ფორმულა 1: საინტერესო სტატისტიკა მონაკოს გრან პრიზე

AutoSharing Option
მონაკოს გრანპრის შემდეგ, ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- კიმი რაიკონენის პოული მონაკოში მე-17 იყო ფინელი პილოტის კარიერაში და პირველი მისთვის 2008 წლის საფრანგეთის გრანპრის შემდეგ -128 ეტაპის წინ. ამდენივე პოული ჰქონდა ჯეკი სტიუარტს - ისინი საერთო რეიტინგში მე-17 ადგილს იყოფენ.

- რაიკონენის პოული - ორმოცდამეათეა ფინელი პილოტებისთვის ფორმულა 1-ში.

- პირველად 2012 წლის შემდეგ, "ფერარიმ" ორი პოული მოიპოვა ერთ სეზონში.

- ზედიზედ მესამე წელია, პოულის მფლობელი ვერ ახერხებს მონაკოს რბოლის მოგებას. მსგავსი სერია არ
ყოფილა 1980-82 წლების შემდეგ.

რბოლა
- მონაკოში მოგება 45-ეა სებასტიან ფეტელის კარიერაში და მესამე - ამ სეზონში. ლუის ჰემილტონს ორი მოგება აქვს, ვალტერი ბოტასს - ერთი.

- ფეტელის გამარჯვებამ გააგრძელა გერმანელი პილოტების წარმატებული გამოსვლის სერია მონაკოში - 10 მოგება ბოლო 24 რბოლაში.

- "ფერარიმ" შეძლო მონაკოში "მერსედესის" მოგებათა სერიის (2013-16) შეწყვეტა.

- მეორე ადგილზე გასვლით, კიმი რაიკონენი პირველად ავიდა მონაკოში პოდიუმზე 2009 წლის შემდეგ.

- პირველად გერმანიის 2010 წლის გრანპრის შემდეგ, "ფერარიმ" დუბლის შესრულება შეძლო.

- დანიელ რიკარდო მესამე ადგილზე გავიდა და კარიერაში მეოცედ ავიდა პოდიუმზე. ის გაუთანაბრდა ნინო ფარინასა და ჯონ უოტსონს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რიკარდო მესამედ შევიდა მონაკოს გრანპრის პირველ სამეულში.

- კარლოს საინსმა მეექვსე ადგილი დაიკავა და კარიერაში თავისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა - შარშან ის მეექვსე იყო ესპანეთში, აშშ-სა და ბრაზილიაში. საინსის ამ წარმატების წყალობით, ესპანელ პილოტებს ფორმულა 1-ში ორი ათასი ქულა დაუგროვდათ.

- პირველად 2011 წლის შემდეგ, მონაკოში პოდიუმზე "მერსედესის" არც ერთი პილოტი არ გვინახავს. გარდა ამისა, შეწყდა "მერსედესის" სერია, რომელიც ზედიზედ 21 პოდიუმს მოიცავდა. სიგრძის მიხედვით, ეს იყო მეოთხე სერია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ყველაზე გრძელი სერია ეკუთვნის "ფერარის" - ზედიზედ 53 პოდიუმი 1999-2002 წლებში.

- პირველად ისტორიაში, "ჰაასმა" ორივე პილოტი მოახვედრა ქულათა ზონაში.

- პირველად "ფორმულა 1-ში დებიუტის შემდეგ, "მაკლარენმა" ქულა ვერ აიღო სეზონის პირველ ექვს რბოლაში.

- მე-13 ადგილზე გასვლით, სერხიო პერესმა შეწყვიტა 15 რბოლისგან შემდგარი სერია, რომლის დროსაც, ის მინიმუმ ერთი ქულის აღებას ახერხებდა. ახლა, ყველაზე გრძელი მოქმედი სერია ფეტელსა და ჰემილტონს აქვთ - 11-11 შედეგიანი რბოლა.

- ჯენსონ ბატონი გაუთანაბრდა ფორმულა 1-ში სტარტების რაოდენობით მიხაელ შუმახერს - 306. ფორმულა 1-ში მხოლოდ რუბენს ბარიკელოს აქვს მეტი სტარტი - 322.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული