- როგორ მიმდინარეობდა ვარჯიშები ზამთრის არდადეგების დროს?
ჯენსონ ბატონი: ზამთრის დასვენება შესანიშნავი გამოვიდა. ჩემს განკარგულებაში იყო მთელი დეკემბერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვდუნებულიყავი. ვიყავი ჰავაის კუნძულებზე – მზე, ზღვა და ქვიშა! მოსალოდნელი მომქანცველი სეზონის წინ დასვენება და ხარისხიანი ვარჯიში მართლაც ძალიან სასიამოვნო გამოდგა. მაგრამ მაინც კარგია, რომ ჩემპიონატი მალე დაიწყება.
სერხიო პერესი: “მაკლარენში” მოსვლის მომენტიდან ჩემი მზადება შესამჩნევად გაუმჯობესდა.
- როგორ ვითარდებოდა მოვლენები ესპანეთის ტესტებზე?
სერხიო პერესი: ტესტები კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სხვა გუნდების მსგავსად, სეზონის ამ სტადიაზე ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობისა და პროგრესის გაგრძელება.
ჯენსონ ბატონი: ტესტების მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ – სეზონის დასაწყისი ყოველთვის რთულია, რადგან თქვენ ცდილობთ გამოიცნოთ, რით არიან დაკავებულნი სხვები. ყოველთვის ვამბობთ, რომ არ გვაღელვებს მეტოქეების საქმიანობა, რადგან საკუთარი ამოცანების შესრულებაზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს მართალია, მაგრამ ყოველთვის გვინდა ვიცოდეთ, რა ფორმაში არიან სხვები.
თუ MP4-28-ზე ვილაპარაკებთ, საკმაოდ კარგი მანქანა გვყავს. რამდენიმე პრობლემა გვქონდა, რამაც ოდნავ უკან დაგვწია, მაგრამ ვგრძნობ, მელბურნში ძლიერები ვიქნებით. თუმცა, ავსტრალიის გრანპრიმდე აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი წრე გავიაროთ ტესტებზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დამაჯერებლობა ვიგრძნოთ იმ მომენტამდე, სანამ პარასკევს თავისუფალ პრაქტიკაზე გავიყვანთ ბოლიდებს.
- საერთო ჯამში, რა განწყობით ხვდებით ავსტრალიის გრანპრის, რომლითაც 17 მარტს ახალი სეზონი იხსნება?
სერხიო პერესი: ავსტრალია ყოველთვის მომწონდა. ყველა მოუთმენლად ელოდება სეზონის დაწყებას. ჩვეულებრივ, მელბურნში ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა, ალბერტ-პარკზე რბოლები კი ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს.
მელბურნში ძალიან საინტერესო ტრასაა, რამდენიმე სწრაფი სექტორით, მაგრამ იქ ძალიან ნელი მოსახვევებიც გვხვდება. ხანდახან ბარიერთან ძალიან ახლოს გიწევს ჩავლა. ასე რომ, დიდია შეცდომის დაშვების ალბათობა. ჩემი აზრით, ეს არის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გრანპრი.
ჯენსონ ბატონი: მელბურნი - იდეალური ადგილია სეზონში პირველი რბოლის ჩასატარებლად. ავსტრალიელ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ ფორმულა 1, თავად ქალაქი კი, უბრალოდ, ბრწყინვალეა. მიყვარს ეს რბოლა, რადგან სეზონის დასაწყისში ყველა შესანიშნავ ხასიათზეა. წლის ბოლოს, მომქანცველი სეზონის შემდეგ, ჩვენი ინჟინრები ძალიან დაღლილები არიან, მაგრამ პირველი გრანპრის წინ ყველას ღიმილი აკერია პირზე და ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა. გარდა ამისა, ალბერტ-პარკზე სხვადასხვა სეზონში კარგი შედეგების მიღწევას ვახერხებდი.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იქ სამი რბოლა მოვიგე. ასე რომ, ვეცდები მეოთხედაც გავიმარჯვო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოლო ვარჯიში დაიწყო: ტესტების პირველი დღე უებერმა მოიგო