხიო პერესი - 8
10. კევინ მაგნუსენი - 4
11. ესტებან ოკონი - 2
11. დანიილ კვიატი - 2

კონსტრუქტორთა თასი
1. Mercedes - 66
2. Ferrari - 65
3. Red Bull - 37
4. Toro Rosso - 12
5. Force India - 10
6. Williams - 8
7. Haas - 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული