კანადის გრანპრის წინ: რას ვნახავთ მონრეალში

AutoSharing Option
მომავალ უქმეებზე კანადის ქალაქი მონრეალი ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპს უმასპინძლებს.

მონრეალში რბოლა, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ტაქტიკის მხრივ. იქ ძალიან მაღალია ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის ალბათობა, ასფალტის საფარი ტრასასთან მოჭიდების ძალის დაბალ დონეს უზრუნველყოფს და არ არსებობს პრობლემა გასწრების მხრივ. ბრიტანელი ექსპერტი და კომენტატორი ჯეიმს ალენი თავის აზრს გვიზიარებს გუნდების მოსალოდნელ ტაქტიკაზე.

ეს რბოლა ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს და ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ლუის ჰემილტონი, რომელიც წლევანდლამდე "მაკლარენის" ბოლიდით გამოდიოდა, მონრეალში სამჯერ მივიდა ფინიშთან პირველი: შეძლებს თუ არა ის ამჯერად "მერსედესში"
თავისი თანაგუნდელის ნიკო როსბერგის დამარცხებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მონაკოს გრანპრის მოიგო.

მონრეალში კვალიფიკაცია არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტრასაზე გასწრება საკმაოდ იოლია. ეს გავლენას ახდენს ტაქტიკის არჩევაზე, გუნდები უფრო მეტ პიტსტოპზე აკეთებენ ორიენტაციას... კანადურ ტრასაზე არის რამდენიმე სწორი მონაკვეთი, ნაკლებია სწრაფი მოსახვევები. ძალიან მნიშვნელოვანია ნელი მოსახვევებიდან გამოსვლისას ტრასაზე საბურავების მოჭიდების დონე. გარდა ამისა, მანქანას სჭირდება მაქსიმალური სიჩქარე სწორ მონაკვეთებზე.

ჟილ ვილნევის ავტოდრომი ჩვეულებრივი ტრასა არ არის, რადგან მისი დიდი ნაწილი კუნძულ ნოტრ-დამის ქუჩებზე გადის. უქმეების დასაწყისში ასფალტი ძალიან ჭუჭყიანია, მაგრამ საფარის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, თუმცა მოჭიდების დონე მაინც დაბალი რჩება. ამიტომაც, ტაქტიკოსებს იმის გამოცნობა უწევთ, როგორ მდგომარებაში იქნება საბურავი რბოლის დროს.

ტრასის მახასიათებლები
წრის სიგრძე: 4.36 კმ. რბოლის დისტანცია: 70 წრე - 305 კმ. სულ 12 მოსახვევი.
მაქსიმალური სიჩქარე გააქტიურებული DRS-ის სისტემით – 326 კმ/სთ და 316 კმ/სთ მის გარეშე.
აქსელერატორზე სრულად მიჭერილი ფეხით პილოტები წრის 60 პროცენტს გადიან, წრის გავლისას დამუხრუჭებაზე დროის 17 პროცენტი იხარჯება; აქ არის დამუხრუჭების 13 ზონა, მუხრუჭების ცვეთა – ძალიან მაღალია.
დისტანციის გასავლელად საჭიროა 142 კგ საწვავი. ერთ წრეზე მანქანა ხარჯავს 2.0 კგ. საწვავს. პიტსტოპზე დროის დანაკარგი - 11.2 წამია.

ძალთა განლაგება
ბოლო სამი წელი კანადაში "მაკლარენი" იმარჯვებდა და წესით, ამ ტრასაზე უკეთ უნდა გამოვიდეს, ვიდრე ჩემპიონატის წინა ეტაპებზე. ბრიტანული საჯინიბო ბევრს მუშაობს სეზონის ცუდი სტარტის გამოსასწორებლად.

"ფერარი" ტრადიციულად დამაჯერებლად გამოდის მონრეალში, მაგრამ ამ გუნდს კანადაში 2004 წლის შემდეგ არ მოუგია. მონაკოში "სკუდერიას" პრობლემები შეექმნა მოსახვევებიდან გამოსვლისას ასფალტთან მოჭიდების მხრივ- კანადურ ტრასაზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ისტორიულად, "რედ ბული" ვერ აღწევს კანადაში მაღალ შედეგებს, რადგან მონრეალში მოჭიდების ძალა - მთავარი არ არის. შარშან, სებასტიან ფეტელმა პოულიდან აიღო სტარტი, მაგრამ მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. მას კანადაში არასოდეს გაუმარჯვია, მაგრამ წელს ძალიან კარგად გამოდის და პირველ ექვს რბოლაში მეოთხე ადგილზე ქვემოთ არ ყოფილა.

თუ პილოტებზე ვილაპარაკებთ, მონრეალური ტრასის "მეფედ" ლუის ჰემილტონი უნდა მივიჩნიოთ, რომელსაც აქ სამჯერ გაუმარჯვია. თითოჯერ აქვთ მოგებული ჯენსონ ბატონს, ფერნანდო ალონსოსა და კიმი რაიკონენს.

საბურავები და სხვა ფაქტორები
"პირელის" მონრეალში Medium-სა და SuperSoft-ის საბურავები ჩააქვს. თუმცა გასულ წელს კანადაში იყენებდნენ იმ შემადგენლობას, რაც წელს მონაკოში ვიზილეთ – Soft და SuperSoft.

იტალიელებმა უარი თქვეს თავდაპირველ გეგმაზე - მონრეალში რბოლის პირობებში გამოეცადათ ახალი უკანა საბურავები, რომლებიც კარკასის კონსტრუქციით განსხვავდებიან წინამორბედისგან. ამის ნაცვლად, გუნდები მიიღებენ ექსპერიმენტული საბურავების ორ დამატებით კომპლექტს, ოღონდ მათ მხოლოდ პარასკევის პრაქტიკისას გამოიყენებენ.

ასფალტის საფარი მეტად გლუვია, ხოლო გრძელი მოსახვევების არარსებობა იმას ნიშნავს, რომ საბურავებზე შედარებით ნაკლები დატვირთვა მოვა. საბურავების რესურსის გასაზრდელად ძალიან მნიშვნელოვანია უკანა საბურავების ზედმეტი ტრიალის შემცირება. ეს მაშინ ხდება, როცა პილოტი სიჩქარეს კრეფს ნელი მოსახვევიდან გამოსვლის დროს.

საბურავების ამ ორ შემადგენლობას შორის სიჩქარეში სხვაობა, სავარაუდოდ, წრეზე ერთი წამი იქნება. თუ უქმეების დროს მზიანი ამინდი იქნება, პილოტებს ხშირი პიტსტოპების შესრულება მოუწევთ.

პიტსტოპების რაოდენობა და სავარაუდო დრო
მონრეალში წარმატებული ტაქტიკა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ გაგევლო დისტანცია მაქსიმალურად შესაძლებელი მაღალი სიჩქარით, ასევე გამოგეჩინა გონიერება იმ შემთხვევაში, თუ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდებოდა.

გასულ წელს, "რედ ბულმა" და "ფერარიმ" "მაკლარენთან" წააგეს იმის გამო, რომ მთელი დისტანციიის გავლას ერთი პიტსტოპით ცდილობდნენ. ამ დროს, ჰემილტონმა უფრო აგრესიული ტაქტიკა აირჩია ორი პიტსტოპით და გაიმარჯვა. ამ ტრასაზე იოლია გასწრება და რბოლის დროს პოზიცია ისეთი კრიტიკული არ არის, როგორც სხვა ავტოდრომებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კვალიფიკაციის უკეთ ჩატარება, რბოლის მაქსიმალურად სწრაფად გავლა დაა უკვე ფინიშთან გამოჩნდება, ვინ რას მიაღწია, რადგან აქ გასწრება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

მნიშვნელოვანია დისტანციის მაქსიმალურად დიდი ნაწილის გავლა თავისუფალ ტრასაზე და რამდენიმე გუნდი, სავარაუდოდ, შეეცდება ამის გამოყენებას. თუ ვინმე ისე ვერ შეძლებს კვალიფიკაციის ჩატარებას, როგორც წინასწარ გეგმავდა, მაშინ მან შეიძლება გამოიყენოს აგრესიული ტაქტიკა გვიანი პიტსტოპით, რათა პილოტი დიდხანს დარჩეს თავისუფალ ტრასაზე. პიტლეინი მონრეალში მოკლეა, პიტსტოპები ძალიან სწრაფად ტარდება - დაახლოებით 18.7 წამში. ამის გამო, გუნდების ტაქტიკოსებმა, შესაძლოა, განიხილონ ტაქტიკური სქემა მეტოქეზე უფრო მეტი პიტსტოპით.

ისტორიულად, რბოლისადმი ამგვარი მიდგომა უფრო ამართლებს, ვიდრე ბოქსებში ერთი გაჩერება. მეორე პიტსტოპიდან გამოსული მანქანა, მართალია, იმ ბოლიდის უკან აღმოჩნდება, რომელიც მხოლოდ ერთხელ იყო ბოქსებში, მაგრამ ფინიშთან ახლოს, საბურავების ცვეთის მაღალი ხარისხის გამო, დაწინაურებულის გასწრება პრობლემას აღარ წარმოადგენს. მეორეს მხრივ, უსაფრთხოების მანქანის გამოჩენა იმას აწყობს, ვინც ერთ პიტსტოპზე მიდის, ამიტომაც, მონრეალში ბევრი რამ დამოკიდებულია იღბალზე.

პეისკარის გამოჩენის ალბათობა
მონრეალში უსაფრთხოების მანქანის ტრასაზე გასვლის ალბათობა ძალიან მაღალია - დაახლოებით 67 პროცენტი. ბოლო 11 კანადური რბოლიდან შვიდში პეისკარის ჩარევა გახდა საჭირო. საქმე ისაა, რომ ტრასა მოქცეულია ბარიერებში, ცოტაა უსაფრთხოების ზონები და აქვეა "ბრმა" მოსახვევები, რის გამოც, ავარია ხშირი მოვლენა გახლავთ. რბოლის მომსახურე პერსონალს ტრასის წესრიგში მოსაყვანად მეტად სახიფათო პირობებში უწევს მუშაობა.

სტარტი
მონრეალში პირველ მოსახვევამდე აჩქარები მეტად მოკლეა, ამიტომაც, სტარტზე ხშირად ხდება ავარიები. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტრასაზე პირველი მოსახვევის გავლა რამდენიმე ტრაექტორიით არის შესაძლებელი, შესაბამისად, არსებობს პოზიციების მოგების შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულს" გენიოსი ტოვებს?
მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერ სტატიებს დებთ ფორმულაზე,მადლობა დიდი,ასე გააგრძელეთ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული