ფორმულა 1: "მაკლარენი" და "ჰონდა" არ დაიშლებიან

AutoSharing Option
"მაკლარენი" ერთადერთ გუნდად რჩება წლევანდელ სეზონში, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია. დიდ წილად, ეს უკავშირდება "ჰონდას" არასაიმედო და არაკონკურენტუნარიან ძალისმიერ აგრეგატს.

ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ "მაკლარენი" მზად არის - უარი თქვას იაპონურ კომპანიასთან თანამშრომლობაზე და დაუბრუნდეს "მერსედესის" ძრავებს, თუმცა გუნდში ამას ყველანაირად უარყოფენ.

უფრო მეტიც, პირდაპირ კითხვაზე - აპირებს თუ არა "მაკლარენთან" თანამშრომლობის აღდგენას - "მერსედესის" ხელმძღვანელმა ტოტო ვოლფმა ასე უპასუხა: "ფორმულა 1-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ჰონდა" დარჩეს ჩემპიონატში. ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი გადაჭრიან წარმოქმნილ
პრობლემებს".

თავის მხრივ, "მერსედესის" არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ღიად გამოდის "მაკლარენისთვის" ძრავების მიწოდების წინააღმდეგ:

"არ ვუჭერ მხარს ამ იდეას. თუ ორი წლის წინ, მე გამოვდიოდი წინადადებით, რომ "რედ ბულისთვის" ჩვენი ძრავები მიგვეცა, დღეს ამას არ გავაკეთებ. ჩვენ ბოლომდე კონცენტრირებული უნდა ვიყოთ "ფერარისთან" ბრძოლაზე და არ შეგვიძლია ძრავები მივაწოდოთ კიდევ ერთ გუნდს".

თუმცა, გერმანული გამოცემა Auto Motor und Sport-ის ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებაც იმისა, რომ "მაკლარენი" და "ჰონდა" გააგრძელებენ თანამშრომლობას 2018 წელს.

სპორტული რეგლამენტის თანახმად, გუნდი, რომელსაც სურს ძალისმიერი აგრეგატის მიმწოდებლის შეცვლა მომავალი სეზონისთვის, მიმდინარე წლის 6 მაისამდე უნდა შეიტანოს განაცხადი ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში და 15 მაისამდე ფედერაციამ ეს განაცხადი უნდა დააკმაყოფილოს.

ფედერაციის დოკუმენტებიდან კი ვიგებთ, რომ მომდევნო სეზონში მხოლოდ ერთი გუნდი ცვლის ძრავების მიმწოდებელს - "ზაუბერი", რომელმაც გამოაცხადა "ჰონდასთან" მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

"ჰონდაში" დარწმუნებულნი არიან, რომ მალე ყველა პრობლემა ძრავის დაბალ სიმძლავრესთან დაკავშირებით, მოგვარებული იქნება. კომპანიაში ამზადებენ ძალისმიერი აგრეგატის განახლებულ ვერსიას, რომელსაც დებიუტი უნდა ჰქონდეს კანადის გრანპრის დროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული