ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ მიზნად დაისახა - გახდეს "ავტოსპორტის სამმაგი გვირგვინის" მფლობელი.

ესპანელი მონაწილეობას აპირებს სახელგანთქმულ რბოლაში - "ინდიანაპოლისის 500 მილი". ალონსო ამისთვის გამოიყენებს საჯინიბო "ანდრეტი ავტოსპორტის" მანქანას. იმის გამო, რომ ამერიკული ეტაპი დროში ემთხვევა მონაკოს გრანპრის, ფერნანდო გამოტოვებს ფორმულა 1-ის რბოლას მონტე კარლოში.

მონაკოში ალონსოს ბრიტანელი ჯენსონ ბატონი შეცვლის, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაასრულა, მაგრამ რჩება "მაკლარენის" სარეზერვო პილოტად ექსტრემალური სიტუაციებისთვის.

"ძალიან მიხარია, რომ წელს მონაწილეობას მივიღებ ინდი-500-ში, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რბოლა ავტოსპორტის კალენდარში.

ადრე არასოდეს
ვმჯდარვარ ინდიკარის ბოლიდში და არ მიმიღია მონაწილეობა ოვალური ტიპის ტრასებზე რბოლებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფად მივეჩვევი.

ესპანეთის გრანპრის შემდეგ, მაშინვე ინდიანაპოლისში გავფრინდები და ვარჯიშს დავიწყებ. სამწუხაროა, რომ არ გამომივა მონაკოში გამოსვლა, მაგრამ ეს იქნება ერთადერთი გრანპრი, რომელსაც 2017 წლის სეზონში გამოვტოვებ - უკვე კანადაში დავჯდები "მაკლარენის" საჭესთან.

ორჯერ მაქვს მოგებული რბოლა მონტე კარლოში. ჩემი ერთ-ერთი მიზანია - გავხდე "ავტოსპორტის სამმაგი გვირგვინის" (მონაკოს გრანპრის, "ინდიანაპოლისის 500 მილის" და "ლე მანის 24 საათის" მოგება) მფლობელი. ასეთი რამ ისტორიაში მხოლოდ ერთ ადამიანს გაუკეთებია - გრემ ჰილს. ძალიან რთული საქმეა, მაგრამ მზად ვარ. არ ვიცი, როდის შევძლებ ლე მანში გამოსვლას, მაგრამ ერთხელ ამას გავაკეთებ. მხოლოდ 35 წლის ვარ და დრო საკმარისზე მეტია", - განაცხადა ალონსომ "მაკლარენის" ოფიციალურ ვებგვერდზე.

ლუისმა ფერნანდო გამორიცხა
"მერსედესის" პილოტს ლუის ჰემილტონს მიაჩნია, რომ ვალტერი ბოტასი გუნდში მომავალ სეზონშიც დარჩება. ამასთან, ბრიტანელმა გამორიცხა, რომ "მერსედესში", შესაძლოა, ფერნანდო ალონსო გამოჩნდეს.

"ალონსო? ეს არ მოხდება, - ამბობს ჰემილტონი. - ვალტერი მნიშვნელოვან სამუშაოს ატარებს. ის ძალიან სწრაფი იყო მელბურნში. ამ პილოტს დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ კარგი პარტნიორობა ჩამოგვიყალიბდა. რა საჭიროა შემადგენლობის შეცვლა? გუნდისთვის მნიშვნელოვანია - დაიცვას ბალანსი ორ პილოტს შორის".

ვერლაინი ამ უქმეებზე დაბრუნდება
"ზაუბერის" პილოტი პასკალ ვერლაინი დაბრუნდება თავისი მანქანის საჭესთან ბაჰრეინის გრანპრიზე, - ამის შესახებ წერს შვეიცარიული საჯინიბოს პრეს-სამსახური.

გერმანელი იძულებული იყო - გამოეტოვებინა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ორი ეტაპი ზურგის ტრავმის გამო, რომელიც სეზონის წინ, "ჩემპიონთა რბოლაში" მიიღო. ამ რბოლებში ვერლაინს იტალიელი ანტონიო ჯოვინაცი ცვლიდა.

თურქეთს კალენდარში აბრუნებენ?
ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის თურქული ეტაპი, შესაძლოა, კალენდარში დაბრუნდეს. როგორც ირკვევა, "სამეფო რბოლების" დირექტორი ჩეიზ კერი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოგანს შეხვდა და თურქეთის გრანპრის დაბრუნების შესაძლებლობა განიხილა.

თურქეთის რბოლა 2005-11 წლებში იმართებოდა. მან კალენდარი საორგანიზაციო პრობლემების გამო დატოვა.

ჰონდა ახალ ძრავს ამზადებს
იაპონური კონცერნის "ჰონდას" სპორტული განყოფილების ხელმძღვანელმა იუსუკე ჰასეგავამ აღნიშნა, რომ მალე ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენს" ახალ ძრავებს მიაწვდიან. იაპონურმა მწარმოებელმა ადრე აღიარა, რომ წლევანდელი სეზონისთვის ძრავების მომზადების პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა.

"ჩვენ უკვე ბაჰრეინში ჩავუტარებთ ტესტებს ახალ ძრავას, - განაცხადა ჰასეგავამ. - თუ ის საკმარისად მძლავრი და საიმედო აღმოჩნდება, გამოვიყენებთ რუსეთის გრანპრიზე, არადა, ამის გაკეთებას ესპანეთში ვაპირებდით. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ვადები. შეგვიძლია მუდმივად გავაუმჯობესოთ ძრავა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული