ფორმულა 1. ჩინეთის გრანპრის შემდეგ: "ფერარი" ოდნავ წინ არის

AutoSharing Option
ჩინეთის გრანპრიზე გამარჯვებისთვის ბრძოლა ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორც ავსტრალიაში, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტებს ჩემპიონატის მეორე ეტაპი უფრო მოეწონათ: "მერსედესსა" და "ფერარის" შორის უფრო მჭიდრო ბრძოლა იყო, პირველი შეცდომა დაუშვა თავის ახალ გუნდში ბოტასმა, ფერსტაპენს კი არანორმალური გარღვევა ჰქონდა.

მაგრამ მთავარი ის იყო, რომ შანხაიმ მაყურებელს სანახაობრივი გასწრებები უჩვენა. ახლა პრესაში წერენ, რომ ახალი მანქანები - საუკეთესოა, რაც ფორმულა 1-ში ბოლო წლებში მომხდარა.

ფერარი ოდნავ წინ არის
ჩინეთის გრანპრი ლუის ჰემილტონისა და სებასტიან ფეტელის ბრძოლის მეორე ნაწილი გახდა. თანამედროვეობის ორი ყველაზე ტიტულოვანი
პილოტის კონკურენცია იმდენად მჭიდროა, რომ ჯერჯერობით არავის არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა - რომლის მანქანა უფრო სწრაფია.

ბრიტანული Sky Sports-ის ექსპერტმა პიტ გილმა სცადა გარკვეულიყო ამ საკითხში ბოლო 20 წრეზე, როცა ლუისსა და სებასტიანს ხელს არავინ უშლიდა.

"ციფრები მეტყველებენ ძალიან მჭიდრო ბრძოლაზე, რომელშიც "ფერარი" ოდნავ უფრო წინ არის. თავიდან ჰემილტონის ტემპი უფრო მაღალი იყო - 1:35.378 ფეტელის 1:35.423-ის წინააღმდეგ. მაგრამ სები უფრო სტაბილურ რითმში მოძრაობდა: "ფერარის" პილოტი 14-ჯერ გამოვიდა წრეზე 96 წამიდან, "მერსედესის" პილოტი - მხოლოდ ათჯერ. ბოლო 19 წრეზე ფეტელმა შეამცირა ლუისთან ჩამორჩენა 3.2 წამით", - წერს გილი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ფერარი" უცებ წინ გავიდა და მთავარ ძალას წარმოადგენს ფორმულა 1-ში. სიტუაცია უფრო რთულად არის. "ის ფაქტი, რომ ფეტელმა სამი წამი მოიგო 20 წრის განმავლობაში, არ ამტკიცებს იმას, რომ მას ეყოფოდა სიჩქარე ჰემილტონის გასასწრებად, - აგრძელებს ექსპერტი. - იმის გათვალისწინებით, რომ წელს გასწრება გაცილებით რთულია, "მერსედესის" უპირატესობა კვალიფიკაციაში გერმანულ გუნდს ფავორიტად აქცევს".

"მიუხედავად ამისა, "ფერარიმ" დაუმორჩილებელმა დატოვა ჩინეთი, - ასკვნის ჟურნალისტი. - ბრძოლა ძალიან მჭიდრო გახდა, იმდენად, რომ მიმდინარე სეზონი, შესაძლოა, ფორმულა 1-ის ახალი კლასიკა გახდეს".

შეცდომა ყველას მოსდის
ტოპ-პილოტებს შორის, ყველაზე დამძიმებულმა შანხაი ვალტერი ბოტასმა დატოვა. ფინელი, რომელმაც "მერსედესში" გადასვლით თავისი ცხოვრების შანსი მიიღო, ჯერჯერობით ვერ ბრწყინავს. ჩინეთში ის ტრასიდან გადავარდა იმ დროს, როცა პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა ედგა.

"სულელური შეცდომები ნებისმიერს ემართება. სეიფტი-კარის რეჟიმში გავარდნილან საუკეთესოები: მიხაელ შუმახერი, დევიდ კულტჰარდი, ხუან-პაბლო მონტოია... მაგრამ ვალტერი ბოტასის მოცურებას შანხაიში ცუდ დროს ჰქონდა ადგილი", - მიაჩნია კრისტიან ნიმერვოლს Motorsport-Total-დან.

"მელბურნში ვალტერიმ წარმატებას მიაღწია, მართალია, ის ლუისზე ნელი იყო, მაგრამ ბევრით არ ჩამორჩებოდა. შანხაის კვალიფიკაციაშიც ბევრი არ წაუგია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ნამდვილი სუპერჩემპიონები, მაგალითად, ლუის ჰემილტონი, ასეთ ბავშვურ შეცდომებს არ უშვებენ, - აგრძელებს გერმანული ჟურნალისტი. - ბოტასი არ არის ჰეიკი კოვალაინენი. ის უფრო ნიჭიერია. მაგრამ, თუ უახლოეს პერიოდში ვერ დაამარცხებს ჰემილტონს, შეიძლება საბოლოოდ მიანიჭონ გუნდში მეორე ნომრის როლი".

ხარისხიანი გასწრებები
სეზონის პირველ რვა გრანპრიში გულშემატკივრებმა მხოლოდ ხუთი გასწრება იხილეს და ატყდა განგაში: ახალი მანქანებით შეუძლებელია გასწრება და რბოლები მოსაწყენი ხდება. მიუხედავად ამისა, ეტაპი შანხაიში საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა და გასწრებაც ბევრი იყო. ჟურნალისტები თანხმდებიან - ეს სწორედ ის არის, რაც ჭირდება "დიდ პრიზებს".

"ჯერჯერობით ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩინეთის გრანპრიმ აჩვენა, რომ გასწრება არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საუკეთესო მანევრებს ვხედავთ, რაც კი აქამდე ყოფილა. პილოტები ხშირად ამბობდნენ, რომ ახალი მანქანების მართვა გაცილებით სასიამოვნოა, მაგრამ ახლა იმასაც ამატებენ, რომ ერთმანეთში ბრძოლაც ძალიან საინტერესო გახდა. სწორედ ეს ენთუზიაზმი დიდი ხანი არ ჰყოფნიდა ფორმულა 1-ს", - მიაჩნია ჟილ რიჩარდსს "გარდიანიდან".

"მთავარი ის არის, რომ დღევანდელი გასწრებები მართლაც რაღაცას ნიშნავს, - აგრძელებს ავტორი. - ერთი წლის წინ, შანხაიმ გვაჩუქა სეზონში ყველაზე მეტი გასწრება - 128. წელს მხოლოდ 32 იყო, მაგრამ გაცილებით მაღალი ხარისხის. შარშან, საკმარისი იყო DRS-ის გააქტიურება, დღეს კი პილოტები ერთმანეთს მოსახვევებში უსწრებენ და გვიჩვენებენ სითამამესა და ოსტატობას. იმედი ვიქონიოთ, ბაჰრეინშიც იგივეს ვიხილავთ".

"გასწრებების რაოდენობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაჩნდა დაუჯერებელი მანევრები, რომელიც ამტკიცებს, რომ 2017 წლის მანქანები აიძულებენ პილოტებს - ნამდვილად იბრძოლონ და იმუშაონ თითოეული გასწრებისთვის. მრავალი წლის განმავლობაში DRS-ის მეშვეობით რუტინული გასწრებების შემდეგ, ეს შესანიშნავი ცვლილებებია", - ასკვნის ESPN.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის შემდეგ...

კვალიფიკაცია
- პოული შანხაიში 63-ე გახდა ლუის ჰემილტონის კარიერაში, ასე რომ, ორი ეტაპის შემდეგ, ბრიტანელს შეუძლია ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდეს აირტონ სენას, რომელსაც კარიერაში 65 პოული აქვს. ხოლო ლიდერი არის მიხაელ შუმახერი - 68 პოული. შესაბამისად, ლუისს აქვს რეალური შანსი - უკვე ამ სეზონში გახდეს აბსოლუტური რეკორდსმენი.

- შანხაიში ჰემილტონმა ზედიზედ მეექვსე პოული მოიპოვა.

- ჩინეთის გრანპრი 150-ე იყო "მერსედესის" ისტორიაში და ზუსტად ნახევარში ამ გუნდის პილოტებმა პოულიდან აიღეს სტარტი.

- ჰემილტონმა და სებასტიან ფეტელმა ისტორიაში მეთორმეტედ გაიყვეს სასტარტო ბილიკის პირველი რიგი. ამ რბოლებში გამარჯვებების მიხედვით თანაფარდობაა - 6:6.

რბოლა
- შანხაიში გამარჯვება 54-ე იყო ლუის ჰემილტონის კარიერაში. ის მეორეა ყველა დროის სიაში და ჩამორჩება მხოლოდ მიხაელ შუმახერს - გერმანელს 91 მოგება აქვს.

- შანხაიში ლუის ჰემილტონმა კარიერაში მესამედ მოიპოვა "დიდი სლემი" - პოული, საუკეთესო წრე, მოგება და ლიდერობა სტარტიდან ფინიშამდე. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ნელსონ პიკეს, რომელიც მეოთხე ადგილზეა. ლიდერობს ჯიმ კლარკი - მას რვა "დიდი სლემი" აქვს.

- შანხაიში ლუის ჰემილტონმა კარიერაში მე-11 ჰეთ-თრიკი შეასრულა - პოული, საუკეთესო წრე და მოგება. ამ მაჩვენებლით ის გვერდით ამოუდგა ჯიმ კლარკს და მასთან მეორე ადგილს იყოფს ყველა დროის სიაში. ლიდერობს მიხაელ შუმახერი - 22 ჰეთ-თრიკი.

- შანხაიში ჰემილტონმა განაახლა საკუთარი რეკორდი. ის ერთადერთია, ვინც ფორმულა 1-ში თავის პირველ 11 სეზონში მინიმუმ ერთი რბოლის მოგებას ახერხებდა.

- ჩინეთში პოდიუმი 106-ე იყო ჰემილტონის კარიერაში. ბრიტანელი გაუთანაბრდა ალენ პროსტს. ამ რეიტინგშიც ლიდერი მიხაელ შუმახერია - 155 პოდიუმი.

- მაქს ფერსტაპენის პოდიუმი - მეათეა ჰოლანდიელი პილოტებისთვის ფორმულა 1-ში.

- ჰემილტონი, ფეტელი და ფერსტაპენი პირველად ავიდნენ ერთად პოდიუმზე.

- ნიკო ჰიულკენბერგმა 118-ე გრანპრი ჩაატარა პოდიუმის გარეშე და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით პიერლუიჯი მარტინის. შესაბამის სიაში ლიდერია ადრიან სუტილი - 128 რბოლა პოდიუმების გარეშე.

- ჩინეთის გრანპრის მე-17 წრეზე ფერნანდო ალონსომ გადალახა კარიერაში 75 ათასი კილომეტრის ზღვარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული