მონაკოს გრანპრი დევიდ კულტჰარდის თვალით

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს, შოტლანდიელ დევიდ კულტჰარდს მონაკოს გრანპრი არ მოეწონა, რის შესახებაც მან გულახდილად ილაპარაკა BBC Sport-ის ვებგვერდზე.

დევიდ კულტჰარდი:

"ჩვეულებრივ, მე პირველი გამოვდივარ ფორმულა 1-ის დასაცავად. აქ არის ყველაზე მაღალი სიჩქარე, საუკეთესო მანქანები, საუკეთესო პილოტები - ეს არის ავტოსპორტის მწვერვალი. ფორმულა 1 იზიდავს მაღალი დონის პროფესიონალებს ყველა სფეროში - იქნება ეს ჟურნალისტიკა, საბანკეტო სერვისი და თუ სხვა რამ.

მაგრამ არ ივარგებს, თუ პილოტები თავიანთ შესაძლებლობებზე ნელა იმოძრავებენ ტრასაზე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მსგავსი მოვლენა საკმაოდ დიდი ხანია შეიმჩნევა
- ფაქტობრივად, იმ მომენტიდან, როცა 2011 წელს "პირელი" გახდა ფორმულა 1-ის
თვის საბურავების მიმწოდებელი, მაგრამ პირადად მე ამას ვერ ვგრძნობდი მონაკოს გრანპრიმდე. ის, რაც მონტე კარლოში ვნახეთ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ეს ძალიან დასანანია.

განვლილ რბოლაში ძალიან ბევრი ავარია ვნახეთ და ყველა იმის გამო მოხდა, რომ პელოტონი იყო ძალიან მჭიდრო. ეს სრულიადაც არ აკნინებს ნიკო როსბერგის დამსახურებას - მან ყველაფერი სწორად გააკეთა და მთელი უქმეების განმავლობაში საუკეთესო იყო.

ხოლო ნიკოს თანაგუნდელს "მერსედესში" - ლუის ჰემილტონს შეიძლება ვუთანაგრძნოთ. გუნდს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ რაღაც მიზეზით მან გზად ბოქსებისკენ დრო დაკარგა, როცა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა იყო გამოსული. ამის გამო გაუშვა წინ "რედ ბულის" პილოტები.

სებასტიან ფეტელმა და მარკ უებერმა კარგი რბოლა ჩაატარეს, მკაცრად მიჰყვნენ ტაქტიკას და ავსტრალიელმა განსაკუთრებული ოსტატობა გამოავლინა, როცა ჰემილტონმა მისი გასწრება სცადა შიდა რადიუსით. ეს იყო პროფესიონალიზმის ნამდვილი მაგალითი,
მაგრამ რბოლის რამდენიმე მონაწილეზე იგივეს ვერ ვიტყვი.

მანერა, რომლითაც მოძრაობდა სერხიო პერესი, კონტრასტულია უებერისა და ჰემილტონის მუშაობასთან. ის მონდომებით მიიწევდა წინ, ხშირად მიდიოდა გასწრებაზე და ფიქრობდა, რომ უნაკლო იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა.

ერთი მხრივ, პერესი კარგ გასწრებებს ასრულებდა, მაგრამ ფერნანდო ალონსოსა და კიმი რაიკონენზე შეტევისას მან ისარგებლა იმით, რომ ეს პილოტები, მისგან განსხვავებით, ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძვიან.

მას უნდოდა დაენახვებინა ყველასთვის, რომ ასევე ძლიერი პილოტია, მაგრამ უტევდა იმათ, ვისთვისაც აუცილებელია ყოველ გრანპრიში ქულების დაგროვება, რათა პრეტენზია გამოაცხადონ ჩემპიონატში გამარჯვებაზე. ამიტომაც ამ ორთაბრძოლებს ტრასაზე არასამართლიანი ხასიათი ჰქონდა.

როცა პერესი რაიკონენს შეეჯახა, ფინელის "ლოტუსი" ტრასის შუაში იმყოფებოდა და მარცხნივ მოძრაობას აგრძელებდა, რადგან კიმის საკუთარი პოზიციის დაცვა ჰქონდა განზრახული. პერესი უნდა მიმხვდარიყო, რომ შანსი არ ჰქონდა. შეიძლება იმაზე კამათი, რომ რაიკონენს შეეძლო გვერდზე გამდგარიყო, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს. სერხიოს გასწრებები წარმატებით მთავრდება იმ შემთხვევაში, თუ მას დამთმობი მეტოქეები ხვდებიან ტრასაზე.

ზუსტად ასეთივე ფილოსოფიას მისდევდა მიხაელ შუმახერი. ის ცდილობდა, დაეკავებინა პოზიცია მოსახვევის შიდა მხარეს: "მე შენ გაგასწრებ ან ერთმანეთს შევეჯახებით". ხშირ შემთხვევაში, მეტოქეები დათმობაზე მიდიოდნენ, მაგრამ ყველა ასე არ იქცევა ტრასაზე.

იქამდე, სანამ პერესს ეს მეთოდი გასდის, ის გმირად წარმოიდგენს თავს, მაგრამ ერთხელ ფიასკოს ვერ ასცდება, როგორც ეს იყო მონაკოში, როცა რაიკონენმა არ მოისურვა მისთვის გზის დათმობა.

არ მინდა იმის თქმა, რომ პერესი არასწორი იყო, მაგრამ ნებისმიერი გასწრება, რომელიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას, შეიძლება იგივეთი დასრულებულიყო, თუ სხვა პილოტებიც ისევე მოიქცეოდნენ, როგორც ეს კიმიმ გააკეთა.

მაგალითად, ფერნანდო ალონსოს შეეძლო დარჩენილიყო ტრაექტორიაზე და არ მოეჭრა მოსახვევი, მაგრამ მან ოდნავ გვერდზე გადგომა არჩია პერესთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად. ამიტომაც, როცა მოგვიანებით ალონსოს მექსიკელისთვის პოზიციის დაბრუნება მოსთხოვეს, ჩემი აზრით, ეს მეტად მკაცრი გადაწყვეტილება იყო.

საერთოდაც, ალონსომ მისთვის არადამახასიათებელი ფრთხილი და მშვიდი რბოლა ჩაატარა. მომეჩვენა, თითქოს საჭის მოწყობილობის მხრივ ჰქონდა პრობლემა, რაც ხელს უშლიდა დაცვაში. მთელი რბოლა მას არა შეტევა, არამედ დაცვა მოუწია, რაც არადამახასიათებელია ესპანელისთვის.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ნაწილობრივ ბოლიდთან დაკავშირებული პრობლემებით იყო გამოწვეული, რის გამოც შემცირდა მოჭიდების ძალა: თავიდან მისი "ფერარის" ფრთას პლასტიკური პაკეტი მიეკრო, მოგვიანებით, პიტსტოპის შემდეგ, მანქანის ძირში რაღაც ნამსხვრევი გაიჭედა.

ამით ნაწილობრივ აიხსნება სიჩქარის დეფიციტი, მაგრამ, საერთო ჯამში, "სკუდერია" გასულ უქმეებზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. არადა, წინა რბოლებში მეტად კონკურენტუნარიანი ჩანდა. მაგრამ ალონსოს დიდი თამაში აქვს წამოწყებული და მან საკმაოდ კარგად ჩაატარა სეზონის სტარტი.

ცალკე სალაპარაკო თემაა რაიკონენის თანაგუნდელი რომენ გროსჟანი. მის შესახებ ან არაფერი გვესმის, ან კრიტიკის ქარცეცხლში ექცევა. მონაკოში ის ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ ხშირად ვერ აკონტროლებდა თავის მოქმედებებს. ერთი სარბოლო უქმეების განმავლობაში ოთხი ავარია - აბსოლუტურად დაუშვებელია.

არ მინდა რომენის კრიტიკა - ის სასიამოვნო ახალგაზრდა და სწრაფი პილოტია, მაგრამ ძალიან ხშირად ხვდება ავარიაში - ან თავისი მიზეზით, ან უიღბლობის გამო.

კარგი სიჩქარე ყველაფერს არ ნიშნავს. შენ უნდა შეგეძლოს მისი მორჯულება. ფორმულა 1-ის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ პოტენციურად ნიჭიერი პილოტები, მაგრამ სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწიეს. თუ გროსჟანი ვერ იპოვის სწორ ბალანსს სიჩქარესა და წინდახედულობას შორის, ის ამ უიღბლოთა სიაში ჩაეწერება".

კიმის ყველაზე მეტი გასწრება ჰქონდა
ფინელ კიმი რაიკონენს მონაკოს გრანპრიზე მინიმუმ მეხუთე ადგილის დაკავების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ "მაკლარენის" პილოტის, სერხიო პერესის ზედმეტად აგრესიულმა მოქმედებამ ის გამოიწვია, რომ მათ მანქანებს შორის მოსახვევში კონტაქტს ჰქონდა ადგილი. შედეგად, "ლოტუსის" პილოტს ბოქსებში შესვლა მოუწია: მისი ბოლიდის უკანა საბურავი დაზიანებული იყო.

დაუგეგმავმა პიტსტოპმა ფინელი ქულების ზონის მიღმა გადააგდო და ისე ჩანდა, რომ შეწყდებოდა რაიკონენის 22-რბოლიანი სერია, რომლის დროსაც კიმი მინიმუმ ერთ ქულას მაინც იღებდა ეტაპზე, მაგრამ "ლოტუსის" წევრმა ისევ გამოამჟღავნა თავისი მაღალი კლასი: ბოლო ექვსი წრის განმავლობაში ხუთ მეტოქეს გაუსწრო - ეს საუკეთესო მაჩვენებელია 2013 წლის მონაკოს გრანპრის მონაწილეებს შორის.

საბოლოოდ, რაიკონენმა მე-10 ადგილი დაიკავა და ახლა მის ანგარიშზეა ზედიზედ 23 შედეგიანი რბოლა.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა მოიყვანა საინტერესო სტატისტიკა, რითაც ვრწმუნდებით, რომ რაიკონენის გმირობა მსგავსი ხასიათის ხუთ საუკეთესო მიღწევას შორის უნდა განვიხილოთ, რომელსაც სხვადასხვა წელს გვიჩვენებდნენ მონაკოში ლეგენდარული პილოტები.

1993 წელს ფრანგმა ალენ პროსტმა ფალსტარტის გამო მიიღო ჯარიმა stop-and-go, რის შემდეგაც საჩემპიონო "უილიამსის" ბოლიდით დაკარგული პოზიციების დაბრუნება დაიწყო და 12 მეტოქეს გაასწრო.

1990 წელს ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა ასევე "უილიამსის" ბოლიდით ცხრა პილოტის გასწრება შეძლო.

2006 წელს გერმანელი მიხაელ შუმახერის შედეგი კვალიფიკაციაში გააუქმეს, რის გამოც შუმის ბოლო ადგილიდან მოუწია სტარტის აღება და შვიდი პილოტი ჩამოიტოვა უკან.

კიმიმ თავისი ხუთი გასწრებით ამ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. ის ამ პოზიციას იყოფს... სერხიო პერესთან, რომელმაც ფინელს კვირის რბოლა გაუფუჭა. მექსიკელმა შარშანდელ გრანპრიზე ხუთი წარმატებული მანევრი შეასრულა.

სხვათა შორის, კიმი რაიკონენი წლევანდელი ჩემპიონატის განვლილი ექვსი ეტაპის შემდეგ ლიდერობს გასწრებების რაოდენობით: მის ანგარიშზე 25 წარმატებული მანევრი მოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მონაკოს გრანპრი: ნიკო როსბერგი - მონაკოს ახალი თავადი
მკითხველის კომენტარები / 1 /
კულდჰარდი ნამდვილად რეალურად აფასებს სიტვაციას და მემგონი პირელი ნამდვილად წავა
avtuko
18:20 29-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული